სტატისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტატისტიკა (გერმ. Statistik, იტალ. stato, ლათ. status – სახელმწიფო) − მეცნიერება აღრიცხვისა და ანალიზის სფეროში, რომელიც მათემატიკური მეთოდების გამოყენების საფუძველზე შეისწავლის ტიპურ, მასობრივ, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეებს, მათ ცვლილებას დროში, ე.წ. მაჩვენებელთა მწკრივებს; როგორც პრაქტიკული საქმიანობის სფერო − საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების შესახებ მასობრივი მონაცემების შეკრება, გადამუშავება, ანალიზი და გამოქვეყნება.

1. შემთხვევით სიდიდეებზე დაკვირვებების შედეგების ფუნქცია.
2. საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მასობრივი საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეს თვისებრივ მხარესთან მჭიდრო კავშირში ადგილისა და დროის განსაზღვრულ პირობებში.
3. მათემატიკის დარგი, რომელიც მიძღვნილია სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაციის, დამუშავების და კვლევის მათემატიკური მეთოდებისადმი მეცნიერული და პრაქტიკული დასკვნების გასაკეთებლად.

სიტყვა „სტატისტიკა“ გაჩნდა ინგლისში 1770 წ. ის წარმოიქმნა ლათინური სიტყვიდან status, რომელიც იხმარებოდა „პოლიტიკური მდგომარეობის“ აზრით. დარგი განისაზღვრებოდა როგორც მეცნიერება, რომელიც გვასწავლის როგორია თანამედროვე სახელმწიფოთა პოლიტიკური წყობა. შემდგომში სიტყვის მნიშვნელობა რამდენადმე შეიცვალა: XVIII ს-ის განმავლობაში გამოთქმა „სტატისტიკური მონაცემები“ ნიშნავდა ცნობებს მოსახლეობის, წარმოების, პოლიტიკური სიტუაციის შესახებ და ამიტომაც მეცნიერებას ეწოდებოდა „პოლიტიკური არითმეტიკა“. ალბათობათა თეორიის პირველი პრაქტიკული გამოყენება მიეკუთვნება XVII ს-ს; ასეთებია გუდეს და დე ვიტას გამოკვლევები მუდმივი რენტის შესახებ (1671), ჰალეის ცხრილი სიკვდილიანობის შესახებ ლონდონში (1693), რომელიც გახდა სიცოცხლის დაზღვევის საფუძველი, და სხვ.

უახლესი სტატისტიკის დამფუძნებლად ითვლება ბელგიელი ასტრონომი კეტლე, რომელმაც მას საფუძველი ჩაუყარა თავის ორ გახმაურებულ წიგნში – „ადამიანისა და მისი უნარის განვითარების შესახებ“ (1835) და „სოციალური სისტემის და მისი მართვის კანონების შესახებ“ (1848). მან აჩვენა, რომ რაოდენობა დანაშაულობების, ქორწინებების, თვითმკვლელობის, სხვადასხვა ასაკის ჯგუფის წარმომადგენელთა შორის ქორწინების, ქორწინებები უცოლოებისა ქვრივებთან, ქვრივების ქვრივებთან და ა.შ. წლიდან წლამდე თითქმის არ იცვლება. კეტლემ პირველმა კატეგორიულად გამოთქვა აზრი, რომ ზნეობრივი სამყარო იმართება ისეთივე უცილობელი (უდავო) კანონებით, როგორც ფიზიკური სამყარო. კეტლეს დიდი დამსახურებაა სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავებაში მათემატიკური მეთოდების სისტემატური გამოყენება.

ინგლისელმა მეცნიერმა გალტონმა, რომელიც დაინტერესებული იყო სულ სხვადასხვა პრობლემებით (მაგალითად, იგი შეისწავლიდა ლოცვის ქმედითობას, გამოიგონა დაქტილოსკოპიის მეთოდი), საფუძველი ჩაუყარა ბიომეტრიას – მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ცვალებადობისა და მემკვიდრეობითობის ბიოლოგიურ პრობლემებს სტატისტიკური მეთოდების დახმარებით (1889). მისმა ცნობილმა მოწაფემ პირსონმა განსაკუთრებით ბევრი გააკეთა სტატისტიკის განვითარებისა და მისი ბიოლოგიაში გამოყენებისათვის. მან განავითარა გალტონის იდეა კორელაციური კავშირების შესახებ, ბევრი რამ შესძინა. არჩევის თეორიას, მისი ხელმძღვანელობით შედგენილია მრავალრიცხოვანი და ვრცელი სტატისტიკური ცხრილები. სტატისტიკამ ალბათობათა თეორიას წაუყენა მოთხოვნები, რომლებმაც გამოიწვიეს ამ მეცნიერების საფუძვლების გადასინჯვა. შემდგომი ერთდროული განვითარება სტატისტიკისა და ალბათობათა თეორიისა დაკავშირებულია ფიშერისა და მიზესის შრომებთან. ფიშერმა შექმნა დისპერსიული ანალიზის მეთოდი, რომელიც დიდ როლს ასრულებს აგრონომიაში და სხვა პრაქტიკულ მეცნიერებაში მათემატიკური სტატისტიკის გამოყენების საკითხში.

XIX ს-ის მე-2 ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისში ჩამოყალიბდა სპეციალური მეცნიერული დისციპლინა – მათემატიკური სტატისტიკა. ფონ ნეიმანის აზრით „მათემატიკური სტატისტიკის თანამედროვე დონე შეიძლება შევადაროთ ვაიერშტრასის ეპოქის ანალიზს ..., ხდება თეორიის ძირითადი დებულებების გადასინჯვა, ჩვეული დაშვებები მოწმდება მათი გამოყენების არის ზუსტი განსაზღვრის მიზნით, – იგება საწინააღმდეგო მაგალითები, რომელიც აჩვენებს ძველი დამტკიცების არასაკმარისობას“.

თანამედროვე სტატისტიკის ბაზაა გამოთვლითი ცენტრის ქსელი. საინფორმაციო გამომთვლელი და მანქანურ-საანგარიშო სადგურები, სტატისტიკის ავტომატური სისტემები.

საისტორიო წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII ს-დან იწყება. 1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება. 1689 წლიდან, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ თავიანთ სადროშოებში ხალხის აღწერას. ჩვენ დრომდე მოღწეულია XVII-XVIII სს დავთრები, რომლებშიც შეჰქონდათ აღწერის შედეგად მოპოვებული ცნობები.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები