ლანდსბერგის რენეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლანდსბერგის რენეტი

ლანსბერგის რენეტი(Reinette de Landsberg). ლანდსბერგის რენეტი გერმანული ვაშლის ჯიშია, ფონ ბურხარტის მიერ გამოყვანილი მე-XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ევროპაში და მეტადრე გერმანიაში ფართოდ გავრცელებული ვაშლის სამრეწველო ჯიშია. ჩვენში ლანდსბერგის რენეტი, როგორც სხვა მრავალი ევროპული ვაშლის ჯიში მე–XIX საუკუნის ბოლო წლებშია შემოტანილი.

ლანდსბერგის რენეტი განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლის მეხილეობის რაიონდებში, უფრო მეტად ზემო ქართლსა და სამხრეთ–ოსეთში. ახალციხესა და კახეთში ლანდსბერგის რენეტს მცირე რაოდენობით ვხვდებით. საქართველოს სხვა რაიონებში ლანდსბერგის რენეტი არ არის გავრცელებული.

ახალ ნარგავებში მას ძლიერ მცირე ადგილი აქვს დათმობილი (2–3%).

ნაყოფი მსხვილია, სიმეტრიულად განვითარებული, ხშირ შემთხვევაში უწახნაგო, მობრტყო–მომრგვალო ფორმის, იშვიათად მაღალი შენების ძლიერ ლამაზი მოყვანილობის და გარეგნობისა.

ნაყოფის ჯამი დახურულია ან ნახევრად დახურული; იგი ღრმა და განიერ ღრუში ზის.

ნაყოფის ყუნწი გრძელია და წვრილი; იგი განიერ და არაღრმა ღრუშია მოთავსებული.

ნაყოფის კანი გლუვია, ნაზი, ძლიერ ცხიმოვანი, მკვრივი და თხელი. ნაყოფის სრული სიმწიფისას იგი ხახვის ფერფლივით სცილდება ნაყოფის ხორცს.

ნაყოფის კანის ძირითადი შეფერვა მოკრეფისას მომწვანო–მოყვითალოა, ხოლო სრული სიმწიფისას კი ნაყოფის კანი მთლიანად ჩალისფერ–ყვითელი და ძლიერ ცხიმოვანი ხდება. ზოგჯერ მზის მხარეზე ნაყოფის გვერდი ჩაყვითლებულია ოქროსფრად და ბაცი ვარდისფერი სიწითლე გადაჰკრავს.

ჟანგაროს ხალებს მხოლოდ ნაყოფის ყუნწის ან ჯამის ღრუში თუ ვხვდებით; ნაყოფის ზედაპირზე კი ქეცის ხალები იშვიათად ავადდება.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო–თეთრი ფერისაა, საკმაოდ მკვრივი, ნაზი, წვნიანი, სასიამოვნო მომჟავო–მოტკბო გემოსი და ნაზსურნელოვანი. მოხმარებითი სიმწიფე ნაყოფს ნოემბრის შუა რიცხვებიდან უდგება და საწყობში შუა ზამთრამდე (მარტამდე) სძლებს. ახლადმოკრეფილი ხილი ტრანსპორტს საუცხოოდ იტანს, მხოლოდ მოკრეფა უნდა წარმოებდეს ძლიერ ფრთხილად, რადგანაც ნაყოფის კანი ღია ფერისაა და მასთან ნაზი, ადვილად იღებს ლაქებს და დიდი რაოდენობით წუნს იძლევა.

ხე საკმაოდ ძლიერად იზრდება და ინვითარებს ძლიერ განიერ კონუსისებრ ვარჯს.

ხის ბიოლოგიურ თავისებურებას შეადგენს ადრეულა და ხანმოკლე ყვავილობა. ყვავილი არ არის მგრძნობიარე ყინვების მიმართ. ახასიათებს უხვი გამონასკვა, ხშირად პართენოკარპული ნაყოფიც.

ყვავილი თვითსტერილია, კარგად ნაყოფიერდება ზამთრის პარმენის ყვავილის მტვერით. გარემო პირობებისადმი (ნიადაგისა და ჰავის მიმართ) ჯიში არ არის მომთხოვნი. ვაშლის ჯიშებს შორის ლანდსბერგის რენეტი მცირე მოთხოვნილების ჯიშად უნდა ჩაითვალოს. ჭარბტენიან რაიონებში ნაყოფის ხარისხი ძლიერ მცირდება და ქეცითაც ავადდება, ამასთანავე უჩნდება ფესვებისა და ფესვის ყელის კიბო.

ძლიერ კარგ შედეგებს იძლევა ზუზტ საძირეზე. საუცხოო ლამაზი ნაყოფის გამო ბაღის მოყვარულთა მიერ დიდად დაფასებულია. ლანდსბერგის რენეტის სამრეწველო მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იძლევა უხვ და ადრეულა მოსავალს. ხის განვითარების ხელსაყრელ პირობებში ხეს ახასიათებს სიცოცხლის ხანგრძლივობა, იძლევა მცირე რაოდენობის წუნს, დიდი აქვს სასაქონლო გამოსავალი და არ უყენებს დიდ მოთხოვნილებას გარემო პირობებს.

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები