ამალეკები
ამალეკები – არაბული წარმოშობის ძველი ტომი, რომელიც არაბეთის ქვიან უდაბნოში და პალესტინის სამხრეთით მოსახლეობდნენ.
ბიბლიის მიხედვით ამალეკები ესავის შვილიშვილისგან, ამალეკისგან წარმოიშვნენ. (ელიფაზს ამალეკი ეყოლა თავისი ხარჭის თამნასაგან (შესაქ. 36, 12). (გებალ, ამონ და ამალეკ და უცხოთესლთა დამკჳდრებულთა თანა ტჳროსისათა. ფსალ. 82, 8)
ამალეკები იდუმელების მონათესავე ხალხი იყო. ბიბლიაში აღწერილია ამალეკების სასტიკი და სისხლივსმღვრელი ბრძოლები ებრაელებთან, რომლებიც ეგვიპტიდან გამოდიოდნენ მოსეს მეთაურობით (ბრძოლები რეფიდიმთან მოხდა, სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში).
ისრაელიანებმა იესო ნავეს ძის მეთაურობით შეუტიეს მტერს. ამალეკები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს, თუმცა ამის შემდეგ ისინი ებრაელებთან თითქმის ყოველთვის საომარ მდგომარეობაში იყვნენ და ხელს უშლიდნენ ისრაელიანთა სამეფოს აღზევებას. როდესაც ებრაელებმა მოსეს უარის მიუხედავად ძალით დააპირეს ქანაანში შეჭრა, ისინი განადგურებულ იქნენ ამალეკებისა და ქანაანელების მიერ.
ისრაელის მსაჯულთა ხანაში ამალეკები სხვა ტომებთან ერთად მუდამ ცდილობდნენ ებრაელების განადგურებას. მსაჯულთა პერიოდში ამალეკებმა მოახერხეს მოაბელების და ამონიტელების გაერთიანება და ერთიანი ძალით აიღეს „პალმის ქალაქი“ ანუ იერიხონი. ამის შემდეგ ამალეკები იბრძოდნენ გედეონის წინააღმდეგ მიდიელების მხარეს და მოახერხეს მათი მოსავლის განადგურება. ამას გარდა მათ მონაწილეობა მიიღეს ისრაელისა და იორდანიის ველებზე გამართულ სასტიკ ბრძოლებში. შემდეგში ამალეკებს დიდი დარტყმა მიაყენა მეფე საულმა, რომელიც თავს დაესხა მათ, გაანადგურა მათი ქალაქები, ამოხოცა ხალხი, წაიღო დიდძალი სიმდიდრე და ამალეკთა მეფე აგაგი წაიყვანა ტყვედ, რომელიც შემდეგ მსაჯულმა სამუელმა მოკლა მახვილით.
საულმა გაიარა ცეცხლითა და მახვილით ამალეკიანთა მთელ ტერიტორიაზე და ძალიან დააუძლურა ეს ტომი. საულის შემდეგ ამალეკების დამარცხება მოახერხა მეფე დავითმა, რის შემდეგაც ისინი ისე დასუსტდნენ, რომ მნიშვნელოვანი როლი აღარასოდეს ჰქონიათ ისტორიაში. ძვ.წ. VIII საუკუნიდან ამალეკებმა არსებობა შეწყვიტეს.
წყარო
- ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია
- იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).