ჯინეში
ჯინეში − ვაზის ჯიში. ჯინეში ზემო აჭარაში, ხულოს რაიონის სოფელ დეკანაშვილებში, ჩაოში, ფურტიოსა და თვით ხულოს მიდამოებში მაღლარად წარმოდგენილი წითელყურძნიანი ჯიში იყო. მას მუქი წითელ-ვარდისფერი საშუალო სიმსხოსი და ფორმით ოვალური მარცვალი ჰქონდა. ჯიში წარსულში ზემო აჭარაში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. მოსავალს ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ყურძნად ხმარობდა. იგი კარგად ინახებოდა. ამისათვის ყურძენს ვაზებზე ხშირად დაუკრეფავს ტოვებდნენ და მხოლოდ საჭიროების მიხედვით კრეფდნენ ანდა მთელი ზამთრის განმავლობაში აკიდოების სახით ინახავდნენ. ჯინეში აგრეთვე ფართოდ ყოფილა გავრცელებული შავშეთ-კლარჯეთში, ძირითადად, მურღულის ხეობაში. ბათუმისა და ართვინის ოლქების მევენახეობის მდგომარეობის მიმოხილვისას, მკვლევარები მას სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებდა.
ლიტერატურა
რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:445.