ალილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალილო - ქრისტეშობის დღესასწაულის მილოცვა-მეკვლეობის წესი საქართველოში.

დღესასწაულის წინა საღამოს, მას შემდეგ, რაც ოჯახებში ყველა საწესო მოქმედებას – ხორბლის ფაფის (კორკოტის) მომზადებას, სალოცავი პურების გამოცხობას – შეასრულებდნენ, ახალგაზრდების ჯგუფი სოფელს კარდაკარ დაივლიდა გალობა-სიმღერითა და შობის მოლოცვით. მათ მეალილოეებს (მგალობლებს), ანუ ქრისტეს მახარობლებს, „შობის მახარობლებს“ უწოდებდნენ. მასპინძლები მათ სურსათ-სანოვაგით ასაჩუქრებდნენ, სავალდებულო იყო კვერცხი – სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო. შეგროვებული სურსათით მეალილოეები იმ ოჯახში მოილხენდნენ, სადაც დაათენდებოდათ, ან წინასწარ ჰქონდათ დათქმული. ზოგჯერ სახალისოდ ახალგაზრდები მოკლულ ყვავს მიაბამდნენ გრძელ ჯოხს და ჩამოვლისას სარკმელში „შეახედებდნენ“ სიმღერით, „ალილო და ქრისტე ღმერთო, ქრისტე მოსრულაო, ყვავსა ფეხი დაზრობია, კარგად მოსულაო, ვინც კაი პურს გამოგვიცხობს, კაის ყმისა აკავანი...“ (თუშეთი). დიასახლისი მათ საგანგებოდ გამომცხვარი კოტორით (ქადით) ასაჩუქრებდა, ტიკშიც ცოტაოდენ არაყს ჩაუსხამდა. თბილისში ძველად მეალილოეებს მოლოცვის შემდეგ საგანგებოდ ნაბდის ქვეშ დამალული სპილენძის წვრილი ფულით ასაჩუქრებდნენ, ტკბილი სასმლითა და გოზინაყით უმასპინძლდებოდნენ. ხშირად მეალილოეებს მღვდელი წინამძღოლობდათ, წინ კი ღვთისმშობლის ხატი მიჰქონდათ. ალილოზე – შობის შემოლოცვაზე – ჩამოვლა გათენებამდე გრძელდებოდა.

„ალილოს“ უწოდებდნენ „მეფის განადირების“ საქორწილო ჩვეულებასაც (იმერეთი) – ქორწილის მეორე დღეს მაყართან ერთად ნეფე სოფელში ჩამოივლიდა, მას უმასპინძლდებოდნენ, დალოცავდნენ, გარეთ გამოსვლისას კი მასპინძელი ნეფეს ქათამს „აუფრენდა“. მასაც უნდა ემარჯვა და ხმლის ერთი მოქნევით წაეცალა თავი ფრინველისათვის. ასე შეგროვებულ ქათმებს შინ მიიტანდნენ, მოხარშავდნენ და საქორწილო სუფრაზე მიართმევდნენ ნეფეს. „განადირებიდან“ მობრუნებულები ასე მღეროდნენ: „ჩვენ მეფეს გაუმარჯვნია ბაზალეთისა ტბაზედა, ხარირემი მოუკლავს, ტყავი ჰკიდია მხარზედა“.

ალილოს ტექსტებში („ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილის პური დავარიგე“ და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი. ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყოველ კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წინაქრისტიანული ქართული ჰანგები უდევს საფუძვლად. სავარაუდოა, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო ჭონა. ეკლესია მეალილოეებს შობის პირველ მახარობლებს – ბეთლემელ მწყემსებს – ამსგავსებს. თავად სიტყვა „ალილო“ ეკლესიური ალელუიას ხალხ. ფორმაა.

გ.ჩინჩალაძე

ლიტერატურა

  • ბრეგაძე ნ.,ზოგიერთი საქორწინო წეს-ჩვეულება საქართველოში, კავკასიოლოგიის საზოგადოებრივი ინსტიტუტის „მოამბე“, 2003, #8;
  • საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1983;
  • ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 1991;
  • ქართული ხალხური სიტყვიერება (ქრესტომათია), ქს. სიხარულიძის გამოც., თბ., 1970

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები