აბრზალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ბჷრზალ-ი (აფხ. Абырзал) — ჭექა-ქუხილის ღვთაების („ა-ფ-ი“) იარაღი აბჟუის აფხაზთა რწმენით (ბზიფის აფხაზებში კი აფის იარაღია აფირხი – „აფის ტყვია“). აბრზალი წარმოადგენს ორლესულ თუ ორწვერა შუბს ან ისარს, რომლითაც ღვთაება თავის რისხვას უგზავნის ურჩ მტრებს (განსაკუთრებით აჯნიშს. აბჷრზალი ცეცხლოვანი იარაღია და ვისაც ან რასაც მოხვდება, ცეცხლის ალში ახვევს.

სიტყვა „აბჷრზალს“ ზოგიერთი მეცნიერი ბერძნული ორპირი ცულისა თუ ჩუგლუგის აღმნიშვნელ ტერმინს — „ლაბრისს“ უკავშირებს, რაც, ვფიქრობ, უმართებულოა. როგორც ჩანს, ტერმინი „აბრზალი“ არის აფხაზური ენობრივი ნორმებით გაფორმებული მეგრული სიტყვა „ბორზალი“, რომელიც, თავის მხრივ, ქართული „ბოძალის“ მეგრულ შესატყვისს წარმოადგენს. ქართულ ენაში „ბოძალი“ ორწვერა ისარს, შუბს საბრძოლო იარაღი აღნიშნავს ისევე, როგორც მეგრული „ბორზალი“ და აფხაზური „აბჷრზალი“ [სამეგრელოში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენების თანახმად, ბორზალი წმ. გიორგის იარაღია (ამ უკანასკნელს სამეგრელოში და საქართველოს სხვა კუთხეებში ზოგჯერ ჭექა-ქუხილის ღვთაების ფუნქციაც აქვს შეთვისებული). იგი წმ. გიორგის სახელობის თითქმის ყველა ეკლესიაში ინახებოდა, ხოლო სოფ. ხეთის (ხობის რ-ნი) წმ. გიორგის ეკლესია ამ იარაღის ერთგვარ საწყობსაც კი წარმოადგენდა. ხალხის რწმენით, ბორზალი ტაძარში წმ. გიორგის ყოველწლიურად თავად მოჰქონდა. რაც უფრო მეტ იარაღს მოიტანდა წმინდანი, მით უფრო იღბლიანი იქნებოდა ის წელიწადი]. საინტერესოა, რომ მეგრულში სიტყვა „ბორძალი“ მეხის სინონიმია.


ლიტერატურა

  • Л.Х. Акаба. Из мифологии абхазов. Сух., 1976;
  • ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941;
  • ნ. აბაკელია. ქრისტიანული წმინდანები დასავლურ-ქართულ რწმენა-წარმოდგენებში (წმინდა გიორგი) // მაცნე. 1985. №3;
  • ი. ყიფშიძე. რჩეული თხზულებანი. თბ., 1994;
  • პ. ჭარაია. მეგრულ-ქართული ლექსიკონი. თბ., 1997;
  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. პროფ. არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით. ტ. I, თბ., 1950.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები