ბოსნია-ჰერცეგოვინის კონფლიქტი 1992-95

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოსნია-ჰერცეგოვინის კონფლიქტი 1992-95 - ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტი ყოფილ იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში – ბოსნია და ჰერცეგოვინა. იუგოსლავიის ფედერაციის დაშლის პროცესი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რომლის მოსახლეობა ეროვნულ-კულტურული სიჭრელით გამოირჩეოდა (მუსლიმანი ბოსნაკები 44%; მართლმადიდებელი სერბები 32%; კათოლიკე ხორვატები 24%). 1992 წლის აპრილში ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტმა, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამის პასუხად ბოსნიის ჩრდილოეთ ნაწილში კომპაქტურად მცხოვრებმა სერბებმა გამოაცხადეს სერბეთის რესპუბლიკის შექმნა იუგოსლავიის ფარგლებში. 1992 წლის ივლისში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შეიქმნა ხორვატიული ავტონომია. ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი სერბებს, ხორვატებსა და მუსლიმანებს შორის. სამხედრო მოქმედებებს თან სდევდა მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება და ეთნიკური წმენდა. საერთო ჯამში მოკლეს დაახლოებით 100 ათ. ადამიანი, ხოლო ლტოლვილად იქცა 2 მლნ. მეტი. ომის შესაჩერებლად ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია ღიად დაუპირისპირდა სერბებს, რომლებსაც იუგოსლავიის რეგულარული არმიის დახმარების გამო სამხედრო უპირატესობა ჰქონდათ. ნატოს ავიაციამ დარტყმები განახორციელა სერბთა პოზიციებზე და აიძულა ისინი დათანხმებოდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებულ გეგმას. 1995 წელს აშშ-ის შუამდგომლობით დაიდო დეიტონის სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ძალით ბოსნია და ჰერცეგოვინა გადაიქცა კონფედერაციად, რომელშიც გაერთიანებულია ორი სუბიექტი – სერბთა რესპუბლიკა, ბოსნიელების და ხორვატების ფედერაცია. ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება და შეთანხმების პირობების შესრულება ნატოს კონტროლის ქვეშ ხორციელდება.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები