ძმები (ტერენციუსის კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ძმები“ – ძველრომაელი დრამატურგის ტერენციუსის კომედია.

ტერენციუსის ერთ-ერთ საუკეთესო პიესაში „ძმები“ (160 წ. ჩვ. წ.), ალბათ ყველაზე სრულყოფილად და მრავალმხრივად წარმოჩინდება თაობათა შორის ურთიერთობისა თუ აღმზრდელობითი ხასიათის პრობლემები.

პიესა ორი ძმის მაგალითზე ორ განსხვავებულ აღმზრელობით პოზიციას გამოხატავს. ძმათაგან ერთ-ერთს, სოფელში მცხოვრებ მოხუც დემეასს ორი ვაჟი – ესქინესი და კტესიფონი ჰყავს. ესქინესს ქალაქში მცხოვრები, უცოლშვილო მიკეოსი იშვილებს. დემეასის და მიკეოსის აღზრდის მეთოდები მათივე ხასიათებიდან და მსოფლაღქმიდან გამომდინარე რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. მთელი ცხოვრება ქანცგამწყვეტ შრომაში გამტარებელი, – უკვე საჭიროების გარეშეც, საკუთარი თავის არდანდობის ჩვევის ტყვედ ქცეული დემეასი, შესაბამისად, შვილისადმიც ზედმეტად მომთხოვნ მამად იქცა; ახალგაზრდული თავქარიანობისგან შვილის დამცველ საუკეთესო საშუალებად დაუღალავ შრომასა და მკაცრ დისციპლინას მიიჩნევს. მისი ქალაქელი ძმა კი პირუკუ, – ცხოვრებით ტკბობის უნარით დაჯილდოვებული, ცდილობს სხვაც – უპირველესად კი ნაშვილები ყმაწვილი გაახაროს. დამთმობი და ტოლერანტული მიკეოსი მისთვის ჩვეულ გულგახსნილობას, მიმნდობლობასა და ლოიალურობას კტესიფონისადმი გულუხვად ავლენს და სათანადო დაფასებასაც იმსახურებს, – როგორც ვაჟიშვილის, ასევე გარემომცველთა მხრიდან. მიკეოსი თვლის, რომ ზედმეტი მომთხოვნელობა, ახალგაზრდას თავქარიანობისგან განკურნების ნაცვლად სიცრუეს მიაჩვევს; მამის მხრიდან გამოვლენილი ნდობა და ლოიალურობა კი საპასუხო ნდობასა და გულგახსნილობას ბადებს. საპირისპირო შეხედულებების მქონე ძმასთან კამათისას, მიკეოსი ირწმუნება, რომ მამის შიში შვილში არა პატივისცემას, არამედ არაგულწრფელობასა და, ზოგ შემთხვევაში, არაკეთილმოსურნეობასაც იწვევს.

მართლაც, მალევე მიკეოსის აღზრდის მეთოდი – მისი მსოფლაღქმა თითქოს სრულად მართლდება. კითარისტ ქალში შეყვარებული კტესიფონის დასახმარებლად, მისი ძმა ესქინესი ქალს მაჭანკლის ხელიდან ძალით დაიხსნის. დემეასი, მიკეოსს შვილის ცუდად აღზრდისთვის ადანაშაულებს. შემდგომში კი ირკვევა, რომ მამის ნების ესოდენ მორჩილად მიმჩნევი კტესიფონი არც ისეთი მორჩილი ყოფილა, მშობელ მამაზე მეტად კი ბიძას ენდობა. დემეასის მარცხი მასში თავისებურ მეტამორფოზას გამოიწვევს, დემეასი არა იმდენად ძმის შეხედულებების სისწორეში, რამდენადაც საკუთარი პოზიციის ცალმხრივობასა და სწორხაზოვნებაში რწმუნდება. ზედმეტმა სიმკაცრემ მისგან ორივე შვილის გაუცხოება გამოიწვია. მდიდარი, მაგრამ ყველასგან მოძულებულ მარტოსულად სიბერეში დარჩენის პერსპექტივას, დემეასი გულუხვობის გამოვლენას ამჯობინებს. სხვების მაამებლობით საკუთარი თავისთვის სიხარულის მინიჭებას გადაწყვეტს. დემეასის მიერ საკუთარი შეხედულებების შეცვლის უნარში მისი პიროვნული სიძლიერე, გონიერება, ჯანსაღი პრაგმატიზმი ვლინდება. საკუთარი თავისთვისვე ყველაფერზე უარის მთქმელ სიძუნწეს გულუხვობა ენაცვლება, ეგოცენტრიზმი ალტრუიზმით იცვლება. დემეასი აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებისა და გათვალისწინების, – ახლის მიღებისა და შეთვისების უნარი შესწევს. საგულისხმოა, რომ სხვისი აღზრდის პროცესი თავად აღმზრდელისთვისაც შესაძლოა ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდეს, – მეტიც, აღზრდა ყოველთვის ორმხრივ ურთიერთგავლენასა და ურთიერთგანვითარებას გულისხმობს. პარადოქსულია, რომ სწორედ უკიდურესად კონსერვატიულ დემეასს აღმოაჩნდება თავისი ცხოვრებისეული შეხედულებების ცალმხრივობის კრიტიკულად აღქმის უნარი, მაშინ, როდესაც მიკეოსი საკუთარი ლოიალურობით თავმომწონეობის მძევალი აღმოჩნდება. მიკეოსი, მოულოდნელად გარდასახული ძმისა და ვაჟიშვილის ზეწოლით, ყოველნაირ, მათ შორის, უგუნურ თხოვნაზეც კი, უარს ვერ ამბობს, – ესქინესის საცოლის მოხუც დედაზე დაქორწინებაზეც კი თანხმობას იძლევა. მიკეოსი მის მიერვე არჩეული, ყოვლის გამგები, ყოვლის მპატიებელი და დამთმობი კაცის „როლის“ ტყვეობაში აღმოჩნდება და ძმისგან განსხვავებით, საკუთარი პოზიციის ცალმხრივობის შეცნობის ძალა არ შესწევს. მამობილის უზომო დამთმობობით ზედმეტად სარგებლობა, – მისთვის, არასასურველი გადაწყვეტილებების თავზე მოხვევა, – მათ შორის ადამიანის პირად ცხოვრებაში გაუმართლებლად ჩარევა, სწორედ ვაჟიშვილის ეგოცენტრიზმზე მეტყველებს. მის აღზრდაში დაშვებულ შეცდომებს და რაც მთავარია, ამ შეცდომების შეცნობის მიკეოსისეულ უუნარობას ავლენს. კომედია „ძმებში“ ტერენციუსი ზომიერების გრძნობის მქადაგებელ ნებისმიერი სწორხაზოვნებისა და ცალმხრივობის არამყოფელ, ერთი და იმავე მოვლენის სხვადასხვა თვალსაზრისით აღმქმელ და ამ თვალსაზრისების შეჯერებისკენ მომწოდებელ ავტორად გვევლინება.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები