აბღარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ბღარა (აფხ. Абҕара)სამჭედლოში, გრდემლის წინ შესრულებული ხატზე გადაცემის წესი; დაზარალებული მჭედლობის ღვთაებას („შაშვი“) ეჭვმიტანილის დასჯასა და დანაშაულის აღიარების შემთხვევაში ზარალის (მაგ., დაკარგული საქონლის ან რაიმე ნივთის) ორმაგ, სამმაგ ან ხუთმაგ ანაზღაურებას შესთხოვდა. დაზარალებულის შემდეგ სათანადო ლოცვას მჭედელიც აღავლენდა და ღმერთს ქურდის სამაგალითო დასჯას შეეხვეწებოდა (საამისოდ ფულით ან ნატურით გასამრჯელოს მიიღებდა). დანაშაულის აღიარებისა და ნაქურდალის დაბრუნებისათვის ეჭვმიტანილს ორი კვირის ვადას აძლევდნენ. თუ იგი აღნიშნულ დროში დანაშაულში გამოტყდებოდა და დაზარალებულს შესაბამისად გადაუხდიდა, იმავე სამჭედლოში „გადაცემის მოხსნისთვის“ ილოცებდა და მხარეები შერიგდებოდნენ; წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალმდებელი ვალდებული იყო ყოველწლიურად შეესრულებია აბღარა („ნაგალან ყაწარა“). თუ ეჭვმიტანილი მხოლოდ მისი ან ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობის (ეს კი ღვთაება შაშვის რისხვას მიეწერებოდა) შემთხვევაში გამოტყდებოდა, დაზარალებული თავისას დაიბრუნებდა, მაგრამ შერიგება ანუ „დაჭერილ-დამიზეზებულის გათავისუფლება“ სათანადო მსხვერპლშეწირვისა და რიტუალის ჩატარების შემდეგ მოხდებოდა („ა-ხნირხურა“). თუ ეჭვმიტანილის ოჯახი მთლიანად ამოწყდებოდა, დაზარალებული ვალდებული იყო ელოცა ღვთაება შაშვისთვის და ერთი წლის დაკოდილი თხა შეეწირა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დამნაშავის მსგავსად დაისჯებოდა.


ლიტერატურა

  • И.А. Аджинджал. Из этнографии Абхазии. Сух., 1969;
  • ნ. რეხვიაშვილი. ქართული ხალხური მეტალურგია. რკინა-მჭედლობა (ეთნოგრაფიული ნარკვევი). თბ., 1964.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები