სმითსონი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ანთროპოლოგიის დეპარტამენტი

ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

დიდგვაროვანთა ოჯახები: პოსტბოლშევიკური პერიოდი


შესავალი
დიდგვაროვან ქართველთა ოჯახები ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იღებენ სათავეს. დიდგვაროვნობის ცნება ზოგადად ისტორიასთან, ისევე როგორც სოციალურ და სამართლებრივ სტატუსთან არის დაკავშირებული. დიდგვაროვან ოჯახთა უმრავლესობამ ტიტულები თავიანთ წარმომავლობის, სამხედრო სამსახურისა და სამეფო ოჯახთან ახლო ნათესაობის მიხედვით მიიღეს. დიდგვაროვანმა ოჯახებმა მითები შექმნეს თავიანთი წარმოშობის შესახებ; მაგალითად, ბაგრატოვნები თვლიან, რომ მათი გენეალოგია ბიბლიურ მეფე დავითთან მიდის. XIX საუკუნის ბოლოს ქართველ დიდგვაროვანთა 300 ოჯახი არსებობდა. ისინი ორ ჯგუფად იყოფოდნენ: თავადები (მაღალი სოციალური კლასები) და აზნაურები (დაბალი სტატუსის მქონე იერარქია). ჭავჭავაძეები თავადების კლასს მიეკუთვნებოდნენ. 1801 წელს, ქართული სამეფოს გაუქმების შემდეგ, ქართველ დიდგვაროვანთა ოჯახები მმართველობის რუსული სისტემის ნაწილად გადააქციეს. იოანე ბაგრატიონის მიხედვით, ჭავჭავაძეებმა დიდგვაროვანთა ტიტული მიიღეს 1680 წელს მეფე ერეკლე I–ის დროს, როგორც მათი დიდი დამსახურების აღიარება თუშეთის მხარეში. შემდგომ მეფე თეიმურაზმა უბოძა მათ აზნაურობის ტიტული, ყმები და სამეფო მამული. საბოლოოდ, მეფე ერეკლე II–მ აღიარა მათი თავადობა. ჭავჭავაძეების საგვარეულოს აქვს რამდენიმე განშტოება, თუმცა აღნიშნული ვებ–გვერდი ეძღვნება მხოლოდ ალექსანდრე ჭავჭავაძის მამის, გარსევან ჭავჭავაძის ოჯახს. ქვემოთ მოყვანილი ისტორია ეხება ამ ოჯახის ერთ–ერთ წარმომადგენელს, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია საბჭოთა ოკუპაციას.

მერაბ ჯორჯაძე
მერაბ ჯორჯაძე

მერაბ ჯორჯაძე (1900-1947)
ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილმა, მერაბ ჯორჯაძემ, თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გადასახლებაში გაატარა, რადგან პარტიზანული წესით ებრძოდა ბოლშევიკურ რეჟიმს, რომელიც 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოში დაამყარა.

წინააღმდეგობა
არისტოკრატულ ოჯახში დაბადებული ჯორჯაძე თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ, კერძო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც მამამისის, დავით ჯორჯაძის შემწეობით იქნა დაარსებული; ეს თბილისის კეთილშობილთა გიმნაზია გახლდათ. (1919 წელს სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილად გადაკეთდა და დავით ჯორჯაძემ მას თავისი ბიბლიოთეკა გადასცა.) 1918-1921 წლები საკმაოდ ქაოტური იყო: დიდგვაროვანთა ოჯახების მრავალი წევრი რუსულ დამპყრობლებს წინააღმდეგობას უწევდა.

1921 წლის დასაწყისში, საბჭოთა არმიის შემოჭრასთან ერთად, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დღენაკლული მთავრობა იძულებული გახდ, ჯერ თურქეთში და იქიდან საფრანგეთში გაქცეულიყო. მხოლოდ განსაკუთრებული იღბლიანობის წყალობითა და ზოგიერთი მეზობლის დახმარებით შეძლო მერაბ ჯორჯაძე, საგანგებო კომისიისაგან (ავად ცნობილი საბჭოთა საიდუმლო პოლიციის, "კგბ"-ს წინამორბედი უწყება) თავი დაეღწია. იმ ღამით, როდესაც ჯორჯაძეს სახლში ეძინა, საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები მის დასაპატიმრებლად მოვიდნენ; მისი ბინა იყო ერთ-ერთი იმ ორ ბინას შორის, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მდებარეობდა. საბედნიეროდ, მის დასაჭერად მოსულმა პოლიციელებმა სხვა ბინის კარზე დააბრახუნეს - იმ სართულზე, რომელზედაც სურმავების ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ სურმავებმა საბჭოთა აგენტებს უთხრეს, რომ ჯორჯაძის ბინაში მხოლოდ ეზოს გავლით, ცალკე შესასვლელით მოხვდებოდნენ. დროის იმ მცირე მონაკვეთის განმავლობაში, სანამ აგენტები კიბეზე ჩავიდნენ, სახლს შემოუარეს და შემდეგ მესამე სართულზე ავიდნენ, სურმავებმა გააფრთხილეს ჯორჯაძე და მისი სიძე, ბაქი თუთბერიძე, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა და ძებნილი იყო იმის გამო, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში გარკვეული თანამდებობა ეკავა. ეს ორი კაცი აივნიდან სხვენზე გადაძვრა, სახურავზე აცოცდ, ქუჩაში გადახტ და გაუჩინარდ.

თუთბერიძე თბილისში იმალებოდა, მაგრამ ბოლშევიკებმა მიაგნეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს; მოგვიანებით იგი დამოუკიდებელი საქართველოს სხვა ყოფილ საჯარო მოსამსახურეებთან ერთად დახვრიტეს. ჯორჯაძე დუშეთში, თბილისიდან 50 კილომეტრის მანძილზე მდებარე მცხეთა-მთიანეთის პატარა ქალაქში გაიქცა. იქ იგი ციხეში ჩააგდეს და, ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელებს რომ არ გაეთავისუფლებინათ, ბოლშევიკები მასაც სიკვდილით დასჯიდნენ. 1922 წელს ჯორჯაძე პარტიზანულ რაზმს შეუერთდა, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდა. ჩოლოყაშვილის პარტიზანები საბჭოთა ძალებს დროდადრო სხვადასხვა შეტაკებებში ითრევდნენ. ეს ბრძოლა 1921 წელს დაიწყო, მაგრამ, საბოლოოდ, მათი ყველაზე უფრო ამბიციური კამპანიის, ე.წ. 1924 წლის “აგვისტოს აჯანყების” მხეცურად ჩახშობის შემდეგ უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჯორჯაძე, წინააღმდეგობის მოძრაობის გადარჩენილ წევრებთან ერთად, თურქეთში გაიქცა; ქაქუცა ჩოლოყაშვილიც მათ შორის იყო. მოგვიანებით ორივე საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა, სადაც 1930 წელს ჩოლოყაშვილი ტუბერკულოზით გარდიცვალა; დღეისათვის იგი საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ეროვნულ გმირად ითვლება და ჩვენი ეროვნულობის სიმბოლოს წარმოადგენს.

საფრანგეთი და ესპანეთი
1926 წელს მერაბ ჯორჯაძემ პარიზის განთქმულ სენსირის სამხედრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მას საფრანგეთის სამხედრო ძალებში კარიერის გაგრძელება შესთავაზეს იმ პირობით, თუ საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებდა. მან ეს წინადადება უარყო და უმუშევრად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე სამხედრო განათლება და საკმაოდ ღირებული საველე გამოცდილება ჰქონდა მიღებული. შემდგომ წლებში, დიდი დეპრესიის ფონზე, რომელმაც 1920-იან და 1930-იან წლებში მთელი მსოფლიო მოიცვა, სრულიად უსახსროდ დარჩენილი ჯორჯაძე, თავის გადარჩენის მიზნით, იძულებული იყო ნებისმიერი უჩვეულო სამუშაოც კი შეესრულებინა.

1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და ჯორჯაძეც გაემგზავრა, რათა ნაციონალისტების მხარეზე ებრძოლა, რომლებსაც ფრანცისკო ფრანკო ხელმძღვანელობდა. ფრანკო მონარქიას უჭერდა მხარს და მის ლოზუნგს “უფალი, სამშობლო და მეფე” წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანკოს მიზნები და ქმედებები დიდწილად შელახული იყო იმ ფაქტით, რომ სიმპათიებს ამჟღავნებდა მუსოლინის იტალიისა და ჰიტლერის გერმანიის მიმართ და მჭიდრო კავშირი ჰქონდა მათთან, ჯორჯაძე (რომელსაც საკმაოდ მწარედ ახსოვდა, თუ როგორ ჩაგრავდნენ საბჭოელები მის ხალხს), ნათლად ხედავდა, რომ ფრანკო, არსებითად, საბჭოელების მიერ შეგულიანებულ სოციალისტურ ძალებს ებრძოდა.

როდესაც ჯორჯაძე საფრანგეთში დაბრუნდა, ამ ქვეყანას უკვე მემარცხენე სოციალისტური პარტია მართავდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ჯორჯაძე ესპანეთში სოციალისტი თანამოძმეების წინააღმდეგ იბრძოდა, მისი გაძევება გადაწყვიტა. რამდენადაც მან საფრანგეთის მოქალაქეობ უარყო, არჩევანის გაკეთების შანსიც მცირეოდენი თუ ჰქონდა დარჩენილი. საფრანგეთმა ჯორჯაძე დაინდო და მისი დეპორტაცია საბჭოთა კავშირში (რომლის ნაწილსაც საქართველო წარმოადგენდა და, სადაც დამოუკიდებლობისათვის ყოფილი მებრძოლი სასტიკ სასჯელს ვერ ასცდებოდა) არ განახორციელა, არამედ უფლება მისცა, ლუქსემბურგში გამგზავრებულიყო, სადაც იგი ამ ქვეყნის მესაზღვრეებმა დააკავეს. ჯორჯაძემ მათ სთხოვა, რომ ტელეფონით დარეკვის საშუალება მიეცათ; მან დარეკა და მოვლენების განვითარებას დაელოდა. ერთ საათში მის წასაყვანად "როლს-როისი" მოვიდა მგზავრი თავად ლუქსემბურგის პრინცი გახლდათ, რომელთანაც ერთად ჯორჯაძე სენსირის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა.

ოლგა შერბატოვა
ოლგა შერბატოვა

ქორწინება, ავადმყოფობა და სიკვდილი
პრინცის დახმარებით ჯორჯაძეს მალე გადაეცა საჭირო დოკუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ბელგიის მოქალაქობა მიიღო; იქ მან ოლგა შჩერბატოვა გაიცნო და მალე, 1940 წელს, მასზე დაქორწინდა. შჩერბატოვა რუს დიდგვაროვანთა გამოჩენილი ოჯახიდან იყო; მამამისმა, პავლე შჩერბატოვმა, მოსკოვში ისტორიის მუზეუმი დააარსა, რომელიც დღესაც წითელ მოედანზე მდებარეობს. დედამისის პაპა, ალექსანდრე ბარიატინსკი, კავკასიაში ცარისტული რუსეთის გენერალგუბერნატორი იყო, რომელსაც შამილი დანებდა. სხვა საოჯახო რელიქვიებთან ერთად, რომლებიც ოლგამ რუსეთიდან წამოიღო (მას შემდეგ, რაც იქიდან ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ გამოიქცა), იყო მშვენიერი ქართული ჯვარი, რომელიც ალექსანდრე ბარიატინსკიმ დედამისს აჩუქა.

ამ წყვილის ქორწინების პირველი წლები მეორე მსოფლიო ომს დაემთხვა. პარიზის ოკუპირების შემდეგ გერმანულმა ჯარებმა ბელგიაც დაიკავეს და მერაბი და ოლგა ანტიფაშისტურ ბრძოლაში ჩაებნენ. თუმცა მერაბ ჯორჯაძე ბელგიის განთავისუფლებას ვერ მოესწრო. 1943 წელს იგი სერიოზულად გახდა ავად და გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა, მეუღლეს სთხოვა, მოეტანა ის ქართული ჯვარი, რომელიც ოლგამ დედისაგან მიიღო, აკოცა ჯვარს და თქვა: “ის, რაც ერს ეკუთვნის, მასვე უნდა დაუბრუნდეს”. საბოლოოდ, ოლგამ შეძლო მეუღლის ბოლო სურვილი აღესრულებინა და ჯვარი საქართველოში დააბრუნა.

ოლგა შჩერბატოვა-ჯორჯაძემ ომი გადაიტანა და 1950 წელს საქართველოში იმოგზაურა; მას სურდა თბილისში ის სახლი ენახა, რომელშიც მერაბი ახალგაზრდობაში ცხოვრობდა. თუმცა იმის შიშით, რომ მისი თბილისში ყოფნა  მისი მეუღლის დებისათვის, რომლებიც  კომუნისტური რეჟიმისაგან ისედაც გაწამებული იყვნენ, ზედმეტი უბედურებების მომტანი იქნებოდა, ოლგა მალევე უკან გაემგზავრა.

2007 წელს, ოლგა შჩერაბატოვა-ჯორჯაძის სიკვდილის შემდეგ, მაია კოკოჩაშვილი, მერაბ ჯორჯაძის დის, მაკას შვილიშვილი, ბრიუსელში გაემგზავრა, რათა ოლგას ანდერძის წაკითხვას დასწრებოდა. ანდერძში მისთვის შემდეგი ნივთებია დატოვებული:

  • რუსთა ხელმწიფის, ნიკოლოზ I-ის გრავიურა;
  • გრავიურა, რომელზედაც შავ ზღვაში განლაგებული რუსეთის ფლოტის სამხედო გემია გამოსახული;
  • გრავიურა ალექსანდრე ბარიატინსკის, კავკასიის გენერალ-გუბერნატორის გამოსახულებით;
  • რამდენიმე რუსული ქალაქის გრავიურა;
  • რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ნათლიის გრავიურა;
  • ალექსანდრე ბარიატინსკის პორტრეტი;
  • იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და მისი მეუღლის ფოტოები;
  • 1771-1857 წლებში ფრანგულ და რუსულ ენაზე დაბეჭდილი წიგნები.

ეს ნივთები წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს გადაეცემა, მას შემდგომ, რაც იქ სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდება.


ბიბლიოგრაფიული წყაროები:

  1. ბაგრატიონი, იოანე. შემოკლებით აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა.
  2. გვარიშვილი, ოსიკო. ავადმოსაგონარი 1937 წელი. ბათუმი: აჭარა, 1998.
  3. გურული, ვახტანგ. საქართველოს ისტორია. XX საუკუნე. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003.
  4. თოფჩიშვილი, როლანდ. საქართველოს ეთნოლოგია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008.
  5. კირთაძე, ნესტან. კაენ, სად არის ძმა შენი? ქართველთა ისტორიის სისხლიანი ფურცლები. 1921-1930. თბილისი: გამომც. მერანი, 1998.
  6. მგალობლიშვილი, მიხეილ. 1937: რეპრესირებულების მოგონებები. თბილისი: გამომც. მერანი, 1990.

[ წინ ]