ეპიკურე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპიკურე

ეპიკურე - Epikur, Эпикур, 341-270 ძვ.წ.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, რომლის სისტემაში ფსიქოლოგიისთვის საინტერესო მრავალი საკითხია დამუშავებული. ეპიკურე სულის გაგებაში დემოკრიტეს ატომისტურ შეხედულებას ეთანხმება, მაგრამ უშვებს თავისუფალი ნების არსებობის დასასაბუთებლად (რის გარეშეც ქცევის ზნეობრივ შეფასებას საზრისი ეკარგება). ეპიკურე არღვევს დემოკრიტეს მიერ შექმნილ მკაცრი მიზეზობრიობის სურათს და უშვებს ატომების მოძრაობის სპონტანურ და შემთხვევით ცვლილებებს. ამით იგი ადამიანის ქცევის თვითდეტერმინირებულობის ფსიქოლოგიურ იდეას გარკვეულ მეთოდოლოგიურ ნიადაგს უქმნის: თუკი თავისი განსხვავებული წონის გამო ატომებს შეუძლია მოძრაობის კანონზომიერი ტრაექტორიის შეცვლა, მაშინ ადამიანსაც აქვს უნარი, შეცვალოს თავისი ქმედება, და საბოლოოდ, განსაზღვროს საკუთარი ბედი (თავისუფლება).

ეპიკურეს ფილოსოფია კონკრეტული ადამიანის რეალური ცხოვრების რაობისა და დანიშნულების, ცხოვრების საზრისის გაგებას, საბოლოოდ კი მის გაუმჯობესებას, ანუ ბედნიერების მიღწევას ემსახურება. მთავარი დებულება, რომელსაც მთელი მისი სისტემა ეფუძნება, სრულიად ჰედონისტურია - ადამიანი სიამოვნების მისაღებად ცხოვრობს, სიამოვნებაა ბედნიერების არსი (რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სტოიციზმი). ამდენად, ეპიკურეს ფილოსოფიაში მთავარია ისეთი ფსიქოლოგიური ცნება, როგორიცაა გრძნობა („აფექტი”) და მასთან დაკავშირებული მისწრაფება. არსებობს გრძნობა-სურვილთა სამი სახეობა:

  1. ბუნებრივი და აუცილებელი;
  2. ბუნებრივი, მაგრამ არააუცილებელი;
  3. არაბუნებრივი და არააუცილებელი.

სიამოვნების მიღების ორი საშუალება განიხილება. ერთ შემთხვევაში სიამოვნება იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანი რომელიმე სურვილს იკმაყოფილებს; ესეიგი სიამოვნება დადებითი სტიმულის მოქმედების შედეგია. მეორე შემთხვევაში სიამოვნებას უსიამოვნებისაგან, ტანჯვისაგან, შიშისაგან გათავისუფლება იწვევს {შვება}. თანამედროვე ფსიქოლოგიაში, ბ. სკინერის შემდეგ, ამას შესაბამისად დადებითი და უარყოფითი განმტკიცების მექანიზმები ეწოდება {დადებითი წახალისება, უარყოფითი წახალისება}.

ეპიკურეს და მის მიმდევრებს ხშირად საყვედურობდნენ, რომ ისინი სხეულებრივი ტკბობის, ხორციელი სიამოვნების კულტს ამკვიდრებდნენ. გვიანდელი, რომაული პერიოდის ეპიკურეიზმში ამ ტენდენციამ მართლაც იჩინა თავი. მაგრამ თვით ეპიკურე ხაზგასმით ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტი სიამოვნება მხოლოდ გონიერ-სულიერ ტკბობას მოაქვს და არა გრძნობად სიამოვნებასა და ავხორცობას. სულიერი სიამოვნება მუდმივი და გარდაუვალი ხასიათისაა, სხეულებრივი სიამოვნება კი დროებითია და შეიძლება თავისი საპირისპირო სახით, ანუ უსიამოვნებით შემოგვიბრუნდეს. უხვმა და ნოყიერმა ვახშამმა შეიძლება ისე დაგვამძიმოს, რომ ვერ დავიძინოთ, მეტიც, შეიძლება თავი ან კუჭი აგვატკიოს. სულიერი ტკბობა არა მხოლოდ „სასიამოვნო” და „სასარგებლოა” , არამედ ზნეობრივიც. გრძნობა და გონება ერთმანეთთან თანამშრომლობენ. „არ შეიძლება იცხოვრო სასიამოვნოდ და არ იცხოვრო ამავე დროს გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად; და პირიქით, არ შეიძლება იცხოვრო გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად, თუ ცხოვრობ სიამოვნების გარეშე” . მოკლედ, სიამოვნება თავისთავად ზნეობრივია, თუკი ის სულიერია; ასევე ზნეობრივია გონებით ზღვარდადებული სხეულებრივი სიამოვნებაც.

სიამოვნების მიღწევის ერთერთი წყარო არის ტანჯვისაგან თავის არიდება, შიშისაგან განთავისუფლება. პირველ ყოვლისა, ეს ეხება ღვთაებათა შიშსა და სიკვდილის შიშს. სიკვდილის შიშის დაძლევა თითქოს უფრო ძნელია, რადგან ღვთაებათა ყოფნა-არყოფნა ან ძლევამოსილება, ასე თუ ისე, საკითხავია, ხოლო სიკვდილს ვერავინ გაექცევა. მიუხედავად ამისა, ეპიკურეს რწმენით, ამ შიშის დაძლევაც სავსებით შესაძლებელია. თუკი სიკვდილის ბუნებას ჩავუკვირდებით, მსჯელობს იგი, ადვილად დავინახავთ, რომ ჩვენი სიცოცხლის გზაზე ის არ გვხვდება, ჩვენს არსებობასთან შეხება არა აქვს და, მაშასადამე, მისადმი შიში უსაფუძვლოა. „სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის, ხოლო როცა სიკვდილი მოვა, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით” . საზოგადოდ, სიამოვნება გულისხმობს „სხეულის გათავისუფლებას ტანჯვისაგან და სულისა - შფოთვისაგან” . ყველაზე დიდი ნეტარება ე.წ. „ატარაქსიაში” , ანუ სულიერ სიმშვიდეში, უშფოთველობაშია. მხოლოდ განმარტოებული ფიქრი ან ახლობელი მეგობრების წრეში მსჯელობა იძლევა ნამდვილ ნეტარებას, სრულ ატარაქსიას და მას მივყავართ ჭეშმარიტ შემეცნებამდე.

ეპიკურემ შექმნა ისეთი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელმაც მთელი შემდგომი ანტიკური ხანის განმავლობაში იარსება, რენესანსისა და მთელი შემდგომი ხანის განმავლობაშიც და XXI საუკუნეშიც განაგრძობს არსებობას (ჰედონიზმი ანუ ეპიკურეიზმი). მის ძველ მიმდევრებს შორის ყველაზე სერიოზული მოაზროვნე ტიტუს კარუს ლუკრეციუსი (ძვ.წ. 99-55) იყო.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები