ონასისი არისტოტელე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არისტოტელე ონასისი

არისტოტელე ონასისი - (ბერძ. Αριστοτέλης Ωνάσης; 15 იანვარი 1906 — 15 მარტი 1975), ბერძენი მაგნატი, გემების მფლობელი, მილიარდერი.

ბიოგრაფია

არისტოტელე სოკრატ ონასისი, ეროვნებით ბერძენი, 1906 წელს თურქეთის ქალაქ სმირნაში (დღევანდელ იზმირში) დაიბადა. არისტოტელეს მამა, სოკრატე, სმირნაში თამბაქოთი ვაჭრობდა. ის, რა თქმა უნდა, მილიონერთა რიცხვში არ შედიოდა, მაგრამ ამ თურქულ ქალაქში მცხოვრებ ბერძენთა შორის მდიდარ ადამიანად ითვლებოდა და სასწავლებლად შვილის გაგზავნას ოქსფორდში, ინგლისში აპირებდა. პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთი და საბერძნეთი ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებს მიეკუთვნებოდნენ.

1922 წლის შემოდგომისთვის ბერძენთა ოცნება “დიადი საბერძნეთის” შესახებ ნისლივით გაიფანტა. თურქებმა დაიპყრეს ქალაქი სმირნა და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გაანადგურეს ქალაქში მცხოვრები ბერძნები. ექვსი დღის განმავლობაში ამოხოცეს 120 ათასი ბერძენი და დაანგრიეს ბერძენთა 5 ათასი სახლი. სოკრატ ონასისს, რომელიც ბერძენთა ჯარს ფინანსურ დახმარებას უწევდა, დაპატიმრება, წამება და სიკვდილიც კი ელოდა.

თექვსმეტი წლის არისტოტელემ, რომელიც მამის დაპატიმრების შემდეგ ოჯახის უფროსი გახდა, მამის დაცარიელებული სახლის სარდაფში არყის მარაგს მიაგნო, რომელიც მან თურქ მეომრებს დაურიგა, სანაცვლოდ კი ქალაქში გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვა მიიღო. ამ ნებართვის საშუალებით მან ბერძენთა გადამწვარ რაიონში შეაღწია, მამისეული სავაჭრო კანტორის ნანგრევებში მოძებნა სოკრატ ონასისის ფოლადის ყულაბა, სადაც 5 ათასი დოლარი ინახებოდა. აქედან 3 ათასით მოისყიდა სამხედრო ტრიბუნალი და მამამისი ციხისგან იხსნა, ხოლო დანარჩენი 2 ათასი სმირნაში მყოფ ამერიკის ვიცე-კონსულს მისცა, რათა ონასისის ოჯახი ურიგოდ მოხვედრილიყო ლტოლვილებით გადატვირთულ, საბერძნეთში მიმავალ გემზე.

თურქებთან დამარცხების შედეგად სამშობლოსკენ დაიძრა 1,5 მილიონი ბერძენი. საბერძნეთი კი ამ დროს უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. არისტოტელესთვის, რომელმაც კარგად იცოდა ფულის ყადრი, ათენისთვის ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა, რომ დაენახა იქ არსებული უიმედო სიტუაცია. 1923 წლის ზაფხულში ონასისების ოჯახი ათენში ჩავიდა. აგვისტოში კი არისტოტელე ბუენოს-აირესისკენ მიმავალ გემ “ტომაზო დი სავოიას (Tomazo Di Savoir) ტვირთსაცავში იჯდა.

გემის სატვირთო განყოფილებაში ხის მორებსა და დაჟანგულ მილებზე ზღვის ავადმყოფობისგან დატანჯული, ქარიშხლისგან შეშინებული ათასი იტალიელი და ბერძენი ემიგრანტი იმყოფებოდა. სატვირთო განყოფილების გასასვლელში მცველები იდგნენ, რათა ემიგრანტებისთვის არ მიეცათ გემბანზე ასვლის უფლება და ამით შეენარჩუნებინათ მგზავრებისთვის განკუთვნილ, რამდენიმე კაიუტაში მყოფ პირთა მყუდროება. სწორედ იმ დროს, როდესაც ქარიშხალი უკიდურესად გამძვინვარდა, გასასვლელთან მდგომ მცველს ჩვიდმეტი წლის ბიჭუნა მიუახლოვდა და ორი ოცდოლარიანი კუპიურა მიაწოდა. მეზღვაურმა მას ფული გამოართვა და შავთმიან ყმაწვილს გემბანზე ასვლის ნება მისცა.

ამრიგად, ქრთამის წყალობით არისტოტელემ მოახერხა აყროლებული სატვირთო განყოფილებიდან გემბანზე ასვლა. როცა ქარიშხალი ოდნავ ჩაწყნარდა მან მეორე მეზღვაურს მიმართა. ეს უკანასკნელი სასმელი წყლის ცისტერნის ტუმბოს ყარაულობდა. ამჯერად, ონასისმა მას ათი დოლარი მისცა, რათა ოდნავ მაინც შეძლებოდა საცავში არსებული ჭუჭყის მოშორება. ონასისს კიდევ 60 დოლარი ჰქონდა. თანხა, რომელიც მას დარჩა არგენტინაში, ბუენოს-აირესში ჩასვლისას.

ჟაკლინ კენედი და არისტოტელე ონასისი

არგენტინაში ყოფნის პირველი თვეების განმავლობაში ონასის უმცროსი შავ სამუშაოს ასრულებდა. ის იყო დოკერი, რომელიღაც სამიკიტნოში მიმტანად მუშაობდა, რეცხავდა ჭურჭელს ბერძნული რესტორნის სამზარეულოში. ონასისს, რომელიც ფლობდა ბერძნულს, თურქულსა და ინგლისურს, ხოლო შემდეგ იტალიურსა და ესპანურს, მთელი წელი დასჭირდა, რათა სამუშაო ეშოვა გიგანტური ამერიკული ტრესტის შვილობილ საწარმოში, რომლის ხელშიც იყო მთელი სამხრეთ ამერიკის სატელეფონო ქსელი. კვირაში მას 40 დოლარი ჰქონდა, რაც იმდროისთვის არგენტინაში “სერიოზულ ფულად” ითვლებოდა. პირველი 40 დოლარი მან გონივრულად გამოიყენა: შეიძინა შესაფერისი ტანსაცმელი, რათა ბუენოს-აირესში არსებულ ერთ-ერთ არისტოკრატულ იახტა-კლუბში გაწევრიანებულიყო. ის ფულს არ ფლანგავდა. ეს გახლდათ ცნობილი “ონასისის რეცეპტის” მეორე შემადგენელი ელემენტი _ კავშირების შეძენა.

არისტოკრატული იახტა-კლუბის ახალი წევრი დანარჩენ დროს, როდესაც კლუბის რომელიმე ორჩხომელზე არ იმყოფებოდა, ცხოვრობდა როგორც ნამდვილი ღატაკი. ეს სიღატაკე გრძელდებოდა მანამ, სანამ მან პირველ ათას დოლარს არ მოუყარა თავი. ამის შემდეგ უკვე შეიძლებოდა მამისთვის წერილის გაგზავნა. მამამისი მიუხედავად იმისა, რომ უწინდელზე უფრო ღარიბად ცხოვრობდა, საბერძნეთშიც ეწეოდა თავის ჩვეულ ბიზნესს - თამბაქოთი ვაჭრობდა. არგენტინაში იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ბერძნული თამბაქო. იქ კუბის თამბაქოს ურევდნენ აშშ-ის სამხრეთში მოყვანილი თამბაქოს სახეობებს. სამსახურის შემდეგ მამის მიერ მიცემული თამბაქოს ნიმუშებით ხელში არისტოტელე კომივოიაჟერობას ეწეოდა. საქმეს ის გარემოებაც უწყობდა ხელს, რომ კლუბის წევრთა უმრავლესობა მსხვილი იმპორტიორები იყვნენ. ორი წლის განმავლობაში იკვლევდა ონასისი გზას არგენტინის თამბაქოს ბაზრისკენ: უკვე მისი შუამავლობით არგენტინის მსხვილი ქალაქების თამბაქოს ბაზრებში არსებული თამბაქოს 1/3 ბერძნული და თურქული სახეობისა იყო. თამბაქოს ბიზნესი ონასისმა 1925 წელს, 19 წლის ასაკში დაიწყო. ორი წლის შემდეგ, 1927 წელს, მას თავის ანგარიშზე უკვე 100 ათასი დოლარი ჰქონდა.

ფული ფულისკენ მიდის. ონასისმა, უაღრესად ნიჭიერმა და მეწარმეობის ალღოს მქონე პიროვნებამ, ძალიან ზუსტად იცოდა, თუ როგორ გამოეყენებინა ეს ძველი მექანიზმი. ამოქმედდა ონასისის რეცეპტის მესამე ელემენტიც: მოხერხებულად შეთავაზებულმა ქრთამებმა და კარგი საქმიანი ურთიერთობების დამყარებამ მას უბიძგა გადაედგა შემდეგი ნაბიჯი: რისკზე წასვლა.

მონტევიდეოს პორტში, წყლის ქვეშ იყო მოქცეული რამდენიმე ათასი ტონის ტევადობის ტანკერი. ის უკვე რამდენიმე წლის წინ იყო ჩაძირული და იჟანგებოდა. ონასისი მონტევიდეოში გაემგზავრა. ნავით შემოუარა ჩაძირულ ტანკერს და მისი შესყიდვის ფასზე დაფიქრდა. ერთი საათის განმავლობაში გარიგება შედგა. ტანკერი წყლიდან ამოიტანეს, 10 ათას დოლარად წესრიგში მოიყვანეს და ორი თვის შემდეგ ონასისმა ის გაყიდა. გაყიდვის შედეგად მან 50 ათასი დოლარის სუფთა მოგება მიიღო. ასე დაიწყო ონასისის, როგორც გემების მფლობელის, ახალი ბიზნესი.

რა თქმა უნდა, თამბაქოს იმპორტისთვის მას თავი არ დაუნებებია, მაგრამ მის გემებს უკვე გადაჰქონდა ხორბალი, ბეწვეულობა, დაუმუშავებელი ტყავიც კი. ონასისის გემებს საქონელი ამერიკიდან ატლანტის ოკეანის გავლით ევროპაში ჩაჰქონდათ და ამით ონასისი კარგ შემოსავალს ღებულობდა.

1929 წელს, 23 წლის ასაკში, არგენტინაში ჩასვლის 6 წლისთავზე ონასისი მილიონერი გახდა. თავის “რეცეპტს” ის თავდაუზოგავი გამტანობითა და არნახული ენერგიით ახორციელებდა. ის ისეთი ჯანმრთელი გახლდათ, რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში ღამეში სულ 3-4 საათის ძილი ჰყოფნიდა. დასვენებისა და ძილის გარეშე მას შეეძლო ემუშავა ზედიზედ 2 ან 3 დღე-ღამის განმავლობაში. მეოთხე დღეს კი 12-14 საათი ეძინა, რის შედეგად კვლავ მხნედ და ენერგიულად გამოიყურებოდა.

რაც შეეხება სამთავრობო დონის კავშირების დამყარებას, მან ეს იმავე წელს მოახერხა, როდესაც თავის პირველ მილიონს მოუყარა თავი. საბერძნეთის მთავრობამ დაბეგვრის ახალი წესები შემოიღო. პრემიერის პოსტზე ამ დროისთვის ვენიზელოსი იყო. ამან მნიშვნელოვნად გააძვირა ის საქონელი, რომელიც საბერძნეთში იმ ქვეყნებიდან შემოჰქონდათ, რომელთანაც საბერძნეთს მოკლევადიანი სავაჭრო შეთანხმებები ჰქონდა დადებული. ამ წესებმა შელახეს ასობით ამერიკელი და ბერძენი ბიზნესმენის ინტერესები. მაგრამ ონასისი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც ამ ბიზნესმენთა ინტერესების დასაცავად ამხედრდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ის განუწყვეტლივ უგზავნიდა წერილებს (და არა მარტო წერილებს, არამედ საჩუქრებსაც) ათენისა და ბუენოს-აირესის ჩინოვნიკებს. შემდეგ კი თვითონ გაემგზავრა საბერძნეთში და ვენიზელოსს აუდიენცია სთხოვა. ონასისმა მოთხოვნაში ისიც აღნიშნა, რომ სმირნისთვის ბრძოლაში მამამისმა საბერძნეთის არმიისთვის გაწეული დახმარების გამო დიდი მსხვერპლი გაიღო.

ვენიზელოსმა მიიღო იგი, გასცა ბრძანება შეესწავლათ ონასისის წინადადება, რომელიც შეეხებოდა საბერძნეთ-არგენტინის გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმების დადებას და შემდეგEეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაეგზავნათ. რამდენიმე დღეში ონასისი საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია. მინისტრი უღიმღამოდ ესაუბრა მას, საუბრისას კი ფრჩხილებს ქლიბით ილამაზებდა. ბოლოს შესთავაზა: სამდივნოში ტელეფონის ნომერი დატოვეთ და თქვენი წინადადების ბედს მოგვიანებით შეგატყობინებთო. მაშინ ონასისი წამოდგა, ფეხი სკამზე შემოდგა და ხმაურისგან შეცბუნებულ მინისტრს უთხრა: _ “ბატონო მინისტრო, მეგონა თქვენ მზად იყავით განიხილოთ საქმე, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია საბერძნეთისთვის, თქვენ კი, ჩანს გეძინათ ჩემი საუბრის დროს. და საერთოდ, თქვენ საკუთარი ფრჩხილები უფრო გაინტერესებთ, ვიდრე საბერძნეთის საგარეო ვაჭრობა.

მინისტრმა დაბრუნება სთხოვა უკვე კარებისკენ მიმავალ ონასისს, ხოლო ორი კვირის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე არგენტინის მოქალაქე გახლდათ, ბერძნული დიპლომატიური პასპორტით ხელში, ონასისი გაემგზავრა, როგორც ვენიზელოსის საგანგებო წარმომადგენელი ბუენოს-აირესში. ხოლო კიდევ სამი კვირის შემდეგ დაიდო საბერძნეთ-არგენტინის სავაჭრო შეთანხმება; ონასისი კი დაინიშნა საბერძნეთის გენერალურ კონსულად არგენტინაში. ვაჭრობა კვლავ გაცხოველდა. ამის პარალელურად ონასისიც მდიდრდებოდა.

1931 წლის ზამთრისთვის, როდესაც მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, მონრეალის პორტში, 2 წლის განმავლობაში უმოქმედოდ მდგარი, კანადის გემების მფლობელი კომპანიის სავაჭრო ფლოტი დაჟანგვის პირას იყო მისული. სულ ათი გემი იდგა, რომლებიც თავის დროზე მეპარტრონეებმა 20 მილიონ დოლარად შეიძინეს. ამჟამად, მწვავე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, თითოეული 100 ათას დოლარად იყო შეფასებული. კრიზისის გამო გემები უმოქმედოდ იდგნენ პორტში, ხოლო მათ მფლობელებს ფინანსური კრახი ემუქრებოდათ. მონრეალში ჩასვლისთანავე ონასისმა დაათვალიერა გემები, მათგან შეარჩია ექვსი საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი და მაგიდაზე 120 ათასი დოლარი დააწყო, ე. ი. ზუსტად იმდენი, რაც გემების ჯართად ჩაბარების შემთხვევაში შეიძლებოდა მიეღოთ მათ მფლობელებს. ფირმას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, იძულებული იყო ამაზე დათანხმებულიყო.

ამრიგად, ონასისმა შეიძინა გემები, თუმცა თვითონაც კინაღამ გაკოტრდა ამ მეტად სარისკო გარიგების შედეგად, რადგან ორი წლის ლოდინი დასჭირდა, რათა ეშოვა ტვირთი თავისი პატარა ფლოტისთვის. ამ ხნის განმავლობაში ის იძულებული გახდა გაეყიდა 4 გემი (მცირეოდენი მოგებით), ვინაიდან ეკონომიკური კრიზისის გამო მხოლოდ ორი გემისთვის გამოიძებნა საქმე.

1934 წელს ონასისის ქონება უკვე 10 მილიონ დოლარს შეადგენდა. სწორედამ დროს მივიდა ის იმ დასკვნამდე, რომ მსოფლიო ეკონომიკაში მალე დადგებოდა ნავთობის ეპოქა. ხოლო ნავთობის გადასაზიდად საჭირო იყო ნავთობმზიდი ტანკერები, ე. ი. სრულიად განსხვავებული ტიპის გემები.

ვინაიდან მსოფლიო კრიზისი კვლავ გრძელდებოდა, ნორვეგიისა და შვედეთის მსხვილი გემთმშენებელი კომპანიები მზად იყვნენ შეესრულებინათ შეკვეთა იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამკვეთი ავანსის სახით გემის ღირებულების მხოლოდ 10%-ს გადაიხდიდა. ნავთობმზიდი გემების ტონაჟი იმ დროისთვის 10 ათას ტონას შეადგენდა, ხოლო დიდი წყალწყვის ტანკერები უკვე გიგანტებად ითვლებოდნენ. ონასისმა მოულოდნელად შეუკვეთა 15 ათასი ტონის წყალწყვის გემი. ამ გემს მომავალში “არისტონი” (Ariston) უწოდეს. ამას კიდევ ორი შეკვეთა მოჰყვა ტანკერებისა “არისტოფანე” და “ბუენოს-აირესი. “არისტონი” 700 ათასი დოლარი დაჯდა, მაგრამ ონასისს თავიდან მხოლოდ 70 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვეს.

მას შემდეგ, რაც გემი ჩაიბარა, ონასისმა არ დააყოვნა და სხვა კონკურენტებთან შედარებით უფრო იაფად გაურიგდა კლიენტებს. ნავთობის საერთაშორისო ბიზნესის ჯუნგლებში “მარტოხელა მგლად” ცნობილმა პოლ ჰეტიმ, ონასისს დაავალა ნავთობის გადაზიდვა კალიფორნიიდან იაპონიის პორტებში ცნობილი სავაჭრო სახლის “მიცუისთვის”(Mitsui). ერთი წლის განმავლობაში ტანკერმა არისტონი, 600 ათასი დოლარი გააკეთა. ასეთივე მოგება მოუტანეს ონასისს ექსპლუატაციაში გაშვების პირველსა და მეორე წელს “არისტოფანემ” და “ბუენოს-აირესმა.

ონასისის კლასიკური განცხადებაც ამ პერიოდს ეკუთვნის: _ “როგორც ბერძენი, მე დასავლეთს ვეკუთვნი. როგორც გემების მფლობელი _ კაპიტალიზმს. მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ის ქვეყანა, სადაც ნაკლებ დაბრკოლებებს მიქმნიან და სადაც მცირე გადასახადებს ითხოვენ.

ერთი სიტყვით, ომის წლებშიც იზრდებოდა ონასისის სიმდიდრე. თვით ონასისს ძალიან უყვარდა “ტკბილი ცხოვრება” და მან ნიუ-იორკის ძვირად ღირებულ აპარტამენტებში დაიდო ბინა, ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სახურავზე _ რიცის” კოშკში.

მან ამავე წლებში შეიძინა მამული ნიუ-იორკის მახლობლად, ლონგ-აილენდში (Long-Iland). ამ ტერიტორიაზე არისტოკრატები და მდიდარი ფენის წარმომადგენლები სახლობდნენ. ჩვეულებრივ, შაბათ-კვირას ონასისი სწორედ თავის მამულში ატარებდა კინოფაბრიკის დირექტორის, წარმოშობით ბერძენი მილიონერის სკოუროსა და კიდევ გემებისმფლობელ ბერძენთა, ლივანოსისა და ნიარხოსის საზოგადოებაში.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ონასისის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემდგომ კარიერაზე. პირველი _ შეიქმნა მომავალ მილიარდერთა კლანი: ლივანოს-ნიარხოს-ონასისი. ამ დროისთვის ლივანოსის ხელში იყო მსოფლიოში უდიდესი ფლოტი და თუ შევადარებთ მას ონასისთან, მაშინ ნიარხოსს შეეძლო შეესყიდა ონასისის მთელი ფლოტი მხოლოდ იმ თანხით, რომელიც მას “მარცხენა ჯიბეში ჰქონდა. და აი, ლივანოსის ერთ-ერთი ქალიშვილი, _ თინა, _ ცოლად გაჰყვა ონასისს, ხოლო მეორე, _ ევგენია კი, _ ნიარხოსს. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა: ამ ქორწინებამ ვერ გაამყარა სამი მილიარდერის საქმიანი კავშირი. პირიქით, ონასისსა და ნიარხოსს შორის ბრძოლა გაჩაღდა, რომელმაც ათწლეულები გასტანა და თავისი დაღი დაასვა მსოფლიოს კერძო ფლოტების ისტორიას. ერთხელ ონასისმა განაცხადა; “თავისუფალ დროს ჩვენ უმთავრესად ერთმანეთის ქიშპობაში ვატარებთ, მაგრამ ზოგჯერ ვახშმად საერთო მაგიდასთან ვსხდებით და ქალბატონების რიდის გამო ვცდილობთ წესიერად მოვიქცეთ.

მეორე, და შეიძლება ითქვას, მსოფლიო ეკონომიკის თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვან მოვლენათა სერია გახლდათ ონასისის ბრძოლა ამერიკის უმსხვილესი ნავთობის ტრესტების წინააღმდეგ. ონასისის ფლოტი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის მთავრობამ დაიწყო ომის დროს მთავრობის ხარჯებით აგებული ათასობით ამერიკული გემის გაყიდვა. ონასისმა მოახერხა საუკეთესო გემების თითქმის გროშებად შეძენა. ეს გემები ცნობილი იყო სახელწოდებით ლიბერთი” (Liberty). ამ გემებით გადაჰქონდათ ომის დროს მოკავშირეთა არმიისთვის საჭირო საქონელი. ომის დამთავრების შემდეგ აშშ-ში მიიღეს კანონი გემების გაყიდვის შესახებ, რადგან ისინი უკვე მთავრობას არ სჭირდებოდა. ამ კანონის მიხედვით მათი შეძენის უფლება მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებს ჰქონდათ. მაგრამ ონასისისთვის კანონი დიდ დაბრკოლებას არ წარმოაგენდა: მისი მეუღლე, თინა ლივანოსი, ამერიკის მოქალაქე გახლდათ. ამრიგად, ონასისმა მეუღლის სახელით რამდენიმე ათეული გემი შეიძინა. აშშ-ის გენერალური პროკურორი ერთი პერიოდი ცდილობდა ხელი შეეშალა ამ ყიდვა-გაყიდვისთვის, მაგრამ უშედეგოდ: ონასისი დაჰპირდა აშშ-ს გემთმშენებელ საწარმოებს, რომ უახლოეს მომავალში 50 მილიონის ოდენობის შეკვეთებს მისცემდა. შედეგად ონასისმა შესყიდულ გემებზე თავის საკუთრებად გამოცხადების ნებართვა მიიღო.

თუ რა დონის კავშირები და კონტაქტები ჰქონდა ონასისს, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე საათში ონასისმა თეთრი სახლის პროტოკოლის ხელმძღვანელის წერილი მიიღო პრეზიდენტის დასაფლავებაზე საპატიო სტუმრად მოწვევის შესახებ. ამ დროიდან დაიწყო ონასისის რომანი ჯონ კენედის ქვრივთან, ჟაკლინ კენედთან, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მათი ქორწინებით დამთავრდა.

ფაქტია, რომ მწვერვალიდან გზა ყოველთვის მხოლოდ დაბლა მიდის. “ონასისის იმპერიის” მემკვიდრე, ალექსანდრე, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ქალიშვილი _ ქრისტინა, რომელსაც სასწრაფოდ და ნაჩქარევად არკვევდნენ კომერციის არსსა და საქმიანი ცხოვრების ჩახლართულ ლაბირინთებში, ძლიერ დატვირთვას გაჭირვებით იტანდა. 1974 წელს თვით ონასისიც ძალიან ცუდად გახდა. ის 1975 წელს გარდაიცვალა პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები