ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა 1994 წლის 10 ოქტომბერს „ყოველთა ქართველთა მსოფლიო ფორუმის" ღონისძიებათა ფარგლებში. იგი შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ შარაძის მიერ, ქართველი ემიგრანტებისგან პირადად მისთვის საჩუქრად გადაცემული ფონდების ბაზაზე.

2020 წლიდან „ქართული ემიგრაციის მუზეუმის" ფონდი „ქართული ემიგრაციის დარბაზის" ფონდთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდა.
მუზეუმის განსაკუთრებულ საგანძურს წარმოადგენს:

  • ქართველი ემიგრანტების: ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, კონსტანტინე კანდელაკის, ევგენი გეგეჭკორის, ვიკტორ ნოზაძის, გრიგოლ რობაქიძის, მიხაკო წერეთლის, ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ დიასამიძის, ზურაბ ავალიშვილის, შალვა მაღლაკელიძის, გიორგი მაჩაბლის, გიორგი გვაზავას, გიორგი კვინიტაძის, ლევან ზურაბიშვილის, რაფიელ ივანიცკი-ინგილოს, კალისტრატე სალიას, დავით საღირაშვილის, სპირიდონ კედიას, ალექსანდრე მანველიშვილის, დავით ვაჩნაძის, ოთარ და გივი ზალდასტანიშვილების და სხვათა პირადი არქივები, მემორიალური ნივთები, ფოტოები, წიგნები, პერიოდული გამოცემები.
  • ქართველი ფიზიკოსისა და საზოგადო მოღვაწის შოთა ვაშაკიძისგან საჩუქრად გადმოცემული აშშ-ს ქართული სათვისტომოს არქივი
  • რადიო „თავისუფლების" გადაცემების აუდიოჩანაწერები
  • ვახტანგ ჯობაძის მიერ 1970-1980-იან წლებში გადაღებული ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურული ძეგლების ფოტოსლაიდების კოლექცია
  • აქვე ინახება ვიკტორ ნოზაძის პარიზული „ქართული სტამბა"


ქართული ემიგრაციის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია განთავსებულია მხატვარ კობა გურულის მიერ შექმნილ სტენდებსა და ვიტრინებში.

მდებარეობა: II კორპუსი, III სართული, სამუშაო საათები: 10:00-18:00, შაბათ-კვირის გარდა.