სთოურჰედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:49, 14 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი ფლითკროფთი და ჰენრი ჰოარი. პარკი სთოურჰედში, უილთშირი, ინგლისი, გაშენებულია 1743, გაშენება გრძელდებოდა 1744-1765

სთოურჰედი – დიზაინერების - ლანსელოთ ბრაუნისა (მეტსახელად "ნიჭიერი ბრაუნი") (Lancelot (Capability) Brown, 1716-1783) და ჰენრი ფლითკროფთის (Henry Flitcroft, 1697-1769) წყალობით, ლანდშაფტურმა არქიტექტურამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ინგლისში. 1740-იან წლებში ბანკირმა ჰენრი ჰოარმა უილთშირში, სთოურჰედის მამულის რეკონსტრუირება ბერლინგთონის პროტეჟეს, ფლითკროფთს დაავალა. სთოურჰედის ბაღებში ქენთის ინგლისური ბაღის იდეამ შემდგომი განვითარება ჰპოვა. სთოურჰედი ინგლისური ცხოველხატული ბაღის სამაგალითო ნიმუშია: მისი კონცეფცია და ხედები, ინგლისში იმ დროისათვის პოპულარული ფრანგი პეიზაჟისტის, კლოდ ლორენის სურათების კომპოზიციურ სქემებსაა მიმსგავსებული. ბაღის, მშვენიერ ხედის ერთგვარი "დაუდევარი" დიზაინი მოჩვენებითია: ის საგანგებოდ დააპროექტეს ამგვარად, რათა ბუნებრივი და ხელშეუხები გარემოს შთაბეჭდილება შეექმნათ. პატარა ტბაზე უხეშად ნაკვეთი ქვით ნაგები ხიდია გადებული, უკან კი, როგორც თავისებური "ახირება", რომის პანთეონის მინიატურული "ვერსია" დგას. პარკში მიმოფანტულია კლასიკური ხელოვნების მიბაძვით აგებული ტაძრები, ანტიკურ ქანდაკებათა ასლები, ხელოვნური ქვაბულები, სოფლის კოტეჯები, ჩინური ხიდი, გოთიკური შპილი, თურქული კარავიც კი. სხვადასხვა სტილისა და კულტურის ეს აღრევა, რომელშიც კლასიციზმიცა და რომანტიზმიც წარმატებითაა შეთავსებული, მომხიბვლელ შედეგს იძლევა. ჰოარმა მენგსს თავისი სახლის ერთ-ერთი კედლის მოხატვა დაუკვეთა და ანტიკური ისტორიის რომანტიკული თემის, ანტონიუსისა და კლეოპატრას შეხვედრის ასახვა დაავალა.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები