შულცი იოჰან ჰენრიჰ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შულცი იოჰან ჰენრიჰ

შულცი იოჰან ჰენრიჰ - Schultz Johannes Heinrich, Иоганн Генрих Шульц, 1884 -1970

გერმანელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, აუტოგენური ვარჯიშის მეთოდიკის ავტორი. ეს ტერმინიც მას ეკუთვნის. შულცი სწავლობდა პოზნანში, გიოტინგენში და ბრესლაუში. ფრანკფურტში ფსიქოლოგიის ინსტიტუტში იგი კითხულობდა ლექციებს ფსიქოთერაპიაში, თუმცა თვითონ პროფესიით დერმატოლოგი იყო. ცოტა ხნის შემდეგ მან მიიღო ნევროპათოლოგის დიპლომი და გახდა დრეზდენის მახლობლად არსებული სანატორიუმის მთავარი ექიმი. 1924 წლიდან შულცი ბერლინში გადავიდა, სადაც შექმნა თავისი 400-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის ძირითადია მონოგრაფია „უტოგენური ვარჯიში - ყურადღებიანი თვითმოდუნება” (1932). 1936-1945 წლებში ბერლინის ფსიქოლოგიური კვლევებისა და ფსიქოთერაპიის გერმანულ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა; იყო ჯურნალ „Psychotherapie“ რედაქტორი და სამკურნალო ჰიპნოზის გერმანული საზოგადოების დამფუძნებელი (1959).

შულცი არაფსიქოანალიზური ფსიქოთერაპიის განვითარებას ცდილობდა. აუტოგენური ვარჯიში - ესაა თვითჩაგონება მოდუნება-რელაქსაციის (უდაბლესი საფეხური) ან ჰიპნოზური ტრანსის მდგომარეობაში (უმაღლესი საფეხური). ორიგინალური კონცეპტუალური ბაზა შულცის მეთოდს არა აქვს. ის თავისი ბუნებით სინთეზურია - ეყრდნობა ემოციების ნერვული და კუნთური კომპონენტების კვლევას (გრძნობის ზემოქმედება სხეულზე), ემილ კუესა და ედმუნდ ჯეკობსონის ნააზრევსა და პრაქტიკას, ნანსის ფრანგული სკოლის ჰიპნოთერაპევტების და რაციონალური ფსიქოთერაპიის პრაქტიკას. მის სისტემაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა იოგამ, რომელსაც შულცმა ჩამოაცილა მისტიკური ინტერპრეტაცია და ევროპული კულტურისთვის მისაღებ (მეცნიერულ) ფორმაში ჩამოაყალიბა, რაც მისი ყველაზე დიდი დამსახურებაა.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები