ვატო ანტუან ჟან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ანტუან ვატო. პილიგრიმობა კუნძულ სიტერაზე, 1717; ტილო, ზეთი, 1.2X1.9 მ. ლუვრის მუზეუმი, პარიზი

ჟან ანტუან ვატო – (Jean-Antoine Watteau, 1684-1721) ფრანგულ მხატვრობაში როკოკოს სტილის შემქმნელად და მის უდიდეს წარმომადგენლადაა მიჩნეული. იგი პროვინციულ ქალაქ ვალანსიენში დაი-ბადა, პარიზში კი 1702 წლისთვის ჩავიდა. პარიზში ვატო პიტერ პაულ რუბენსის მიერ შექმნილი მარია მედიჩისადმი მიძღვნილი ფერწერული ტილოთი ინტერესდება, რომელიც იმ დროისთვის ლუქსემბურგის სასახლეში იყო გამოფენილი. იგი ასევე გატაცებულია XVI საუკუნის ვენეციელი მხატვრების ტიციანისა და ჯორჯონეს ფერწერული ნამუშევრებითა და ნახატებით; ვატო მათ ნამუშევრებს პარიზელების კერძო კოლექციებში ეცნობა. ითვისებს რა წარსული ხელოვნებიდან თავისუფალ, სწრაფ მონასმსა და მდიდარ ფერადოვნებას, ვატო თავისი დროის სულისკვეთების ამსახველ ნატიფ სტილს ქმნის. ვატო თავის ნამუშევრებს ქალაქის მაცხოვრებელი ახალი არისტოკრატებისთვის ასრულებდა, რომლებიც, საკმაოდ ხშირად, სურათებს ხელოვნებით მოვაჭრე პირების მეშვეობით იძენდნენ. ჟერსენის აბრა (სურ. 1-3), რომელიც ვატომ ხელოვნებით მოვაჭრე (დილერის) ედმე ფრანსუა ჟერსენისთვის შეასრულა, წარმოგვიდგენს ამ ტიპის ერთ-ერთი მაღაზიის ინტერიერს - ხელოვნების გალერეას, რომელიც ვატოსთვის განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი, ვენეციური და ნიდერლანდული სკოლის ნამუშევრებითაა სავსე. მართლაც, ატლასისა და აბრეშუმის კაბების ფაქტურულობა და ბრწყინვალება ერთგვარი პატივის მიგებაა ისეთი მხატვრისთვის, როგორიც ჰერარდ ტერ ბორჰია. გალერეაში მყოფი ელეგანტური ქალბატონები და ბატონები მათთვის კარგად ნაცნობი ხელოვნების გარემოცვაში თავს თავისუფლად გრძნობენ; ვარ-დისფრად მოლივლივე ატლასის კაბით მოსილი, სურათის მარცხენა მხარეს გამოსახული ქალი ზღურბლს ისე აბიჯებს, რომ უყურადღებოდ ტოვებს თანმხლები მამაკაცის მისკენ გაწვდილ ხელს, რათა სურათების ჩალაგების პროცესს თვალი მიადევნოს. სანამ ერთ-ერთი მტვირთავი სარკეს იჭერს, მეორე ლუდოვიკო XIV-ის პორტრეტს ხის ყუთში ფრთხილად ათავსებს. მონარქის პორტრეტი, რომელიც, შესაძლებელია, ჟერსენის მაღაზიის სახელწოდებაზე - Au Grand Monarque (დიდი მონარქისთვის) - მიანიშნებს, თავისებურად ასახავს ექვსი წლით ადრე მომხდარ ისტორიულ ფაქტს - ლუდოვიკო XIV-ის გარდაცვალებას. დროის წარმავლობისა და ცვალებადობის განცდა სურათის სხვა ელემენტებშიც ვლინდება. მარცხენა მხარეს, ზუსტად ლუდოვიკოს პორტრეტის თავზე გამოსახული დიდების ალეგორიული ფიგურით დაგვირგვინებული საათი, რომლის ქვემოთ შეყვარებული წყვილის სკულპტურებია მიმაგრებული, სიკვდილის (მემენტო მორი - გახსოვდეს სიკვდილი) გარდაუვალობის შეხსენებაა; შეხსენება იმისა, რომ სიყვარულსა და დიდებას, ორივეს, დრო გაანადგურებს. გამხმარი ბალახი წინა პლანზე, დახლთან მჯდომი სარკეში მომზირალი ახალგაზრდა ქალი სურათის მარჯვენა ნაწილში ვანიტასის (ვანიტას) ცნობილ სიმბოლოებს წარმოადგენს; სარკეები, მათში მომზირალი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, ბაროკოს პერიოდიდან მოყოლებული, ადამიანის არსებობის სიმყიფის, ცხოვრების ამაოების აღმნიშვნელი სახეებია. ვატომ, რომელიც 40 წლისაც კი არ იყო ტუბერკულოზით რომ გარდაიცვალა, ეს სურათი ავადმყოფობის დროს შეასრულა. ჟერსენი მოგვიანებით წერდა, რომ ვატომ სურათი 7 დღეში დაასრულა და რომ, შერყელი ჯანმრთელობის გამო, მხატვარი მხოლოდ დღისით ახერხებდა მუშაობას. ტილო საზოგადოებამ სრული აღფრთოვანებით მიიღო, ჟერსენმა კი სურათი ერთი თვეში გაყიდა. ტილოზე პილიგრიმობა კუნძულ სიტერაზე (სურ. 1-4), რომელიც ოთხი წლით ადრე, 1717 წელსაა შერულებული, ვატო როკოკოს პერიოდის არისტოკრატიის იდილიური და სენსუალური ყოფის წარმოსახვით სურათს გვიხატავს, მაგრამ ერთგვარი მელანქოლიით შეფერილს, რაც, ისევ და ისევ, ადამიანის ბედნიერების წარმავლობაზე მიანიშნებს. ეს არის საოცნებო სამყარო, რომელშიც სიყვარულის ქალღმერთ ვენერას საკრალურ კუნძულზე, პუტის ფიგურებით გარემოცული, ნატიფად ჩაცმული ელეგანტური წყვილების რომანტიკული პაემანი დასასრულს უახლოვდება. გირლიანდებით შემკული ვენერას ქანდაკება სურათის მარჯვენა კიდესთანაა გამოსახული. ატლასით, აბრეშუმითა და ხავერდითმდიდრულად შემოსილი შეყვარებული წყვილები აბიბინებული ბუნების წიაღში არიან შეკრებილები. არისტოკრატიული გართობისა და დასვენების ამგვარი იდილიურ-მელანქოლიური ხედვით ადრეული XVIII საუკუნის პარიზი და ევროპის უმეტესი ნაწილი ერთიანად მოხიბლული აღმოჩნდა. პილიგრიმობა კუნძულ სიტერაზე ვატომ შეასრულა, როგორც ოფიციალური საგამოცდო ნამუშევარი ფერწერისა და ქანდაკების საფრანგეთის სამეფო აკადემიაში გასაწევრიანებლად (იხ. აკადემიები და აკადემიის გამოფენები, გვ. 26); თუმცა ტილო ვერც ერთ აკადემიურ კატეგორიას ვერ მიაკუთვნეს, მაგრამ ნამუშევარმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აკადემიის წევრებზე, რომ მათ საგანგებოდ ვატოსთვის შექმნეს ახალი კატეგორია, ე.წ. fềte galante (ნატიფი სანახაობა ბუნების წიაღში), რაც ზუსტად შეესაბამებოდა ამ ნამუშევარს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები