მიუმხრობლობის პოლიტიკა
მიუმხრობლობის პოლიტიკა – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1939-45 მსოფლიო ქვეყნების მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით. მიუმხრობლობის პოლიტიკის განხორციელებას, რომლის კონცეფცია პირველად წამოაყენა ჯავაჰარლალ ნერუმ, სათავე დაუდო დამოუკიდებელმა ინდოეთმა. მიუმხრობლობის პოლიტიკის პრინციპების აღიარებამ გამოიწვია მიუმხრობლობის მოძრაობის განვითარება. ამ მოძრაობის ფორუმების დოკუმენტებში მიუმხრობლობის პოლიტიკა განსაზღვრულია როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფას, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდაჭერას და ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოები არ მიიღებენ მონაწილეობას რაიმე მრავალმხრივ სამხედრო კავშირში, რომელიც წინასწარ განზრახვით არის დადებული დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების კონტექსტში. თუ სახელმწიფოს აქვს ორმხრივი სამხედრო შეთანხმება ან შედის რეგიონულ თავდაცვით პაქტში. ეს შეთანხმება ან პაქტი, ასევე მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებული უცხოეთის სამხედრო ბაზები არ უნდა ჩაერიონ დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტში.