ფირცხალავა არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არჩილ ფირცხალავა

ფირცხალავა არჩილ – (1944 – 1985), ქართველი პოეტი. დაიბადა ზუგდიდში. სწავლობდა ზუგდიდის მე-6 საშუალო სკოლაში. დაამთავრა ამავე ქალაქის საღამოს სკოლა. 1967-1972 წლებში მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობაზე მებეტონედ. იყო გაზეთ „ენგურის ჩირაღდნის“ რედაქტორი და სოხუმის გაზეთ „კომუნისტური შრომის“ კორესპონდენტი. ლექსების წერა 10 წლის ასაკიდან დაიწყო. პირველი წიგნი „გარდუვალობა“ გამოსცა 1985 წელს. გამოცემულია აგრეთვე მისი კრებულები „ცისფერი სინათლე“ (1992) და „წყავის გვირგვინი“ (2003).


* * *
მეცხრე თვეა და მეცხრე კარს ვკეტავ,
ცხრა საოცარი გალობა მესმა...
ნეტავ სიზმარში თუ ნახა დედამ,
წუხელ ლამის რომ გამგუდა ლექსმა.
გადაიარა არყოფნის ელდამ,
თმებშიც თანდათან განათდა მწუხრი,
ნეტავ სიზმარში თუ ნახა დედამ,
რომელ საფლავთან ჩავხარე მუხლი.
ნეტავ თუ იგრძნო ზეციურ დარდით
სად ჩაიხაფრა იმედი ამო...
დავდივარ, როგორც გრანელის ლანდი
და თბილისიდან გაქცევას ვლამობ.
ვით ჩაიხაფრა იმედი ამო,
თითქოს უფსკრულის კიდეზე შევდექ,
სულ უმნიშვნელო ღალატის შემდეგ.
მართლაც ღვთიური ცრემლები დამდის
მართლაც ღვთიური ტრფიალის გამო…...
დავდივარ, როგორც გრანელის ლანდი
და თბილისიდან გაქცევას ვლამობ.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები