სმითსონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ანთროპოლოგიის დეპარტამენტი

ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

კახეთი


კახეთი საქართველოს რუკაზე საქართველოს რუკაზე კახეთი წითელი ფერითაა გამოსახული

საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონს – კახეთს - ჩრდილოეთიდან  თუშეთი და დიდი კავკასიონის ქედი ესაზღვრება, აღმოსავლეთით და სამხრეთით აზერბაიჯანია, ხოლო მის დასავლეთით  ქართლი მდებარეობს. ამ რეგიონს ორი ძირითადი მდინარე ჩამოუდის: ალაზანი აღმოსავლეთ ნაწილში და იორი - დასავლეთში.

ჩვ. წელთაღრიცხვის VIII საუკუნის ბოლოს კახეთი დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროს წარმოადგენდა. XII საუკუნის დასაწყისში მეფე დავით აღმაშენებელმა კახეთი წარმატებით შეიყვანა საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში და ამ მხარემ აღნიშნული სტატუსი 300 წელიწადზე მეტხანს შეინარჩუნა. 1460-იან წლებში, საქართველოს გაერთიანებული სამეფოს დაშლის შემდეგ, კახეთი დამოუკიდებელი სამეფო გახდა. 1762 წელს იგი მეზობელ სამეფოს, ქართლს, შეუერთდა, რის შედეგადაც აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო – ქართლ-კახეთი – შეიქმნა. ეს სამეფო, სპარსელების ხშირი შემოსევების გამო, საკმაოდ იყო დასუსტებული და 1801 წელს რუსთა ხელმწიფემ, პავლემ, მისი ანექსია მოახდინა.

მთელი საუკუნის განმავლობაში ქართლ-კახეთი რუსეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. 1918 წელს, ერთი წლის შემდგომ, რაც ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ბოლშევიკურმა პარტიამ რუსეთში სამხედრო გადატრიალება მოაწყო, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაგრამ ეს დამოუკიდებლობა უდღეური აღმოჩნდა. 1921 წელს ბოლშევიკური არმია საქართველოს შემოესია. მომდევნო წელს საქართველო ახალშექმნილ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში (სსრკ) გააერთიანეს. 1990 წლის აპრილში, როდესაც გარეგანი შემოტევების შედეგად სსრკ საკმაოდ დაძაბუნდა და დაშლა დაიწყო, საქართველომ კვლავ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1992 წელს დამოუკიდებელი ერის სტატუსი საერთაშორისო მასშტაბით იქნა რატიფიცირებული იმით, რომ საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა.

კახეთი, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში განთქმული იყო როგორც წამყვანი რაიონი, დღესაც ვაზის კულტურის მხარედ რჩება. ახლახან არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ყურძნის კურკები, რომლებიც ქრისტეშობამდე 7000-6000 წლით არის დათარიღებული. კახეთის ყველაზე უფრო შთამბეჭდავი ღვინის ქარხანა წინანდალში მდებარეობს, სადაც ღვინის წარმოება 1865 წელს დაიწყო. იგი განთავსებულია ადგილ-მამულში, რომელიც ადრე ალექსანდრე ჭავჭავაძის საკუთრებას წარმოადგენდა; ალექსანდრემ, სახელმოხვეჭილმა პოეტმა და მოღვაწემ, ღვინის წარმოება სწორედ ამ ადგილზე წამოიწყო.

ბოდბის მონასტერი
ბოდბის მონასტერი ბოდბეში

კახეთი, აგრეთვე, ცნობილია ეკლესიებითა და ისტორიული ძეგლებით, მათ შორის დავით გარეჯის მონასტრით, რომლის ერთი ნაწილიც მთის შიგნითაა ჩაშენებული და ალავერდის ტაძრით, რომელიც სიმაღლით მეორე ტაძარს წარმოადგენს საქართველოში და რომლის გუმბათიც ორმოცდახუთ მეტრზეა აზიდული. ამ რეგიონში რამდენიმე ეროვნული ნაკრძალი მდებარეობს, რომელთა შორისაც ლაგოდეხის ეროვნული პარკი უპირველესი და უძველესია. იგი 1912 წელს გაიხსნა. ის უმთავრესად დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, მაგრამ პარკი მნახველების ყურადღებას მცენარეული საფარითა და იქ მობინადრე ცხოველების დიდი მრავალფეროვნებითაც იპყრობს; მისი პეიზაჟები ადამიანისა და ბუნების ურთულეს ურთიერთმიმართებაზედაც ჩაგვაფიქრებს. კახეთის კიდევ ერთ ძირითად სანახაობას სიღნაღი წარმოადგენს, რომელიც ისტორიული დასახლებაა და დღეისათვის იქ დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს. სულ ახლახან სიღნაღში ისტორიული შენობების, ეკლესიებისა და კულტურული ძეგლების რესტავრაცია განხორციელდა. ამ მომხიბლავ ქალაქში ტურისტების ნაკადი სულ უფრო იზრდება.


ბიბლიოგრაფიული წყაროები:

  1. ბეგიაშვილი, ლ. სიღნაღი.თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1982.
  2. ელანიძე, ვალერიანი. კახეთის ისტორიის პრობლემური საკითხები.თბილისი: ცოდნა, 2006.
  3. მეტრეველი, მარინა. კახეთი.თბილისი: 2007.
  4. ჩხეიძე, თენგიზ. საუფლისწულო მამულები კახეთში. 1885-1921თბილისი: მეცნიერება, 1968.
  5. ყაუხჩიშვილი, სიმონ (რედ.), ქართლის ცხოვრება; ვახუშტი ბატონიშვილი: აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ტ. IV.თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1973.
  6. Иоселиани, Платон. Путьевые записки по Кахетии.Тифлис: Типография наместника канцелярии Кавказского, 1846.

[ წინ ]