კალისტო
კალისტო – (ბერძნ.) ნიმფა, რომელიც მუდამ თან ახლდა არტემისს.
ერთხელ ზევსმა იხილა მშვენიერი კალისტო და შეაცდინა. კალისტო არტემისის დასიდან იყო და მისი „მარადქალწული“ ღვთაების მსგავსად მამაკაცებთან გაკარება ეკრძალებოდა. როდესაც მუცლადღებული ნიმფა მდინარის წყალში ნებივრობდა, არტემისმა დალანდა და იმით დასაჯა, რომ დიდი დათვის თანავარსკვლავედად გარდასახა (სხვა ვერსიით, ჰერამ ან ზევსმა). ზოგი მითოსი იმასაც გვამცნობს, თითქოს მოკლაო განრისხებულმა ღვთაებამ ფეხმძიმე ნიმფა. ზევსმა კი შეიბრალა საყვარელი ქალი და უკვდავება მიანიჭა, მოათავსა რა თანავარსკვლავედთა შორის. კალისტოს შვილი არკასი (სხვა ვერსიით, პანი) მოგვიანებით არკადიელთა მოდგმის მამამთავარი შეიქმნება.
მხატვრები კალისტოს უმეტესწილად არტემისთან (დიანასთან) ერთად წარმოსახავდნენ (ტიციანი, რუბენსი, ტიეპოლო, ტიშბეინ უფროსი).