აბრაამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელქისედეკი და აბრაამი.
მოზაიკა. ვენეცია, წმინდა მარკოზის ტაძარი, XIIIს.

აბრაამი - ძველი აღთქმის მამამთავარი. იგი სემის შთამომავალი იყო, იმ სემისა, რომელიც მამამ (ნოემ) აკურთხა და ეს კურთხევა მის შთამომავლობასაც გადასწვდა.

აბრამი დაიბადა ქალდეველთა ქვეყანაში, ქალაქ ურში სადაც გავრცელებული იყო კერპთმსახურება ღმერთმა იგი გამოარჩია ჭეშმარიტ მორწმუნეთა მამად, წინაპრად იმ ერისა, რომლისგანაც უნდა დაბადებულიყო ქრისტე და უთხრა: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ და გყო შენ ნათესავად დიდად და გაკურთხო შენ“. აბრაამი დაემორჩილა უფლის სიტყვას, დატოვა მამისეული კერა შუამდინარეთში (მესოპოტამიაში) და ქანაანის ქვეყანაში გადასახლდა. ამ ფაქტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - აბრაამი ზურგს აქცევს ძველ ტრადიციას და საფუძველს უყრის ახალს. ქალდეა და შუამდინარეთი ცის მნათობთა საკულტო ქვეყნები იყო. სავარაუდებელია, რომ თარეხი (აბრაამის მამა) და მისი ოჯახი მთვარეს სცემდა თაყვანს („თარეხ“ ებრაულად მთვარეს ნიშნავს). ამიტომ, აბრაამს უნდა გამოეცვალა ადგილსამყოფელი, რომ ახალი ხალხისა და რელიგიისათვის, ახალი ცნობიერებისათვის დაედო სათავე.

აბრაამი „აღთქმულ მიწაზე“ მდგმურის უფლებით დასახლდა. „მდგმურობის ქვეყანა“ ქანაანი, სადაც დასახლდა აბრაამი, არის წუთისოფლის სახე. წუთისოფელში კი ადამიანები მდგმურები და სტუმრები არიან. ოღონდ ადამიანმა წუთისოფლის დაძლევაზე, მის გამარადისებაზე უნდა იზრუნოს. ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, რომ მისი შთამომავალნი „მდგმურობის ქვეყანას“ დაიმკვიდრებენ. უზენაესი სამგზის გამოეცხადა მას (დაბ. 12:7; 13:14-17; 15). მაგრამ აბრაამს მემკვიდრე არ ჰყავდა, რადგან ბერწი იყო მისი კანონიერი ცოლი სარა. უფალმა ახარა აბრაამს – მას, ასი წლის მოხუცს, შეეძინება ვაჟი, რომელიც გაამრავლებს ერს.

ასე დადო ხელშეკრულება ღმერთმა რჩეული ერის - ისრაელის - მამამთავართან. აი, ამ ხელშეკრულების პრეზენტაცია:

„ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.

პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი: ეს მე ვარ, და, აჰა, ჩემი აღთქმაც: უამრავ ხალხთა მამა შეიქნები! აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, რადგან ურიცხვ ხალხთა მამად გაქცევ. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები“ (დაბ. 17:1-7).

ასე იქცა აბრამი აბრაამად (აბრაჰამ „მამა მრავლისა“) ანუ „მრავალი ხალხის“ მამად. კურთხევა, რომელიც აბრაამს მიემადლა, განივრცო მთელს ერზე. ამ კურთხევის გარეგანი ნიშანი ანუ „აღთქმის სასწაული“ წინადაცვეთა იყო; აბრაამის ოჯახის წევრებს და მათ შთამომავალთ, ყველა მამაკაცს, დაბადებიდან რვა დღის შემდეგ ჩუჩა უნდა მოეჭრა (დაბ. 17:10-11). ამ აქტს სიმბოლური აზრი ჰქონდა: როგორც ცისარტყელა, პირველი აღთქმის სასწაული ანუ ნიშანი, შთააგონებდა ადამიანებს ღვთის მშვიდობისმყოფელ ნებას, წინადაცვეთა ამა ქვეყნის ბიწსა და უკეთურებაზე უარის თქმას მიანიშნებდა. იგი სახეობრივად მოასწავებდა ჭეშმარიტ ნათლისღებას, როგორც ახალი აღთქმისა და ახალი რჯულის საწინდარს. მაშასადამე, წინადაცვეთა იყო ძველი აღთქმის და ძველი რჯულის ბეჭედი და არ გაუქმდებოდა მანამ, სანამ თავად ძველი აღთქმა და ძველი რჯული არ აღესრულებოდა. ეს წესი თაობათა ყოფაში დამკვიდრდა და დღემდე შემორჩენილია ებრაელთა და მუსლიმანთა შორის.

აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლად შეწირვა. კარავაჯო

აბრაამს ვაჟი შეეძინა - ისაკი. თუმცა მას მეორე ვაჟიც ჰყავდა - ისმაელი, რომელიც მოსამსახურე ქალისაგან – აგარისაგან – გაუჩნდა. ისმაილი „მხევლის შვილი“ იყო, ისაკი – აღთქმის. ამიტომ მემკვიდრეობა უკანასკნელს უნდა რგებოდა, მას რჩეული ერის ერთ-ერთი მამათმთავრის მისია უნდა ეტვირთა. ისმაელისაგან არაბთა ტომები წარმოდგნენ, რომლებსაც აგარიანები ან ისმაიტელები ეწოდათ.

ღმერთმა გამოსცადა აბრაამი - ისაკის მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა... და, აი, როდესაც აბრაამმა შვილის დასაკლავად დანა აიღო, მოუხმო მას უფლის ანგელოზმა და უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, რადგან მივხვდი, რომ ღვთისმოშიში ყოფილხარ – მხოლოდშობილი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. აბრაამმა ვერძი დაინახა, რომელიც ბუჩქებში რქებით გახლართულიყო. აიყვანა ვერძი და შესწირა მსხვერპლად შვილის მაგიერ.

ეს ეპიზოდი, აღწერილი გასაოცარი ოსტატობით (დაბ. 22:1-19), მიგვანიშნებს, რომ ხსნა რწმენას, სიყვარულსა და ერთგულებაშია. თითოეული მოითხოვს მსხვერპლს. მსხვერპლი კი სანუკვარი საგნის დათმობას ნიშნავს. აბრაამი სწორედ ამგვარი „მთმობელის“ სახეა. მან უფალს ძღვნად მიართვა საკუთარი მზე – აღთქმისა და სიბერის შვილი. აქ არის წინასწარმეტყველება – კაცობრიობას იხსნის მსხვერპლი, სიყვარულისმიერი მსხვერპლი, რაც რეალურად დაკარგვას კი არა, შეძენას ნიშნავს. თუკი ერთგულებით გავსცემთ, აბრაამის მსგავსად, ღვთის მადლითა და კურთხევით აღვსილი დაგვიბრუნდება უკან! ამ წინასწარმეტყველებამ მაშინ შეისხა ხორცი, როდესაც ღმერთმა კაცთა ცხოვრებისათვის წუთისოფელში მხოლოდშობილი ძე მოავლინა.


ქართული თქმულება აბრაამზე

აბრამი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები