ალადაშვილი ნათელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნათელა ალადაშვილი

ალადაშვილი ნათელა - (24.10.1923, ქ. თბილისი – 06.01.2006, იქვე), ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1978), პროფესორი (1983). 1945 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული კედლის მხატვრობა და ქვის პლასტიკა. ალადაშვილის ნაშრომებში განხილულია შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული სახვითი ხელოვნების როგორც მხატვრული, ასევე შინაარსობრივი და ხატწერითი ასპექტები.

ალადაშვილის სამეცნიერო კვლევის მთავარი თემებია: შუა საუკუნეების ქართული ფიგურული ქანდაკების პრობლემები; მისი განვითარების საერთო მიმართულებისა და ეტაპების დადგენა ტაძრების შემამკობელი რელიეფების შესწავლის საფუძველზე; ქართული ქანდაკების ჩამოყალიბების საკითხი და მისი ურთიერთდამოკიდებულება აღმოსავლურ ქრისტიანულ (სირია, პალესტინა, ბიზანტია) ხელოვნებასთან; შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობა, განსაკუთრებით კი სვანეთის ეკლესიათა მოხატულობების მონოგრაფიული შესწავლა (იფრარის, იფხის, წვირმის, ცალდაშის, თანდილისა და სხვა ეკლესიათა მოხატულობები). თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის ბოლო წლებში ალადაშვილი მუშაობდა ტაო-კლარჯეთის ტაძრების ქანდაკოვანი დეკორისა და ბიზანტიურ ხელოვნებასთან მისი მიმართების პრობლემებზე.

ალადაშვილი სისტემატურად მონაწილეობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო სესიების, აგრეთვე საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში. მათ შორისაა: ბიზანტინოლოგთა XIV (ბუქარესტი, 1974) და XVIII (მოსკოვი, 1991) საერთაშორისო კონგრესები; ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი I (ბერგამო, 1974), II, IV და VI (თბილისი, 1977, 1983, 1989), III (ბარი, ლეჩე – 1980), VI (პავია, ტორბა – 1986) საერთაშორისო სიმპოზიუმები; სიმპოზიუმი საქართველოსა და ბიზანტიის ხელოვნების პრობლემებზე (პატმოსი, 1981): სომხური ხელოვნებისადმი მიძღვნილი II და IV საერთაშორისო სიმპოზიუმები (ერევანი, 1978 და 1985); საერთაშორისო სიმპოზიუმი – ქრისტიანობა: წარსული, აწმყო და მომავალი (თბილისი, 2000). შუა საუკუნეების საქართველოს კედლის მხატვრობასა და ქანდაკებაზე ლექციებს კითხულობდა მარბურგის, ლაიფციგისა და იენის უნივერსიტეტებში. 1968 წლიდან ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. როგორც ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრი, ალადაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კედლის მხატვრობის ძეგლთა კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტების განხილვაში.

თხზულებები

  • ნიკორწმინდის რელიეფები, თბ., 1957; დიმიტრი თავაძე, თბ., 1984;
  • უფლისა და ღვთისმშობლის დიდების თემის ინტერპრეტაცია ადრეული შუა საუკუნეების ქართულ სკულპტურაში, საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობისა და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები, თბ., 1998;
  • Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии, Тб., 1966 [თანაავტ: Г. Алибегашвили, А. Вольская): Монументальная скульптура Грузии, М., 1977;
  • Живописная школа Сванетии, Тб., [თანაავტ: Г. Алибегашвили, А. Вольская): Композиции алтарной конхи в церквах Сванетии, Тб., 1983;
  • Особенности декора купола грузинских церквей, 1983 ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის ხელოვნ. ისტორიისა და თეორიის კათედრის სამეცნ. შრომების კრებული, 2005, #6.

მ. დიდებულიძე

იხილე აგრეთვე

ნათელა ალადაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები