მსოფლიო სავალუტო სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო სავალუტო სისტემა – (ინგლ. World Monetary System), საერთაშორისო სავალუტო ურთიერთობის ორგანიზაციის ფორმათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო მიმოქცევას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროს. მსოფლიო სავალუტო სისტემამ განვითარება დაიწყო მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან. იგი ცნობილია ოქროს სტანდარტის თავდაპირველი ფორმის – ოქრომონეტური სტანდარტის სახით, რომელიც გულისხმობდა:

1) ოქროს მონეტების თავისუფალ მოჭრას;
2) ღირებულების ნიშნების თავისუფალ გადახურდავებას ოქროს მონეტებზე;
3) ოქროს თავისუფალ ექსპორტ-იმპორტს.

ვალუტის შექცევადობის სრულყოფილი ხასიათი, რაც გამოიხატებოდა ერთი ქვეყნის ვალუტის ფიქსირებული პარიტეტის მიხედვით გაცვლაში არა მხოლოდ სხვა ვალუტაზე, არამედ ოქროზეც, ოქრომონეტური სტანდარტის კრახამდე შემორჩა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკის სწრაფმა აღმავლობამ ბევრ ქვეყანაში (ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.) აღადგინა ვალუტის სრულყოფილი შექცევადობა არა ოქროს მონეტებში, არამედ ოქროს ზოდებში. ჩამოყალიბდა ოქროს სტანდარტის მეორე ფორმა − ოქროზოდური სტანდარტი, რომელიც მოქმედებდა XX საუკუნის 30-იან წლებამდე. ეს პერიოდი მსოფლიო სავალუტო სისტემის განვითარების მეორე ეტაპია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ღირებულების ნიშნების გადახურდავება ოქროს ზოდებზე. ზოგიერთ ქვეყანაში (მეტწილად კოლონიურ ქვეყნებში), ოქროს ფონდის სიმცირის გამო, შემოიღეს ოქროდევიზური სტანდარტი, სტანდარტი რომელიც ძირითადად ითვალისწინებდა ბანკნოტების უცხოურ ვალუტაზე გადახურდავებას. როგორც ოქროზოდური, ისე ოქროდევიზური სტანდარტის დროს ნებადართული იყო თავისუფალი ექსპორტ-იმპორტი. მსოფლიო სავალუტო სისტემის ორგანიზაციის ეს ახალი ტიპი იურიდიულად გაფორმდა 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. მის საფუძველს ოქროს ზოდები და დევიზები შეადგენდა.

ვალუტის სრულყოფილი შექცევადობა (ე.ი. ოქროს სტანდარტული სისტემა) გაგრძელდა 1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე. „დიდი დეპრესიის” წლებმა მძლავრი დარტყმა მიაყენა ოქროს სტანდარტს და საბოლოოდ დაუსვა წერტილი მის არსებობას. დაიწყო მსოფლიო სავალუტო სისტემის კრიზისი, რაც გამოიხატა სავალუტო შეზღუდვების შემოღებით, ოქროს თავისუფალი გატანა-შემოტანის აკრძალვით, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტების გაუფასურებით და ა.შ. მეორე მსოფლიო ომმა კიდევ უფრო გააღრმავა გენუის სავალუტო სისტემის კრიზისი.

მსოფლიო სავალუტო სისტემის მესამე ეტაპი უკავშირდება ბრეტონ-ვუდსის სავალუტო სისტემის შექმნას. იგი იურიდიულად გაფორმდა ბრეტონ-ვუდსის (აშშ-ის კურორტი) ცნობილ კონფერენციაზე, რომელმაც განსაზღვრა ახალი მსოფლიო სავალუტო სისტემის შემდეგი ძირითადი ფუნქციები:
1) ოქროსავალუტო სტანდარტის შემოღება;
2)ფიქსირებული სავალუტო კურსების დაწესება;
3) მსოფლიო სავალუტო-საკრედიტო სისტემის შექმნა.

ბრეტონ-ვუდსის სავალუტო სისტემის შექმნით საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა ქვეყნის სავალუტო კავშირების სახელმწიფოთაშორის რეგულირებას. შეიქმნა ეროვნული ვალუტების ურთიერთგაცვლის ანუ ურთიერთკონვერტირების სამართლებრივი მექანიზმი. სავალუტო რეზერვს ოქროსთან ერთად წამყვანი ვალუტებიც შეადგენდა. მსოფლიო სავალუტო მექანიზმის განმსაზღვრელი ძირითადად ამერიკული დოლარი გახდა. მას დაეკისრა მთავარი სარეზერვო ვალუტის როლი. ამასთან, 60-იან წლებში სტაბილური კურსი დაიმკვიდრა გფრ-ის მარკამ და იაპონურმა იენმა.

ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის გადაწყვეტილებით შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი.

70-იანი წლების დასაწყისში ტრანსნაციონალური კაპიტალის ჩამოყალიბებამ გააძლიერა მსოფლიო კაპიტალისტური მეურნეობის ინტერნაციონალიზაცია. აშშ-მა შეწყვიტა დოლარის ოქროზე გაცვლა ოფიციალური ფასებით, რის გამოც საერთაშორისო სავალუტო მექანიზმის ძირითადი რგოლები მწყობრიდან გამოვიდა. დაიწყო მსოფლიო სავალუტო სისტემის კრიზისი, რამაც დღის წესრიგში დააყენა მისი რეფორმის აუცილებლობა. ბრეტონ-ვუდსის - სავალუტო სისტემამ არსებობა შეწყვიტა.

1976 წლიდან მსოფლიო სავალუტო სისტემის განვითარებაში დაიწყო მეოთხე ეტაპი. მაიკის ქალაქ კინგსტონში განისაზღვრა ახალი მსოფლიო სავალუტო სისტემის კონტურები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებით 1978 წელს გაუქმდა ოქროს პარიტეტი.

ოქრო, რომელიც სავალუტო სისტემაში XX საუკუნის 70-იან წლებამდე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, გამოიდევნა საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროდან. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საბოლოო დემონეტიზაციის შესახებ. მთავარი ვალუტის სტატუსი მიენიჭა ამერიკულ დოლარს, ხოლო განმსაზღვრელი როლი − საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს. დოლარი, ფაქტობრივად, დარჩა საერთაშორისო საგადასახდელო და სარეზერვო საშუალებად. ეს ძირითადად განაპირობა აშშ-ის უდიდესმა ეკონომიკურმა პოტენციალმა და მსოფლიოში მისმა ყველაზე დიდმა ოქროს მარაგმა (მსოფლიოში არსებული ოქროს მარაგის 35,8 ათასი ტონიდან 8,14 ათასი ტონა აშშ-ზე მოდის). შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვე მსოფლიო სავალუტო სისტემას დოლარის სტანდარტსაც უწოდებენ. იამაიკის იამაიკის სავალუტო სისტემაში ახალი სავალუტო რეჟიმის დამყარებით დაკანონდა მცურავი გაცვლითი კურსი. ამის გამო, ამჟამინდელი სავალუტო სისტემა ცნობილია მცურავი კურსის სისტემის სახელწოდებით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები