სპენსერი ჰერბერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერბერტ სპენსერი

სპენსერი ჰერბერტ - Spencer Herbert, Спенсер Герберт, 1820-1903

ინგლისელი ფილოსოფოსი-პოზიტივისტი და სოციოლოგი, „ევოლუციური ასოციაციონიზმის” მოძღვრების შემქმნელი. ფსიქოლოგია ბიოლოგიური ევოლუციის მოძღვრებასთან დააახლოვა. ფსიქიკა პირველად იქნა განსაზღვრული ახალ ასპექტში - ბიოლოგიური ადაპტაციის გამოვლინებად. სპენსერი ავტორია „სინთეზური ფილოსოფიის” ათტომეულისა. „ფსიქოლოგიის საფუძვლები” მისი შემადგენელი ნაწილია (1855). სპენსერმა ჩამოაყალიბა ევოლუციის საერთო კანონი, რომელიც მთელ სამყაროში მოქმედებს: ფიზიკურში, ორგანულში და სოციალურში. ფსიქიკაც განვითარების კანონშია ჩართული. ის სიცოცხლის ერთერთი გამოვლინებაა, ხოლო სიცოცხლე - შინაგანის გარეგანთან მუდმივი შეგუება. ფსიქიკაც შეგუების გარკვეული ფორმაა. მის არსებობას სხვა საზრისი და დანიშნულება არა აქვს (დახურული თეორია); ამის გარეშე ფსიქიკის წარმოშობისა და განვითარების ფაქტი გაუგებარი დარჩება. ფსიქიკა ემსახურება სიცოცხლის შენარჩუნებას, თავად კი ემორჩილება ბუნებრივი შერჩევის კანონზომიერებას (ჩ. დარვინი). ამგვარად, ფსიქიკა სპენსერის მიერ განიხილება ორგანიზმსა და გარემოს შორის ადაპტაციური ურთიერთობის თვალსაზრისით. მოგვიანებით ასეთი მიდგომა ამერიკული ფსიქოლოგიის ერთერთი ძირითადი თავისებურება გახდა (უ. ჯეიმსი, ფუნქციონალიზმი, ბიჰევიორიზმი). შემთხვევითი არაა, რომ სპენსერი ამერიკაში უფრო პოპულარული იყო, ვიდრე თავის სამშობლოში.

სპენსერი აფართოვებს ასოციაციონისტური ფსიქოლოგიის საგნის გაგებას და მასში მოიაზრებს არა მხოლოდ ასოციაციებს შინაგან ფაქტორებს შორის (ასეთებია კავშირები ცნობიერების მოვლენებს შორის, ცნობიერებასა და სხეულებრივ მოვლენებს შორის), არამედ აგრეთვე კავშირებს ცნობიერებასა და გარე სამყაროს შორის. ფსიქიკური ცხოვრება, როგორც შინაგანის გარეგანთან შეგუების პროცესი, ასოციაციის პრინციპს ემორჩილება. გარეგანი მიმართებები ასოციაციურად იწვევენ შინაგან მიმართებებს. ეს კავშირები სულ უფრო რთულდება და მთელ ინდივიდუალურ გამოცდილებას ქმნის, ონტოგენეზში. მაგრამ არსებობს აგრეთვე მემკვიდრული (სახეობრივი, ფილოგენეზური) გამოცდილება. ასოციაციის კანონების მოქმედება ვრცელდება ფილოგენზზე და ანთროპოგენეზზე. ხშირი გამეორების შედეგად ასოციაციები მემკვიდრეობითი მიდრეკილების სახეს იღებს და მომდევნო თაობათა ნერვულ სისტემაში ფიქსირდება, როგორც თანდაყოლილი ასოციაციები. ესენია რეფლექსები, ინსტინქტები, ზოგიერთი ცოდნა-ჩვევები და უნარ-თვისებები. მათ მიეკუთვნება აგრეთვე ცნობიერების ისეთი აპრიორული ფორმები/კატეგორიები, როგორიცაა სივრცე და დრო.

ამ საკითხის ანალიზისას სპენსერი ცდილობს, შეარიგოს ერთმანეთთან ემპირიზმი (გენეტიზმი) და ნატივიზმი. ფსიქიკა ინდივიდუალურად შეძენილი გამოცდილებით არ ამოიწურება; ის არაა „სუფთა დაფა” და მოიცავს თანდაყოლილ ასოციაციურ ცოდნა-გამოცდილებას, მათ შორის სივრცისა და დროის თაობაზე. ემპირიზმი არ ითვალისწინებს მემკვიდრეობის ფაქტს. სწორია ის, რომ ადამიანები იბადებიან გარკვეული ცოდნით, სქემებით სივრცისა და დროის შესახებ. მაგრამ არ შეიძლება იმის უგულებელყოფა, რომ ცნობიერების ეს „აპრიორული ფორმები” ფსიქიკის ხანგრძლივი ფილოგენეზური და ისტორიულ-კულტურული განვითარების შედეგია (კულტურგენეზი). ის, რაც მთელ სახეობას ემპირიულად აქვს შეძენილი, ინდივიდისთვის თანდაყოლილია. სპენსერის მთელი სისტემა პოზიტივიზმის, ასოციაციონიზმისა და ევულუციონიზმის თავისებური გაერთიანებაა: „თუ ევოლუციის დოქტრინა მართებულია, გარდუვალია დასკვნა, რომ გონების გაგება შესაძლებელია მხოლოდ იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ ევოლუციონირებს ის” . ევოლუცია კი გულისხმობს ინდივიდუალურად შეძენილ სასარგებლო თვისებათა შენაძენების გარდაქცევას სახეობის კუთვნილებად ანუ მემკვიდრეობით გადაცემას.

სპენსერის დამსახურება ფსიქოლოგიის წინაშე დიდია. მან პირველმა განიხილა ფსიქიკა ევოლუციონისტური თვალსაზრისით და ამით, ჯერ ერთი, მყარად დააფიქსირა განვითარების პრინციპი ემპირიული ფსიქოლოგიის ფარგლებში (ეს განვითარების ფსიქოლოგიის სათავე იყო); მეორე, შეარბილა ასოციაციონიზმის ემპირისტული ცალმხრივობა თანდაყოლილი ასოციაციების იდეის შემოტანით; მესამე, ხაზი გაუსვა ფსიქიკის ადაპტაციურ, შეგუებით ფუნქციას. ფსიქიკის ამ კუთხით განხილვა შემდგომდროინდელი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი მიდგომა გახდა (ღია თეორია / დახურული თეორია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები