ალიაშვა
ალიაშვა – (აფხ. Алиашә ), უკეთურ ხეთა პერსონიფიცირებული სული აფხაზური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით.
აფხაზთა წარმოდგენით, უბედურების მომტან ხეებს განეკუთვნებიან: ალვის, წვრილი ხურმისა და თუთის ხეები, ტირიფი და სხვა. თუ საცხოვრებლად შერჩეულ ადგილზე რომელიმე მათგანი ხარობს, აუცილებლად მოჭრიან; თუმცა ტრადიციად ჰქონდათ და აქვთ დღესაც საფლავებზე ტირიფისა და ალვის ხის დარგვა. თუ წმინდა ხეებისაგან მზადდებოდა ავი თვალის, მეხისა და სხვა უბედურებისაგან დამცავი ამულეტები („ხიძირი“), უკეთურ მცენარეთაგან მხოლოდ მაგიური თვისებების მქონე მავნებლობის მომტანი ავგაროზები კეთდებოდა.
ალვის ხისა და ტირიფის მიმართ იგივე დამოკიდებულებას იჩენენ აბაზები, თუმცა ამ უკანასკნელებთან და აფხაზებთან ახლო მდგომი უბიხები თეთრფოთლებიან ალვას (თეთრი ხვალო – Populus alba) წმინდა ხედ თვლიდნენ. ამ ხის ქვეშ გაიმართა ცნობილი კრება, რომლის გადაწყვეტილებით უბიხები თურქეთში გადასახლდნენ. ალვის ხეზე აფხაზებისა და აბაზების წარმოდგენების მსგავს სურათს ვხვდებით ბერძნულ მითოლოგიაშიც (შდრ. პერსეფონას კორომი აიდაში, აპოლონის მიერ დრიოპას გადაქცევა ალვის ხედ და სხვ.).
ლიტერატურა
- Л.Х. Акаба. Исторические корни архаических ритуалов абхазов. Сух., 1984;
- В.В. Верещагин. Путевые заметки по Черноморскому округу. М., 1874;
- А.Ф. Лосев. Античная мифология в ее историческом развитии. М., 1959;
- ა. მაყაშვილი. ბოტანიკური ლექსიკონი თბ., 1998.