მიქამ-გარიოს ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიქამ-გარიოს ტბა − სამურზაყანოში ერთი ტბაა, ოქუმიდან ორი დღის სავალზე, მეორენაირად ერგეძაშრას ეძახიან, რაც მიქელ-გაბრიელის (მეგრულად მიქამ-გარიოს) საბანაოს ნიშნავს, რადგან მთავარანგელოზი ამ ტბაში ბანაობდაო, ამიტომაც ძე-ხორციელი ვერ ეკარებოდა ამ ტბას, ვერ ჩადიოდნენ საბანაოდ, ვერც ხელ-პირის დაბანას ბედავდნენ.

ყოფილა ერთი მწყემსი, სახელად ნოში. მთელი ზაფხული ცხვარს აძოვებდა ამ მიდამოებში, კარგად გაასუქა თურმე ცხვარი და, როცა მთაში ამინდი შეიცვალა, ბარში ჩამორეკა ცხვარი და გაპარსა. რაკი ისევ კარგი დარები გამოვიდა და ზამთარიც შორს იყო, ისევ ავიდა მთაში. საღამო ხანს ერგეძაშრას ტბის ნაპირას დააბინავა ცხვარი. დაღამდა თუ არა, ტბიდან ერთი თეთრი ვერძი ამოვიდა და ფარაში ყველა დედალი ცხვარი დაამაკა. მეცხვარე გააოგნა ამ სანახაობამ. მეორე ღამესაც ამოვიდა ტბიდან თეთრი ვერძი და იგივე გაიმეორა. მეორე გაზაფხულზე უმცროსმა ძმამ თქვა, ახლა მე წავალ მთაშიო. ნოში უარზე იყო, მაგრამ უმცროსმა მაინც თავისი გაიტანა და წავიდა. საღამოხანს მანაც ტბის პირას დააბინავა ცხვარი. ღამით ამოვიდა ტბიდან ვერძი და ცხვარს ნერბვა დაუწყო. მწყემსმა ვერ მოითმინა და შეჰყვირა. ცხვრის ფარა დაფრთხა, დაფრთხა ვერძიც და ტბაში ჩავიდა, მთელი ფარა მას მიჰყვა და ყველანი წყალმა დაფარა. დაბრუნდა ცარიელი შინ დაღონებული მწყემსი. ყველაფერი უამბო ნოშის. აკი გითხარი, ნუ წახვალ, თორემ ცუდ რამეს გადაეყრებიო. აიღო ნოშიმ ლარჭემი (სალამური), ჭიანური და ჩონგური, და გაემართა ტბისკენ. დაჯდა მის ნაპირას, ჯერ სალამური დაუკრა, მერე ჭიანური, ბოლოს – ჩონგური და თან დაამღერა. საკრავისა და სიმღერის ხმაზე ცხვრები სათითაოდ ამოვიდნენ ტბიდან. გახარებულმა უმცროსმა ძმამ ახლა სიხარულისგან შეჰყვირა და ცხვარი ისევ ტბაში ჩაეშვა. დაღონდა ნოში, ბევრი დაუკრა საკრავებზე, ბევრი იმღერა, მაგრამ ცხვარი არა და არ დაბრუნდა. უჩემცხვროდ რად მინდა სიცოცხლეო, წამოიძახა სასოწარკვეთილმა ნოშიმ და თავადაც ტბაში გადაეშვა.

ამის შემდეგ მწყემსებს ხშირად ესმოდათ ტბიდან ამოსული ხმა: „ჰეი, ჰეი“. ისიც უნახავთ მწყემსებს, რომ ცხვრის გარეკვის დროს ტბას ცხვრის მატყლი გამოჰქონდა ნაპირზე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები