გიორგი მთაწმინდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი მთაწმინდელი - წმ. ათონის მთაზე თორნიკეს ბერად აღკვეცის შემდეგ უამრავმა ქართველმა მოიყარა თავი, მაგრამ ქართველ ათონელ მამათაგან მაინც ყველაზე გამორჩეულნი იყვნენ წმ. იოანე და მისი შვილი ექვთიმე მთაწმინდელები და წმ. გიორგი მთაწმინდელი.

გიორგი ივერიელი დაიბადა თრიალეთში 1009 წ. მდიდარ ოჯახში. მამამისი იაკობი, მეფე გიორგი I-ის ელჩი იყო სპარსეთის შაჰის კარზე.

1034 წელს საქართველოში აღიკვეცა ბერად და წავიდა შავ მთაზე, სადაც სამი წელი იყო გიორგი დაყუდებულის მორჩილებაში.

ბოლოს გიორგი ათონელმა მიიღო დიდი სქიმა და წავიდა ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში. გზაში, იერუსალიმში, მოინახულა მაცხოვრის საფლავი და თაყვანი სცა მას.

ივერიის მონასტერში წმ. გიორგიმ განაგრძო საღვთო წიგნების თარგმნა, რომელიც დაწყებული ჰქონდა ექვთიმე ივერიელს და დღესაც ქართული ეკლესია მხოლოდ წმ. გიორგის მიერ თარგმნილ წმ. წერილს სცნობს ღირსად საეკლესიო ღვთისმსახურებისათვის. უამრავი წმინდა წიგნი აქვს თარგმნილი ბერძნულიდან და ლათინურიდან, მათ შორის „ქრისტეს 70 მოწაფის ცხოვრებაც“. აქვს მრავალი ორიგინალური ნაწარმოებიც, რომელთა შორის ღირსსახსოვარია იოანე და ექვთიმე ივერიელების ცხოვრება, სადაც აღწერილია ივერიის მონასტრის დაარსება და მისი ისტორია. ამიტომ ეს წიგნი ისტორიულ-ლიტერატურულ ძეგლადაა მიჩნეული.

წმ. გიორგი მღვდლად აკურთხეს 1042 წ, შემდეგ კი დეკანოზობაც უბოძეს.

წმ. გიორგის ბერძნულის ცოდნა თვით ბერძნებსაც უკვირდათ. გიორგი მთაწმინდელმა დიდი ხნის ნათარგმნი წიგნები შეასწორა გაწმინდა შეცდომებისაგან. ზოგიერთი წიგნი - „სახარება“ და „სამოციქულო“ ხელმეორედ გადმოთარგმნა. წმ. გიორგიმ გადმოთარგმნა ის საღმრთო წიგნებიც, რომლის თარგმნა ვერ მოასწრო წმ. ექვთიმე მთაწმინდელმა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მედგრად დაცვაში გიორგი მთაწმინდელს ვერავინ შეედრებოდა.

ანტიოქიის ეკლესიის მმართველთა მისწრაფება იყო, დაექვემდებარებინათ საქართველოის ეკლესია. ქართველი მოღვაწეები მრავლად იყვნენ ანტიოქიის მახლობელ სავანეებში. XI საუკუნის პირველ ნახევარში განსაკუთრებული დაძაბული ურთიერთობა შეიქმნა ქართველ და ანტიოქიელ ბერებს შორის. საქმე იქამდე მივიდა, რომ 60 ქართველი ბერი სრულად გამოაძევეს სვიმონწმინდის მონასტრიდან. მიზნის მისაღწევად მათმა სამღვდელოებამ იმ დროისათვის მეტად მკვეთრ საშუალებას მიმართა: ქართველებს არამართლმადიდებლობაში დასწამეს ცილი და მწვალებლებად გამოაცხადეს. მოწინააღმდეგე მხარემ კამათი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის არაკანონიერების მტკიცებაზეც გადაიტანა.

საქართველოს ავტოკეფალიის მოწინააღმდეგე დასმა ყოველივე ანტიოქიის პატრიარქს მოახსენა და სიტყვა ასე დაასრულა: „ყოველნი საეკლესიონი წესნი მათ მიერ განეგებიან და თვით დაისუმენ კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა და არა სამართალ არს ესე, რამეთუ ნათესავი არს უმეცარი და ჩუენდა მახლობლად არიან და ჯერ არს, რათა ხელმწიფებისა ქუეშე ანტიოქელი პატრიარქისა იმწყემსებოდნენ და იკურთხებოდეს კათალიკოსი მათი“. წმ. გიორგი მთაწმინდელმა დაუმტკიცა პატრიარქს, პეტრე მესამეს, რომ ქართველები მტკიცე მართლმადიდებლები არიან.

ანტიოქიის ახალმა პატრიარქმა თეოდოსმა ასევე მოიწადინა საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ჩამორთმევა. თავისი განზრახვის აღსრულების საბუთად ის მოჰქონდა, რომ საქართველოს ეკლესია მოციქულთაგან არ არის დაფუძნებულიო. ამის საფუძველზე ისევ დაიბარა ათონის მთიდან გიორგი მთაწმინდელი და გამოუცხადა თავისი განზრახვა. თეოდოსის ეგონა, რადგან გიორგი ქართველი იყო და დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოს მეფეზე, ერზე, ეკლესიასა და პოლიტიკურ საქმეებზე, მისი შემწეობით აღასრულებდა თავის განზრახვას.

ანტიოქელმა პატრიარქმა თეოდოსიმ გიორგის ვითომ კეთილად ურჩია ქართული ეკლესიის დაქვემდებაარება ანტიოქიისადმი. თეოდოსის „რჩევით“ გიორგის უნდა ჩაეგონებინა მეფისა და კათალიკოსისათვის, რომ საქართველოს ეკლესიას უარი ეთქვა ავტოკეფალიაზე და ანტიოქიის პატრიარქს დამორჩილებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პატრიარქი გიორგის დაემუქრა - ამ თქვენს ურჩობას ვაცნობებ ოთხ პატრიარქს, რომ თქვენ „სამოციქულო კანონების“ წინააღმდეგ თვითნებურად გაქვთ „თვითმწყსობა“ (ავტოკეფალია) და იმდენს გიზამთ, თქვენი მეფე თავის ფეხით აქ ჩამოვიდეს და ამაზე შემომეხვეწოსო.

გიორგის ძლიერ ეწყინა პატრიარქის ეს განზრახვა, ურყო პატრიარქის მიერ წამოყენებული ყველა ბრალდება და მოითხოვა საპარტიარქო კრებაზე მისი განხილვა. მართლაც, 1057 წელს ანტიოქიის საპატრიარქოში გაიმართა პაექრობა, რომელიც ეხებოდა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხს. აქ ქართული ეკლესიის პოზიცია ბრწყინვალედ დაიცვა გიორგი მთაწმინდელმა, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბერძნებს ორი საბუთი მოჰქონდათ:

  1. საქართველოში არც ერთ მოციქულს არ უქადაგია, რის გარეშეც იმდროინდელი გაგებით საეკლესიო ავტონომია შეუძლებელი იყო.
  2. ქართველთა აღმსარებლობა ბიზანტიური საეკლესიო წრეებისათვის ბურუსით იყო მოცული.

მათ ეჭვიც კი შეჰქონდათ ქართველთა მართლმადიდებლობაში. პასუხად გიორგი მთაწმინდელმა ანტიოქიის საპატრიარქოს წარუდგინა ბერძნული თხზულება „ანდრია მოციქულის მიმოსვლა“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ანდრიამ იქადაგა საქართველოში. ანდრია, ბიბლიური ტრადიციით ქრისტეს პირველი მოწაფე იყო. მან დაუმოწაფა ქრისტეს პეტრე მოციქული, რომელსაც განმანათლებლად მიიჩნევდა ანტიოქიის საპატრიარქო. წმ. გიორგიმ სამართლიანად ჰკადრა ანტიოქიის პატრიარქს: „წმიდაო მეუფეო! შუენის ესრეთ, რათა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თვისსა და ძმასა ანდრიას და რათა თქუენ ჩუენ დაგუემორჩილნეთ.

მეორე საბუთზე გიორგიმ პირდაპირ უპასუხა პატრიარქს: „რაჟამს ერთგზის გვიცნობიეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხულ გინა თუ მარჯულ,არცა მივიდრიკებით, თუ ღმერთსა უნდეს. რაც შეეხება ბერძნულ ეკლესიას, - განაგრძო გიორგიმ, - იყო ჟამი, ხატმებრძოლობის ეპოქაში, როდესაც თვით ბერძნული წყაროებით, საბერძნეთში იმდენად შეირყა მართლმადიდებლობა, რომ გუთეთის საეპისკოპოსო კანდიდატი იოანე საქართველოში, მცხეთის ეპისკოპოსს აკურთხებინეს. ამ პასუხზე ანტიოქიიის პატრიარქი შედრკა ქართველი მოპაექრის საბუთიანობით და ნახევრად ხუმრობით მიმართა ბერძნებს: „ხედავთა ბერსა ამას, ვითარ მარტო ესეოდენსა სიმრავლესა გუერევის?! ვიკრძალნეთ, ნუ უკუე წინააღმდგომნი შეგუემთხვიოს და არა ხოლო თუ სიტყვით, არამედ საქმით გუამხილოს ძლეულება ჩუენი და დაგვიმრევლნეს“.

გიორგი მთაწმინდელის მეშვეობით ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ შეძლეს ანტიოქიისა და სხვა ბერძნულ საპატრიარქოებში ქართული ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლება; ბერძნულ წყაროთა ჩვენებების საფუძველზე დაამტკიცეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის არსებობა უძველესი დროიდან და აქედან გამომდინარე, ქართული ეკლესიის ფაქტობრივად არსებული საპატრიარქო ღირსების იურიდიული ცნობაც.

ბაგრატ მეოთხე კონსტანტინოპოლში რომ ჩავიდა, ინახულა შესანიშნავი თანამემამულე გიორგი მთაწმინდელი, მაშინ უკვე განთქმული და ცნობილი მოღვაწე. მეფე მოხიბლა მისმა პიროვნებამ და დარბაისლურმა მსჯელობამ და სთხოვა ჩამოსულიყო საქართველოში რამდენიმე წლით და ქართველი ერის ზნეობრივი ცხოვრება მოეწესრიგებინა (მხილების სიტყვით აღმოეფხვრა განმტკიცებული მრავალი ბოროტება).

მეფე ბაგრატის თხოვნით გიორგი ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. აირჩია სამი ადგილი მარტვილი, ნეძვი (ბორჯომის ხეობაში) და ტბეთი (შავშეთში). მოვიდა ისეთ დროს, როდესაც შიმშილობით იტანჯებოდა მხვნელ-მთესველი გლეხობა. სამღვდელოება შიმშილით ტანჯული ხალხის შავბნელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითსაც არ ანძრევდა. ეპისკოპოსები და მღვდლები მთელ სიმდიდრეს ეკლესიების გამშვენიერებისათვის ხარჯავდნენ და ცოცხალი ეკლესია, მორწმუნეთა კრებული კი დავიწყებული ჰყავდათ; ხალხზე გული არ შესტკიოდათ. მათ გრშემო შიმშილი, გლოვა და სიკვდილი იყო გამეფებული. ამის მიზეზი იყო საუკუნეთა მიერ განმტკიცებული წოდებრიობა, რომლის მიხედვით იღებდნენ თანამდებობეს სხვადასხვა პირები. პირადი ნიჭი, პირადი ცოდნა, პირადი ღირსება უგულვებელყოფილი იყო. გიორგიმ გაითვალისწინა ქართველი ერის უმწეო, დუხჭირი მდგომრეობა და დაიწყო ძიება ამ მდგომრეობის მიზეზებისა. უშიშრად ამხილა ის პირნი, რომელთა მეოხებით ქართველი ერი უფსკრულის პირზე იყო მიმდგარი. პირველი მხილების სიტყვით მიმართა მეფე ბაგრატს, რომელსაც დიდძალი თანხა სჭირდებოდა და სამღვდელმთავრო ადგილებს ჰყიდდა დიდებული გვარის შვილებზე. გიორგიმ უმოძღვრა მეფეს, მღვდელმთავრობა ეძლია ისეთი პირებისათვის, რომელნიც ცნობილნი იყვნენ თავიანთი პირადი მაღალი ღირსებით, ვინც სულს ხორცზე მაღლა აყენებდა და ამასთანავე ვინც აღჭურვილი იყო საჭირო საკმაო ცოდნით.

გიორგიმ ამხილა ეპისკოპოსებიც, რომელნიც უღირს პირებს აძლევდნენ მღვდლობის ხარისხს ქრთამისა და საფასურის სანაცვლოდ, გლეხის შვილებს კი აკრძალული ჰქონდათ მღვდლობის ხარისხის მიღება. ღირსმა გიორგიმ ურჩია ეპისკოპოსებს, მეტი ყურადღება მიექციათ გლახაკთათვის, რამეთუ ეკლესიათა გამდიდრებისათვის კი არ მისცემთ მათ მაცხოვარი ჯილდოს, არამედ - გლახაკთა შეწყალებისათვის.

ასევე ამხილა ღირსმა გიორგიმ მოსამართლენიც, მიკერძოებისა და მიდგომილობისათვის და ურჩია საქმის სამართლიანად გარჩევა, უსამართლო მოსამართლეობა დაავლა მათ: „დაე, მათი სასწორი ნუ გადაიხრების მდიდრებისა და დიდებულებისაკენ, თუ უკანასკნელნი მტყუანნი არიან“.

ყოველივე ამის მეოხებით ღირსმა გიორგიმ მისცა საქართველოს საეკლესიო ცხოვრებას ხალხოსნური (დემოკრატიული) ელფერი, რომელიც დასავლეთ ევროპის საეკლესიო ცხოვრებაში მხოლოდ მეცამეტე საუკუნეში დამყარდა.

წმ. გიორგიმ შეასწავლა საღმრთო წერილი და სხვა საჭირო წიგნები დაბალი წოდების ნიჭიერ შვილებს. წმ. გიორგი მთაწმინდელს დიდი ღვაწლი მიუძღვის სასულიერო წოდებისა და ერის განათლების სქმეში. ყველა თავისი ნათარგმნი წიგნი მან ჩამოიტანა საქართველოში.

ღირსმა გიორგიმ შეკრიბა ბავშვები ქალაქებში, სოფლებში, მონასტრებში და ზოგნი კიდევ გამოისყიდა ბატონებისაგან. ერთი სიტყვით: თავადი, აზნაური, მდიდარი, გლახაკი, ობოლი, მონა, მწყემსი - ვინც შეხვდა, ყველა მიიღო სასწავლებლად. ხალხს ისე დიდად სწამდა მისი სიწმიდე და მაღალგონიერება, რომ დედ-მამათ თვითონვე მიჰყავდათ მასთან შვილები, სტოვებდნენ მისი კარების წინ და თვითონ სახლში ბრუნდებოდნენ. ამ სახით გიორგის შეუგროვდგა „ოთხმოცი ყმაწვილი“, რომლებიც შემდგომ ათონის მთაზე წაიყვანა.

სამმა მიზეზმა განაპირობა, ღირს გიორგის მოეკიდა ხელი ამ კეთილი საქმისთვის, ამბობს ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი):

  1. იმას სურდა, საქართველოს ეკლესიას ჰყოლოდა განათლებული სასულიერო პირნი;
  2. სურვილი ჰქონდა, რომ მისგან გადმოთარგმნილი წიგნები შეესწავლათ ყმაწვილებს, რომელთაც ეს უფრო ადვილად შეეძლოთ, ვიდრე დიდებს;
  3. ეწადა ათონის მთაზე, ქართველთა ლავრაში, საცა დასაფლავებული არიან გვამნი: იოანესი, ექვთიმესი, არსენ გრძელიძისა და მრავალ ქართველთა წმინდათა, ყმაწვილებს შეესწავლათ ლმობიერი და ბრწყინვალე წირვა-ლოცვა და მერმე მოსულიყვნენ საბშობლო ქვეყანაში.

1066 წელს გიორგიმ თავისი ოთხმოცი მოწაფე შეკრიბა და წავიდა ათონის მთაზე. თან გაჰყვნენ მრავალნი თავადნი და გლეხნი. მათში ერია ერთი ერისთავიც, სახელად პეტრე. მათ გაიარეს კონსტანტინოპოლში. აქ დიდი პატივით მიიღო თავის სასახლეში იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ. მეორე დღეს უბრძანა გიორგის, მაჩვენე შენი ობლები, რომლებიც წამოგიყვანია საქართველოდან აღსაზრდელადო.

პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე გიორგიმ უბრძანა თავის მხლებლებს, მოემზადებინათ ყველა ყმაწვილი იმპერატორისათვის საჩვენებლად, რომელმაც შეატყობინა გიორგის, რომ იგი ნახავდა მის ობლებს ფოლოპატროსის ველზე.

ყმაწვილები გაამზადეს. წმინდა მამა თუმცა დასნეულდა, მაგრამ მაინც სხვის დაუხმარებლად ცხენზე ამხედრდა, წაუძღვა თავის მოწაფეებს და მივიდა დანიშნულ ადგილას. მოვიდა იმპერატორიც თავის მემკვიდრე შვილებით და მრავალი სეფეწულით. როცა მან დაინახა თითქმის შვიდ-შვიდი წლის ობოლნი, მოკლე-მოკლე ბერულ ტანსაცმელში გამოხვეულნი, ლმობიერებაში მოვიდა და უთხრა გიორგის: „წმინდა მამაო! დიდი, დიდი საკეთილო საქმე გიქნიაო“ ამ დროს გიორგიმ მიაწოდა ხელმწიფეს არზა და უთხრა: ღვთის შემდეგ, ხელმწიფეო, მე იმედი მაქვს შენზე: მოაწია ჟამმა ჩემი სიკვდილისამ და გაბარებ და მოგანდობ შენ მზრუნველობას ამ ჩემს ობლებზეო.

მეორე დღეს, 1066 წ. 27 ივნისს წმ. გიორგიმ სული ღმერთს მიაბარა თავისი ობლების თვალწინ. მისი ცხედარი გადაასვენეს ახალ ათონზე, სადაც ერთი წელი მისი კუბო გაუხსნელად იდგა. როცა გახსნეს, წმ. გიორგის ცხედარი ხელუხლებელი იყო: ერთი ღერი თმაც კი არ ჰქონდა ჩამოვარდნილი. წმ. გიორგის კუბო მოათავსეს წმ. ექვთიმეს სარკოფაგის ახლოს.

გიორგი მთაწმინდელი არის ბიბლიური წიგნების არა მარტო მთარგმნელი, არამედ რედაქტორიც, რომელმაც მაქსიმალურად დაუახლოვა ქართული თარგმანი ბერძნულს, რომ „ბიწი რამე“ არ მოსდებოდა მათ. ეს იყო იძულებითი ღონისძიება ქართული კერების თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად დიდმპყრობელური ბერძნების მომძლავრების ჟამს. მისი ხსენების დღეა - 27 (10) ივნისი.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები