ნამიბიის პრობლემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნამიბიის პრობლემა – აღმოცენდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის (1910-60 – სამხრეთ აფრიკის კავშირი) მთავრობის მიერ ნამიბიის მიმართ გატარებული კოლონიური პოლიტიკის შედეგად.

1864 გერმანიის მიერ ნამიბიის ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ იქ გამოცხადდა პროტექტორატი სახელწოდებით გერმანული სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა. პირველი მსოფლიო ომის (1914-18) დასრულების შემდეგ გერმანული სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა (რომელსაც 1968 გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ოფიციალურად ეწოდა ნამიბია) შეიყვანეს ერთა ლიგის სამანდატო სისტემაში და 1920 გადავიდა სამხრეთ აფრიკის კავშირის მმართველობაში. 1949 სამხრეთ აფრიკის კავშირის მთავრობამ იგნორირება გაუკეთა გაეროს გადაწყვეტილებებს, უარი თქვა საერთაშორისო მეურვეობის სისტემაში სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ჩართვაზე და ფაქტობრივად მისი ანექსირება მოახდინა. გაეროს გენერალური ასამბლეის XXI სესიამ (1966) შეწყვიტა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მმართველობის მანდატი და მის ტერიტორიაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა დააკისრა გაეროს. 1967 გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნამიბიის მმართველობისათვის (მისი დამოუკიდებლობის მიღწევამდე) ნამიბიელი ხალხის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად შექმნა გაეროს ნამიბიის საკითხთა საბჭო 31 სახელმწიფოს შემადგენლობით. ნამიბიის პრობლემის განხილვისას გაეროს გენერალური ასამბლეა არაერთხელ მოითხოვდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რასისტული რეჟიმის მიერ ნამიბიის ოკუპაციის შეწყვეტას, ადასტურებდა ნამიბიელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის კანონიერებას, 1973 გაერომ სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სახალხო ორგანიზაცია (სეაპო) აღიარა ნამიბიელი ხალხი ერთადერთ და ჭეშმარიტ წარმომადგენლად.

1978 გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო ნამიბიის პრობლემის რეგულირების კონკრეტული გეგმა (№435 რეზოლუცია), რომელიც ცნობილია „გაეროს გეგმის“ სახელწოდებით. იგი ითვალისწინებდა ნამიბიისათვის დამოუკიდებლობის ეტაპობრივ მინიჭებას: დაზავებას, ნამიბიის ტერიტორიაზე გაეროს მეთვალყურეებისა და სამხედრო შემადგენლობის შეყვანას, დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარებას, რომელსაც შემდეგ უნდა მიეღო კონსტიტუცია. არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში ძირითადი როლი უნდა შეესრულებინა არა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, არამედ გარდამავალი პერიოდის ხელშემწყობ გაეროს ჯგუფს.

1988 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, ანგოლამ და კუბამ ნიუ-იორკში ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას ნამიბიის საკითხზე. მოლაპარაკებას მეთვალყურეების სახით ესწრებოდნენ აშშ-ისა და სსრკ-ის წარმომადგენლები. ნამიბიაში ჩატარდა დამფუძნებელი ასამბლეის – მომავალი პარლამენტის არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სახალხო ორგანიზაციამ (სვაპო). მან მიიღო უფლება, შეემუშავებინა კონსტიტუციის პროექტი. 1990 წლის 21 მარტს ნამიბიის დამფუძნებელმა ასამბლეამ ერთხმად მოიწონა ქვეყნის ძირითადი კანონი. კონსტიტუციის თანახმად, რესპუბლიკას სათავეში უდგას პრეზიდენტი, რომელსაც ენიჭება აღმასრულებელი ხელისუფლება არა უმეტეს ორი ხუთწლიანი ვადით. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ორპალატიან პარლამენტს. ოფიციალურად განმტკიცებულია მრავალპარტიული სისტემა და შერეული ეკონომიკის პრინციპი, გარანტირებულია ნამიბიელთა თანასწორობა რასის და რელიგიური რწმენის მიუხედავად, ნამიბიის პირველი პრეზიდენტი გახდა სვაპოს ლიდერი სემ ნუიომა, ხოლო 21 მარტს გამოცხადდა აფრიკის კონტინენტის უკანასკნელი კოლონიის – ნამიბიის დამოუკიდებლობა.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები