ქაფურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქაფურა - (Filipendula vulgaris Moench.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მარტივი ან ზედა ნაწილში ოდნავ დატოტვილი, 30-60 სმ სიმაღლის. ფოთლების უმეტესობა ფესვის ყელთან არის შეკრებილი. მოყვანილობით მოგრძო-ლანცეტისებურია, წყვეტილფრთისებური, ზემოდან შიშველი, ქვედა მხარეზე მეტ-ნაკლებად შებუსული და ფრთისებურად ჩაჭრილ-დაკბილული გვერდით სეგმენტებად. ღეროსეული ფოთლებიც მსგავსია, ოღონდ მცირე ზომისაა. ყვავილედი საგველასებურია, გვირგვინი მოთეთროა ან მოვარდისფრო. ყვ. ნაყ. IV-VIII. მცენარე იზრდება ველებში, მდელოებზე, მინდვრებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე. მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.