ეკლესია მადლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკლესია „მადლი“ - ერთ-ერთი ბაპტისტური ეკლესია საქართველოში (მეტწილად რუსულენოვანი), თვითმყოფადი და თვითმმართველი, დამოუკიდებელი ამავე კონფესიის სხვა ეკლესიებისაგან, რომლებიც საქართველოში ან საზღვარგარეთაა.

ჩამოყალიბდა 1985 წელს თბილისში, ფილიალი ბათუმშიც აქვს. თბილისის სამლოცველო სახლი მდებარეობს ნავთლუღში, ქინძმარაულის ქუჩაზე. წინამძღვარია გარი არუთინოვი. მონათლულ წევრთა რაოდენობა 150-ს უდრის.

ღვთისმსახურების სტილისა და ცხოვრების წესის თვალსაზრისით იგი ბაპტისტთა ტრადიციულ ხაზს მიჰყვება. ეკლესია არ არის გაყოფილი სამღვდელო და საერო (სამრევლო) საზოგადოებებად, არ ჰყავს ეპისკოპოსი: არ შედის ეპისკოპალურ დაქვემდებარებაში და არ არსებობს საეკლესიო იერარქია (დაცულია საყოველთაო მღვდლობის პრინციპი), ღვთისმსახურებაში არ გამოიყენება საეკლესიო-სარწმუნოებრივი სიმბოლოები: ხატები და რელიეფური ჯვარი (ჯვარცმა); არ გვხვდება საკურთხეველი და არც ტრაპეზი, უცხოა წმინდანთა და წმინდა საგანთა კულტი (მათდამი თაყვანისცემის წესი) და ა.შ.

საკუთარ მრწამსს ეს ეკლესია მოკლედ და ზოგადად ასე გადმოსცემს:

მამა, ძე და წმინდა სული არსებით ერთი და განუყოფელია. საღვთო ჭეშმარიტება გაცხადებულია ბიბლიაში. ცოდვისა და მისი შედეგისაგან განკაცებულმა ღმერთმა იესო ქრისტემ გამოგვისყიდა და ხსნა მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ გაღებული მსხვერპლით მოგვემადლება. ცოდვილი ადამიანი მართლდება ღვთისაგან ბოძებული მადლით და პირადი რწმენით. ზეციდან შობა ადამიანში სულიწმინდის მეშვეობით ხდება. ეკლესია არის ქრისტეს სხეული, რომელსაც ზეციდან შობილნი განეკუთვნებიან. წმინდა წერილი (ბიბლია) რწმენის ერთადერთი წყარო და უმაღლესი ავტორიტეტია.

ნათლისღების წესი აქაც, ისე როგორც ყველა სხვა ბაპტისტურ ეკლესიაში, მხოლოდ მოწიფულ ასაკში მყოფი ადამიანების მიმართ სრულდება.

ზიარების წესი თვეში ერთხელ და დიდ საუფლო დღესასწაულებზე სრულდება - გამოიყენება პური და ყურძნის წვენი (ღვინის ნაცვლად).

მსახურება ჩვეულებრივ ორ საათს გრძელდება და შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: საღვთო წერილის კითხვა, ქადაგება, ლოცვა და გალობა სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებით.

ეკლესია, ამერიკელი და ევროპელი თანამორწმუნეების დახმარებით, შემდეგ სოციალურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს: უმწეოთა და უპოვართა დაპურება, უძლურთა ნუგეში, ბავშვთა სარწმუნოებრივი სწავლა-განათლება, მათი დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი ბანაკების მოწყობა, წიგნების გამოცემა.


წყარო

რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი,2008

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები