აკტი გონიური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკტი გონიური - 1832 წლის შეთქმულ ქართველ თავად-აზნაურთა საზოგადოების წესდება. შეადგინა მღვდელ-მონაზონმა, ფილადელფოს კიკნაძემ. ფილადელფოსის ცნობით. მან „აკტის“ შედგენისას ისარგებლა ოქროპირ ბატონიშვილის მიერ მოწოდებული მასალით.

აკტი გონიური თერთმეტი მუხლისგან შედგება. პირველი მუხლი საზოგადოების წევრთა ურთიერთობას საფუძვლად უდებს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებს: „ღმერთი სიყვარული არს და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მისთანა ჰგიეს და იგი – ღვთისთანა“. მეორე მუხლი კრძალავს რაიმე მოქმედებას, რაც იქნება „წინააღმდეგ საღმთოისა რელიღიისა“. მესამე მუხლი განსაზღვრავს. რომ ყოველი წევრი მოვალეა, თავი გაწიროს ღვთის, მეფისა და მეგობრისთვის. მეოთხე მუხლში გაცხადებულია ვალდებულება, შესძინონ საიდუმლო საზოგადოებას ახალი წევრი. მეხუთე მუხლი წევრებს ავალდებულებს, საღვთო სიყვარული ჰქონდეთ ერთმანეთისა, საკუთარი თავივით უფრთხილდებოდნენ და ზრუნავდნენ ერთმანეთის ბედნიერებაზე. მეექვსე მუხლი კრძალავს წევრთა შორის მტრობას. მეშვიდე მუხლში აკრძალულია წევრთა შორის ანგარებიანი დამოკიდებულება და გაცხადებულია ვალდებულება, შეეწიონ ერთმანეთს. მერვე მუხლში ნათქვამია, რომ წევრებმა საზოგადოების არსებობა საიდუმლოდ უნდა შეინახონ და მხოლოდ იმას გაანდონ, „რომელსაც მოიყვანს წევრად“. მეცხრე მუხლი წევრებს აფრთხილებს, გამოიჩინონ სიფხიზლე და მკაცრად აარჩიონ ახალი წევრები, რათა არ შემოეპაროთ კაცი ვნებული, ზნემოშლილი და დადედლებული. წევრებად შეარჩიონ „ოდენ მგრძნობელი სულისა მგრძნობელსა მეტისა კეთილბედნიერებისასა“ განათებული. წევრებად არ გამოარჩიონ უბრალო და მდაბიო შთამომავლობისანი. მეათე მუხლი ახალ წევრს ავალდებულებს, დადოს ფიცი და ხელმოწერით დაადასტუროს ერთგულება. ეს ხელმოწერილი საბუთი უნდა ინახებოდეს ახალი წევრის მპოვნელთან. მეთერთმეტე მუხლი აწესებს საიდუმლო ნიშანს, რითაც საზოგადოების წევრები იცნობენ ერთმანეთს. ეს ნიშანია მარჯვენა ხელის ნეკით შუბლის მოფხანა. „აკტი გონიური“ აცხადებს, რომ საზოგადოების მიზანია, დაამკვიდროს „ახალი აღყვავებული სიყვარული საღმრთო და ნეტარება“.

1832 წლის თავად-აზნაურთა შეთქმულების ორგანიზაცი ის საგამომძიებლო კომისიამ დაასკვნა, რომ „აკტი გონიური“ მისტიკური ნაწარმოებია, რომლის დანიშნულებაა ფიცითა და ხელმოწერით გამაგრებული საიდუმლო კავშირის შექმნა. კომისიის თქმით, „აკტი გონიური“ არ შეიცავს სახელმწიფოს მოწყობის კანონებს და არ იძლევა პოლიტიკურ პროგრამას. შესაძლოა, მისი შემდგენელი ფილადელფოს ბერი კი არა, სხვა განათლებული პირი იყოს.

„აკტი გონიურის“ დედანი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

დეკანოზი მ. ჭაბაშეილი

ლიტერატურა

  • გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ, 1-3. თბ.,1935-76;
  • გრძელიძე რ., 1832 წლის შეთქმულება საქართველოში, თბ., 1998;
  • ხომერიკი მ., 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ბერი ფილადელფოს კიკნაძე, თბ, 1999.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები