ქაფპლასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაფპლასტი

ქაფპლასტი – თეთრი ფერის, ხისტი, ზემსუბუქი, ეფექტური თბოსაიზოლაციო კონსტრუქციული კომპოზიტური მასალა. მიიღება ძირითადად პოლისტირენის ორგანული ფისის და დანამატების (კატალიზატორი, შემვსები) ნარევის ცხელ მდგომარეობაში აქაფებით. იშვიათად გამოიყენება სხვა ორგანული ფისები ფენოლფორმალდეჰიდის, პოლივინილქლორიდის, პოლიურეთანისა და კაჟის სახით. მასალა შეიცავს 98% ჰაერსა და 2% ხისტ ქაფს.

დამზადება მიმდინარეობს ჩვეულებრივი ატმოსფერული წნევის პირობებში პოლისტირენის გრანულების დამუშავებით ცხელ ორთქლში. პროცესს იმეორებენ რამდენჯერმე, რის შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება მასალის სიმკვრივის მახასიათებლები და, შესაბამისად, მისი წონა. მომზადებულ მასას აშრობენ სპეციალურ კამერებში და სასურველი კომპაქტური ფორმის ნაკეთობას ღებულობენ დაწნეხის მეთოდით.

ქაფპლასტის ბლოკები

ქაფპლასტი დაბალი სიმტკიცის, მაგრამ მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებების მქონე ძალზე იაფი მასალაა. სიმკვრივე – 30-100კგ/მ3. შეიძლება იყოს წვადი, ძნელად წვადი და თვითჩაქრობადი. ეფექტურად გამოიყენება სამფენოვანი გადახურვის ფილებისა და საკედლე პანელების დასამზადებლად. ქაფპლასტი სრულად ინარჩუნებს სიმტკიცის მაჩვენებლებს –60°C ტემპერატურაზეც კი.

ყველა საშენ მასალასთან შედარებით ქაფპლასტის უპირობო უპირატესობაა უნიკალური თბოსაიზოლაციო თვისებები, რაც აიხსნება იმით, რომ მასალა წარმოადგენს ჰაერის უჯრედების ჩაკეტილ ჯაჭვს, რომელიც ამცირებს თბოცვლას და შესაბამისად ხელს უშლის სათავსში სიცივის შეღწევას. ამავე დროს შენობის ბგერაიზოლაციისათვის საკმარისია გარე კედლებს გაუკეთდეს 2-3 სმ სისქის ქაფპლასტის შრე.

მიუხედავად ფოროვანი სტრუქტურისა, ქაფპლასტს ახასიათებს დაბალი ჰიგროსკოპულობა (წყალშთანთქმა); ფილა ინარჩუნებს ფიზიკურ თვისებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არ დეფორმირდება, არ ირღვევა და უძლებს საკმაოდ დიდ დაწნევას. ამის ნათელი დადასტურებაა აეროდრომების ასაფრენ-დასაჯდომი ზოლები, სადაც ქაფპლასტის გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. კომპოზიტი მდგრადია ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ (მარილხსნარები, ტუტეები, მარილმჟავა, კირი, ზღვის წყალი, ცემენტი, ბიტუმი, სილიკონი), თუმცა ზოგიერთი ნივთიერების (ცხოველური და მცენარეული ზეთები, ბენზინი, დიზელის საწვავი) ხანგრძლივი მოქმედება იწვევს ქაფპლასტის კოროზიასა და დაშლას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საშენ მასალად ქაფპლასტის გამოყენებისას იგი უნდა მოვარიდოთ ორგანულ გამხსნელებს (სკიპიდარი, ძმარ-ეთილის ეთერი, აცეტონი), გაჯერებულ ნახშირწყალბადებს (სპირტები) და ნავთობის გადამუშავების პროდუქტებს (ბენზინი, ნავთი, მაზუთი, სოლიარი).

ქაფპლასტის ნაკეთობანი მსუბუქია, ადვილად მუშავდება ჩვეულებრივი ინსტრუმენტებით, მონტაჟდება ხელით, ეკოლოგიურად სუფთაა, თვითჩაქრობადია და მიეკუთვნება შედარებით ცეცხლმედეგი მასალების ჯგუფს.

რუსეთის ფედერაციაში გავრცელებული ქაფპლასტის მარკებია: ППТ-10, ППТ-15, ППТ-20A, ППТ-25, ППТ-35.



წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები