ალევის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალევის სამების ეკლესია.
VIII-IX საუკუნეები

ალევის სამების ეკლესია - VIII-IX საუკუნეები ერთნავიანი ეკლესია მდ. ქსნის მარცხენა შენაკადის ალეურის ხეობაში, მთის თხემზე, ახლა ახალგორის რაიონშია, ლოწობნის ციხის მახლობლად, მის ჩრდილოეთით. ცნობილია ოქროსკარიანი სამების სახელით, თუმცა თვით ეკლესია, დ. ბაქრაძის ცნობით, ღვთისმშობლის სახელობისაა.

დიდად სახელგანთქმული და მდიდარი სალოცავი იყო, რომელიც შორეული ადგილებიდან იზიდავდა მლოცველებს. დღეობა იმართებოდა ძველი სტილით 15 აგვისტოს. ვახუშტი მას უჩვეულოდ დიდ ადგილს უთმობს: „ამ ალევის მთის თხემსა არს ეკლესია უგუნბათო, მჭვრეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არს სიმრავლე ხატთა და ჯვართა ოქროსა და ვერცხლისათა, და სამსახურებელნი ეკლესიისანი მრავალნი. კარნი აქუს ოქროსი, რომელი უქმნეს სპარსთა, რა ჟამს წარიდეს ხატი მისი, მუნ სასწაულის მხილველთა უქმნეს კარნი ოქროსანი და დასდვეს ურემსა ხარბმულსა და მოიღო მუნ“. ძნელი სათქმელია, რას ემყარება გადმოცემა ოქროს კარის შესახებ (რაც, ცხადია, დაუჯერებელია), შესაძლებელია, ეკლესიის სიმდიდრეს ან იქნებ კარი მოჭედილი იყო ლითონის ფურცლებით.

დ. ბაქრამის ცნობით, ალევის ეკლესიის აშენებას, ისევე როგორც ლომისისას, ხალხი დავით აღმაშენებელს მიაწერდა. ნამდვილად ეკლესია ბევრად უფრო ძველია. ხუროთმოძღვრულ მონაცემთა მიხედვით მას გარდამავალ ხანას - VIII-IX საუკუნეებს - მიაკუთვნებენ. ეს ერთნავიანი შენობაა სწორკუთხა საკურთხევლით, რომელიც ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით არის გადახურული (შეად. ლომისა, ცხავატი და მთელი რიგი სხვა ერთნავიანი ეკლესიებისა და სამეკლესიიანი ბაზილიკებისა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში). სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს მინაშენები, რომელთაც, ალბათ, დღეობის დროსაც იყენებდნენ. ნაშენია წაგრძელებული, წესიერი ფორმის ბლოკებით, რომელთაც არც მაინცდამაინც სუფთად გათლილი ზედაპირი აქვთ. ფასადებს არავითარი მორთულობა არ გააჩნია. კონქი უფრო წვრილი ქვით არის გამოყვანილი. საკურთხევლის ფორმები - სწორკუთხედიდან კონქზე გადასვლა - მოკლებულია მკაფიოობას. ამ ეკლესიის გვერდით მცირე სამლოცველოა (X საუკუნისა), გარშემო ნატეხი ქვის, ოვალური მოხაზულობის გალავანია, არის საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიც. როგორც ჩანს, ოდესდაც აქ მონასტერი იყო.

ალევის სამებას მდიდარი სახნავ-საძოვრები ჰქონდა. ეკლესიაში დაცული ძვირფასი ნივთების დიდი ნაწილი XIX ს-ში, 1870 წლის შემდეგ დაიტაცეს - ზოგი მათგანი ნახა და აღწერა პლ. იოსელიანმა, ე. თაყაიშვილს კი ეს ნივთები აღარ დახვედრია.

ბიბლიოგრაფია

ალევის სამება //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.I.-თბ.,1975.-გვ.287. მოკლე ცნობები ძეგლის შესახებ. გვასალია ჯ. ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.III.-თბ.,1967.-გვ.42. მოკლე ცნობები VIII-IX სს.-ით დათარიღებული ალევის სწორკუთხა საკურთხევლიანი, დარბაზული ტიპის ეკლესიაზე. გვასალია ჯ. ქსნის ხეობის ძეგლები //ძეგლის მეგობარი.XXI.-თბ.,1970.-გვ.13-14. წარმოდგენილია შუა და გვიანფეოდალური ხანის ალევის სამების სწორკუთხა დარბაზული ტიპის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. მაკალათია ს. ქსნის ხეობა.-თბ.-1968.-გვ.93-94. ვახუშტის ცნობები ალევის სამების შესახებ. ზანგურაშვილი ვლ. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის ეკლეის-მონასტერები.-თბ.,2007.-გვ.36. ძეგლის მდებარეობა და მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, პლატონ იოსელიანი. სოფ.ალევი. ეკლესია სამება //შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა.IV.-თბ.,2008.-გვ.7. „ოქროსკარიანი“ სამების სახელობის, უნაგირას მთის წვერზე ნაგები ეკლესიის(VIII-IX სს.), მცირე ეკლესიისა (X ს.)და სხვადსხვა სათავსოს მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის გეგმა და ფოტოები. Алеви //Записки Общества любителей Кавказской археологии.кн.1.-Тфл.-1875.-с.24. Бакрадзе Д. Кавказ в древних памятниках христианства //Записки Общества любителей Кавказской археологии.Кн.1.-Тфл. 1875.-с.19-177. Гвасалиа Д. Памятники Кссиского ущелья //ძეგლის მეგობარი/-1970.-N21.-с.72-73. Иоселиани П. Алевская святыня.-Тфл.-1871.-24 с. Такаишвили Е. Архелолгические экскурсии, разыскания и заметки.-Тфл..-1915.-с.74-77. [კეზელი დავთ] არაგველი. ალევის მთა //გაზ. „დროება“.-1883(27 აგვ.).-Т169.-გვ.3. ალევის მთაზე აგებული, „ოქროს კარიანად“ წოდებული სამების ეკლესიისა და მის სახელთან დაკავშირებული დღეობის შესახებ. ალევის წმ.სამების მონასტერი//ქსნის ხეობა.-თბ.,2013.-გვ.85. სოფელ ალევის „ოქროსკარიანად“ წოდებული მონასტრის ისტორია და მოკლე ხუროთმოძღვრული ანალიზი. ტექსტს დართული აქვს ფოტოები გვ.28,42,43,76.


წყარო

  • ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია / ვახტანგ ბერიძე; რედ. დიმიტრი თუმანიშვილი ; საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინ., გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი. - თბილისი : გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი, 2014.
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები