ავდ ძუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავდ ძუარ-ი (ოს. Авд дзуары – „შვიდი ღვთაება“) – ფართო აგრარული და სოციალური ფუნქციების მქონე ღვთაება, რომლის ჭეშმარიტი ბუნების თაობაზე ხსოვნა ოსურმა მითოლოგიამ ბუნდოვნად შემოინახა.

სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ, ერთი ვარიანტით, იგი თავის თავში აერთიანებს ოსებისათვის ყველაზე თაყვანსაცემ ღვთაებებს: აფსათს, დონბეთირს, რექომს, ფალვარას, ვასთირჯს, ვაცილას და თუთირს; სხვა ვარიანტით (სამხრეთ ოსურით): ალარდის, თარანჯელოზს, რინი ბარდუაგს, ხისთი ძუარს, ელიას, ყუდი მაირამს და ცირღი ძუარს (არის სხვა ვარიანტებიც). ასეთი სუმბურულობა, როგორც ჩანს, გამოწვეულია იმით, რომ ოსები, დავიწყებული აქვთ რა ავდ ძუარში შემავალი თავდაპირველი ღვთაებები, მას ძირითადად მოიაზრებენ როგორც ერთ ღვთაებას [შდრ. ოსური ავდიუ, ავდეუ – „შვიდი ღმერთი“ (resp. დემონი) და ავდ ავდეუ — „შვიდი ავდეუ“] და მისი სახელობის დღეობაზე წარმოთქმული ლოცვის ტექსტში ძუარი ლაგი (ხატის მსახური) ავდ ძუარის შემდეგ მიმართავს ღვთაებებს, რომლებიც შესაძლოა არც დაემთხვეს ზემოაღნიშნულ ჩამონათვალს. ავდ ძუარის კულტთან დაკავშირებულია რამდენიმე სასოფლო და საგვარეულო სალოცავი (გალიათი ავდ ძუარი, იგივე უზი ძუარი, ფურიათი ავდ ძუარი, ერმანი ავდ ძუარი). ავდ ძუარი წარმოდგენილი ჰყავთ მკვეთრად მანათობელი დიდფრთებიანი ფრინველის სახით, რომელიც პერიოდულად ზეციდან მიწაზე ეშვება (შდრ. ქართული და აფხაზური წარმოდგენები ერთმანეთის მოძმე მფრინავ და მანათობელ ხატებზე). მასზეა დამოკიდებული მარცვლოვანთა მოსავლის სიუხვე, შინაური საქონლის დაცვა-გამრავლება, ადამიანთა კეთილდღეობა (მიმართავენ ყველა მნიშვნელოვან მომენტში: ბავშვის დაბადების, ავადმყოფობის, სიკვდილიანობის, ქორწილის დროს).

ოსურ ფოლკლორში, განსაკუთრებით ნართულ ეპოსში, რიცხვი „შვიდი“ საკრალური რიცხვია. ეპოსში ხშირად ვხვდებით გამოთქმებს: „შვიდი მთა“, „შვიდი ხეობა“, „შვიდი უღელტეხილი“, „შვიდი ცა“, „შვიდი სართული“, „შვიდი დღე და შვიდი ღამე“, „შვიდჯერ წყეული“, „შვიდჯერ უკეთესი“ და ა. შ. როგორც ჩანს, რიცხვი „შვიდის“ საკრალურობას მივყავართ ოსთა შორეული წინაპრების – სკვითების რელიგიურ-მითოლოგიურ ტრადიციამდე, რომელშიც ამ რიცხვის კავშირი ასტრალურ კულტთან აშკარად იკვეთება. ჰეროდოტეს მიხედვით, სკვითებს ჰქონიათ შვიდღვთაებიანი პანთეონი (ტაბიტი, პაპაი, აპი, ოიტოსირი, არტიმპასა, ჰერაკლე, არესი), რომელიც, ბუნებრივია, მემკვიდრეობით ალანებმაც მიიღეს. მართალია, ალანთა პანთეონის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ მათთან შვიდი ღვთაების კულტის არსებობაზე მეტყველებს ევქსინის სპონტოს პერიპლუსის ანონიმი ავტორის (V საუკუნე) ცნობა, რომ ყირიმის ქალაქ ფეოდოსიას ალანურ ენაზე ეწოდება Αρδάβδα, რაც ნიშნავს „შვიდღვთაებოვანს“ ანუ „შვიდი ღვთაების (ქალაქს)“. ამ ფაქტის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოსური ავდ ძუარი ალანთა შვიდღვთებიანი პანთეონის შესახებ ხსოვნას ინახავს. თუმცა მხედველობაშია მისაღები ოსების მეზობელ ხალხებში ამ მხრივ არსებული ვითარება. საქმე ის არის, რომ ოსურ ავდ ძუართან ტიპოლოგიურად ძალზე ახლოს დგას ნაყოფიერებისა და შინაური ცხოველების მფარველი, ფართო აგრარული ფუნქციების მქონე აფხაზური ღვთაება აითარი, რომელსაც შვიდი ღვთაებრივი ძალა (ჟვაბრანი, ჯაბრანი, ალიშკინტირი, აჩიშაშანა, ანაფა-ნაგა, ამზა, ამრა) ექვემდებარება და ამიტომაც „შვიდ აითარს“ (ბჟი აითარ) უწოდებენ. აფხაზებისათვის, ისევე როგორც სხვა ხალხებისთვის რიცხვი „შვიდი“ საკრალური რიცხვია. ისინი სამჭედლო საქმის მფარველ ღვთაებას – შაშვს „აბჟნიხას“ (აფხ. აბჟ – „შვიდი“, ა-ნHხა – „ხატი“, „ღვთაება“) უწოდებენ, რაც ოსური ავდ ძუარის ზუსტი შესატყვისია (შდრ. ყაბარდოული შვიდრქოვანი, ე. ი. შვიდძალოვანი ღვთაება თლეფში; ასევე მეგრული შქვითული – „შვიდი სალოცავი“).


ლიტერატურა

  • Абаев В. И. Дохристианская религия алан // Избранные труды. Владикавказ, 1990. Т. I;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992; Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები