გაიჩაანთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაიჩაანთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია – (XIX ს.), დგას გორის მუნიციპალიტეტის (გორისა და ატენის ეპარქია) სოფელ გაიჩაანთუბანში.

ეკლესია დარბაზულია (ზომები მინაშენებიანად – 21×15მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი მოგრძო კვადრებით. გადმოცემით, ეკლესია აუშენებიათ ბერძენ ოსტატებს. ეკლესიას ოთხი შესასვლელი აქვს – სამხრეთით, დასავლეთით და ორი ჩრდილოეთით კედლის განაპირა ნაწილებში (ორივე ამოშენებულია). სამხრეთი და დასავლეთის შესასვლელები შიგნიდან თაღოვანია, გარედან სწორკუთხოვანი. დასავლეთ შესასვლელს გარედან დეკორატიული თაღი აგვირგვინებს. აფსიდის ღერძზე დიდი ზომის თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე თითო სწორკუთხა ღრმა ნიში. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომელზედაც დაბჯენილი იყო სატრიუმფო თაღი. დარბაზის გრძივ, გლუვ კედლებს უშუალოდ ეყრდნობა კამარა. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, კედლის მთელ სიგრძეზე კედლის სისქის შემცირებით შექმნილია საფეხური, რომელსაც ეყრდნობა სამხრეთით სწორკუთხა მინაშენის კამარა. მინაშენში, ეკლესიის შესასვლელის ღერძზე, განივი კედლებით გამოყოფილია განიერი, სწორკუთხოვანი კარიბჭე, რომელიც წინიდან მთელ სიგანეზე იყო გახსნილი. კარიბჭე განივ კედლებში გაჭრილი თითო კარით უკავშირდებოდა მინაშენის დასავლეთ და აღმოსავლეთ სათავსებს. ეკლესიას ჩრდილოეთითაც აქვს სწორკუთხოვანი მინაშენი. ორივე მინაშენის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, ეკლესიის აფსიდის მხარეს კი, კედლის სისქეში – დიდი თაღოვანი ნიში. ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში აქვს.

გ. კალმახელიძე


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები