აბნაუაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ბნაუაუ (აფხ. Абнауаҩы) – ტყის კაცი, საშინელი ველური არსება; გამოირჩევა არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალითა და მრისხანებით; აქვს წვერები და ხშირი ბალანი, ბრჭყალებიანი გრძელი ხელები, ადამიანივით თვალი და ცხვირი; აცვია ნადირის ტყავი, მკერდზე ჩამოკიდებული ცულით ებრძვის მოწინააღმდეგეს. ზოგი გადმოცემით, აბნაუაუს მკერდზე აქვს ცულისმაგვარი წამონაზარდი, რომლისკენაც მიზიდულ მსხვერპლს იგი ორად ჭრის. ტყის კაცი ცხოვრობს აფხაზეთის უღრან ტყეებში. არსებობდა რწმენა, რომ ყოველ ხეობაში სახლობდა ერთი ასეთი არსება, ხოლო აბავას ხეობა აბნაუაუთა ძირითადი სამკვიდრებელი იყო. მიუხედავად ფიზიკური ძლიერებისა, ხალხის შეხედულებით, იგი გულუბრყვილო არსებაა, ადამიანი იოლად ატყუებს, ამარცხებს, ირთავს ტყის კაცის მზეთუნახავ ცოლს და ეუფლება მთელ მის ქონებას. აბჟუის აფხაზების რწმენით, უკანასკნელი აბნაუაუ სოფ. აძიუბჟასთან ახლოს ურაყის უღრან ტყეში მოკლა მამაცმა მწყემსმა ხუხუ ჭითანაამ; ბზიფის აფხაზებში ტყის კაცთა მოდგმის გამანადგურებელია სახალხო გმირი მარდიფა.

აბნაუაუს მსგავსი დემონური არსება კარგად არის ცნობილი ქართული (შდრ. მეგრული „ოჩოკოჩი“, გურული „გულცულა“, ლეჩხუმური „ბოჩოლიე“ და „ოჩქოჩე“, მესხური „ტყის კაცი“) და კავკასიის ხალხების (შდრ. ჩერქეზების მეზანლუკი – „ტყის კაცი“, ყარაჩაელების აგაჩ კიში – „ტყის კაცი“, ლაკებისა და დიდოელების რიკირალ დაკი – „ცულისმკერდიანი“, ვაინახების ხუ საგი – „ტყის კაცი“, ოსების „ლაგსირდი“, კუმიკების ქოლიჩ ტიოში – „ხმლისმკერდიანი“ ან თემირ ტიოში – „რკინისმკერდიანი“, ავარელების ალმასი, აზერბაიჯანელების მეშა ადამი – „ტყის კაცი“ და სხვ.) მითოლოგიიდან. გარდა სხვა საერთო თვისებებისა თუ ფუნქციებისა, ყველა ამ არსებას ერთი გარეგნული ნიშანი აერთიანებს – ძვლისებური ან რკინის (ცულის, ხმლის, საჩეჩლის მსგავსი) წამონაზარდი მკერდზე, რკინისმკერდიანობა. სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ტყის კაცს მსოფლიოს სხვა ხალხების ფოლკლორიდან ცნობილი მსგავსი დემონური ძალებისაგან, რაც მას სპეციფიურ საერთოკავკასიურ მოვლენად წარმოაჩენს.


ლიტერატურა

  • Н. Альбов. Ботанико-географические исследования в Западном Закавказье в 1893 году // ЗКОРГО. Тф., 1894. Т. XVI;
  • მისივე, Этнографические наблюдения в Абхазии // ЖС. 1893-1894. Вып. III;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Ш.Д. Иналипа. Абхазы. (Историко-этнографические очерки). Сух., 1965;
  • Ш.Х. Салакая. Абхазский народный героический эпос. Тб., 1966;
  • С.З. Абнауау // Мифи народов мира. I. М., 1980;
  • И. Дахкильгов. Исторический фольклор чеченцев и ингушов. Грозно, 1978;
  • Х.Х. Рикирал дак // Мифи народов мира. II. М., 1982;
  • В.Б. Агачкиш // Мифи народов мира. I. М., 1980;
  • В. Миллер. Осетинские этюды. ч. I, 1881;
  • თ. სახოკია. ეთნოგრაფიული ნაწერები, თბ., 1956;
  • მ. ალავიძე. ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება, თბ., 1956;
  • ქართული ხალხური სიტყვიერება. მეგრული ტექსტები, II. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, შენიშვნები და გამოკვლევები დაურთეს კ. დანელიამ და ა. ცანავამ. თბ., 1991;
  • ნ. აბაკელია. ხთონიური რწმენა-წარმოდგენები სამეგრელოში (ოჩოკოჩი) // ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები. თბ., 1982.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები