ძაძა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძაძა – Vigna unguiculata (L.) Walp.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

ძაძა - (Vigna unguiculata (L.) Walp). პარკოსანთა ოჯახის მცენარე. ძაძა საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობაში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი: მეგრულად – „დიხაშ ლებია“, „ჩე ჭიფელებია“, „ჩე ჩხირალებია“, „გირძე ლებია“; იმერულად – „მაშა ლობიო“, „მამაკალია“, „წვრილი ლობიო“, „მიწა ლობიო“, „ძაძა“; გურულად – „მიწის ლობიო“, „გრძელი ლობიო“, კახურად – „მაშა ლობიო“, „მაში“, „მაშა“, „ფლავა ლობიო“, „მამიკალია ლობიო“, „კუჭშავა ლობიო“, „შავკუჭა ლობიო“, „ტუჩშავა ლობიო“, ქიზიყურად –„პირშავა“ ლობიო“. ძაძა ცნობილია აგრეთვე, „იაპონიის ლობიოს“, „ქვა ლობიოს“ სახელწოდებით. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში (1949) ძაძა განმარტებულია როგორც „წვრილი ლობიო“ (ერისთავი 1884; Декапрелевич, 1926; მაყაშვილი, 1949).

ხოჯაყოფილის ქართულ თარგმანში (XIII ს.) ძაძა „მაშის“ სახელწოდებით სამკურნალო მცენარედაა დასახელებული (ფანასკერტელი, 1950).

ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსაში“ (1941) სხვადასხვა კულტურებს შორის ძაძასაც ასახელებს.

გასული საუკუნის 20-იან წლებში გურიაში (ოზურგეთში) გავრცელებული ძაძის ფორმები აღწერილია ლ. დეკაპრელევიჩის მიერ (Декапрелевич, 1926).

ძაძა ერთწლოვანი მცენარეა. აქვს სუსტი, ზოგჯერ მხვიარა ღერო, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. ძაძის ქართული ფორმები გრძელი დღის მცენარეებია. ძაძა კარგად იზრდება კოლხეთის ტენიან პირობებში. მის კოლხურ ფორმებს აქვს გრძელი სავეგეტაციო პერიოდი (დაახლ. 190 დღე). ძაძის მარცვალი მდიდარია ცილებითა და ცხიმებით. ძველად საქართველოს მოსახლეობა მისგან ამზადებდა ზეთში ხახვთან ერთად მოხრაკულ ან ნიგვზით და ძმრით შეზავებულ ძალიან გემრიელ შეჭამანდს. მარცვალი მდიდარია ცილებითა და ცხიმებით. ზოგჯერ ძაძას ფქვილი ხორბლის ფქვილშიც გაურევიათ პურის გამოსაცხობად.

ლობიოს კულტურის შემოსვლის შემდეგ ძაძა საქართველოს ტერიტორიაზე იშვიათად ითესება (მაისაია, 2013).


წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები