დისნეი უოლტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უოლტ დისნეი

უოლტ დისნეი - (ინგ. Walt Disney, 5 დეკემბერი — 15 დეკემბერი 1966 ), ამერიკელი მხატვარ-მულტიპლიკატორი, კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, გამხმოვანებელი, ქველმოქმედი, კომპანია „Walt Disney Productions“ დამფუძნებელი.

სარჩევი

ადრეული წლები

უოლტ დისნეი ჩიკაგოში დაიბადა და მისურის შტატის პატარა ფერმაში იზრდებოდა. მამამისი, წარმოშობით ირლანდიელი, ელიას დისნეი, ჩიკაგოში ჟელეს დამამზადებელი პატარა საწარმოს მეპაიე იყო. ოჯახში ყველაზე უმცროსი უოლტი, მას შემდეგ რაც 10 წელი შეუსრულდა, ოჯახთან ერთად კანზას-სითიში გადავიდა საცხოვრებლად და ბავშვობიდანვე ჩაება მუშაობაში. ალიონზე დგებოდა, რათა თავის ძმასთან ერთად მამის გაზეთები კარდაკარ უფასოდ ჩამოერიგებინა და მერე სკოლისკენ დროზე მოეკურცხლა. ახალი კლიენტის პოვნის შემთხვევაში უოლტი პირდაპირ რედაქციისგან იძენდა ახალ გაზეთებს და მამისგან ფარულად თავისი საკუთარი მარშრუტი შექმნა. პირადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით, ის ოჯახისგან მალულად, ტკბილეულობას ყიდულობდა, რადგან ოჯახში კანფეტების ჭამა აკრძალული იყო.


ასე დაიწყო მისი, როგორც მეწარმის, კარიერა. მცირეწლოვანმა დისნეიმ დამალა თავისი ასაკი და წითელ ჯვარში ჩაეწერა, რათა უფროსი ძმის, როის მსგავსად პირველ მსოფლიო ომში მიეღო მონაწილეობა. უოლტი მოხალისეთა ბოლო ეშელონით საფრანგეთში გააგზავნეს. აქ მას ასაკის დაფარვა ძვირად დაუჯდა. ბარში მეგობრების მიერ მოტყუებული უოლტი იძულებული გახდა გადაეხადა ანგარიში, რომელმაც მის, ჯერ კიდევ აუღებელ, პირველ ხელფასს გადააჭარბა. უოულტი იძულებული გახდა შავ ბაზარზე გაეყიდა თავისი ჩექმა. ამ ფაქტის შემდეგ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომ მომავალში თავს არავის მოატყუებინებდა. მან კარგად ისწავლა პოკერის თამაში და ამის გარდა არაორდინარულ საქმიანობას მიჰყო ხელი. სანაგვეზე გადაყრილ გერმანულ ფოლადის მუზარადებს ის იმგვარად „ალამაზებდა“, თითქოს მუზარადის პატრონი თავში დაჭრით ყოფილიყო გარდაცვლილი. წითელი ჯვრის სადგურთან გამავალი სამხედროები ასეთ მუზარადებს, როგორც სუვენირებს ისე ყიდულობდნენ. ამ გზით დაგროვილ ფულს უოლტი შესანახად დედას უგზავნიდა.

ომის დამთავრების შემდეგ ის შინ დააბრუნეს, სადაც თავისი ბავშვობის ოცნების _ გაზეთის კარიკატურისტის პროფესიის დაუფლების განხორციელებას შეეცადა. მიუხედავად იმისა, რომ მან გამოამჟღავნა შემოქმედებითი ნიჭი, არ ეყო სიძულვილის გრძნობა, რაც აუცილებელია გაზეთებისთვის საჭირო სატირული კარიკატურების შესაქმნელად. ჩიკაგოში ცივი მიღებით შეშფოთებული უოლტი თავის ძმასთან ჩავიდა კანზას-სითიში. ძმამ უოლტი სამსახურში მოაწყო – ბანკის ერთ-ერთი კლიენტის კატალოგებისა და რეკლამის ილუსტრირებით დაასაქმა. მაგრამ ეს დროებითი სამსახური იყო. საშობაო აჟიოტაჟის დამთავრების შემდეგ უოლტი კვლავ უმუშევარი აღმოჩნდა და იძულებული გახდა თავისი ძმის ხარჯზე ეცხოვრა.

საილუსტრაციო ბიზნესი

ამჯერად, დისნეიმ გადაწყვიტა, თვითონ წამოეწყო საქმე. ის დაუმეგობრდა მასზე მეტად დახელოვნებულ მხატვარს, რომელიც უწინდელ სამსახურში გაიცნო და დაარწმუნა ადგილობრივი გამომცემელი, რომ შესაძლებელია მცირედ მომგებიანი გაზეთის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, თუ მას ილუსტრირებულ სარეკლამო დანართს დაურთავდნენ. დისნეის შარმით მოხიბლულმა გამომცემელმა ნება დართო ორ მხატვარს ერთი ოთახი (ფაქტობრივად ეს სააბაზანო გახლდათ) გამოეყენებინათ სტუდიისთვის. საქმის დასაწყებად, საჭირო მასალებისა და აღჭურვილობის შესაძენად უოლტმა ჯერ კიდევ ომის დროს შეკოწიწებული 250 დოლარი გამოიყენა.

უოლტმა, რომელიც ყოველთვის მზად იყო გამოეყენებინა ყველა საქმიანი შესაძლებლობა, ქალაქის სხვა გამომცემლებთან კონტრაქტები გააფორმა. რამდენიმე ხანში კომპანია „ივერკსი ენდ დისნეი“ (Iverks and Disney) ნამდვილ ოფისში გადავიდა, და ორივე კომპანიონს უკვე სათანადო რაოდენობის ფული გააჩნდათ იმისთვის, რომ სწვეოდნენ ადგილობრივ კინოთეატრს. აქ ნანახმა მულტიპლიკაციურმა ფილმებმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შეიტყო რა „კანზას-სითი ფილმ ედ“-ში (Kanzas City Film Ad) ვაკანსიის შესახებ, უოლტმა შესთავაზა მას თავისი და თავისი კომპანიონის მომსახურება. მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ მხოლოდ ერთი ადგილი გააჩნდათ, მან საქმის ნახევარი ივერკსს გადასცა და საილუსტრაციო ბიზნესიდან წავიდა.

კარიერის დასაწყისი

უოლტი მცირე ხნის განმავლობაში მუშაობდა კომპანია „ფილმ ედ“-ში (Film Ad) და მალე გახდა მხატვრული განყოფილების პერსონალის ვარსკვლავი. ხოლო ის ორიგინალური საქმიანობა, რომელსაც თავისუფალ დროს ეწეოდა, საფუძვლად დაედო საკუთარი კომპანიის – „ლაფ-ო-გრემ-ფილმზ, ინქ.“-ის (Laught or Gram Films, inc.) შექმნას.

დისნეის უკვე აღარ სურდა რაიმე საერთო ჰქონოდა რეკლამის სფეროსთან და გადაწყვიტა კაპიტალის მოზიდვა თავისი კომპანიის აქციების გაყიდვის გზით. 15 ათასი დოლარით მან შექმნა ორი, ზღაპრის სიუჟეტზე აგებული, მოკლე მულტიპლიკაციური ფილმი. ეს მულტფილმები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, დისნეის არანაირი თანხა არ მიუღია თავისი აგენტებისგან და აღიარების მიუხედავად, გაკოტრდა, თუმცა, მოახერხა კრედიტორებისგან დაეხსნა კამერა და თავისი ყველაზე მეტად ორიგინალური მულტფილმის – „ალისა საო-ცრებათა სამყაროში“ – ასლი. ადგილობრივი გაზეთების ფოტოკორესპონდენტად მუშაობის დროს მან შეაგროვა მცირეოდენი თანხა და დასავლეთში, კერძოდ კი ჰოლივუდში გაემგზავრა, რათა ყველაფერი თავიდან დაეწყო.

ამ მომენტიდან ისტორია უფრო ჩახლართულ სახეს ღებულობს. იზრდება მიმზიდველ საშუალებათა მასშტაბები, მაგრამ თემა კვლავ იგივე რჩება. იყენებს რა მულტფილმის – „ალისა საოცრებათა სამყაროში“ – ასლს და აგრეთვე, ზღაპრის სიუჟეტზე აგებულ ორ მოკლემეტრაჟიან მულტფილმს, უოლტ დისნეი დიდ იმედს ამყარებს თავის შარმზე, ძველ კავშირებსა და ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერაზე. მისი იმედები გამართლდა: „ლაფ-ო-გრემ“-ის ერთ-ერთი კლიენტი „ალისა“-ს რამდენიმე მოკლე თავგადასავალის დაფინანსებაზე დათანხმდა; უოლტის ძმა, როი ჰოსპიტალიდან გამოეწერა, რათა გარიგებების დადებაში ძმისთვის ხელი შეეწყო, ხოლო ზოგიერთმა ძველმა კანზასსითელმა დამფინანსებელმა კვლავ განაახლა უოლტის ანგარიშზე თანხების გადარიცხვა.

ფიფქია და შვიდი ჯუჯა
დისნეი პროდაქშენზ

„დისნეი პროდაქშენზ“-ის (Disney Productions) სრულყო-ფილების მიღწევის გზაზე უოლტს ახსოვს წარმატებებიც და წარუმატებლობაც. იმ შემთხვევაში, როდესაც ის თავისას მიაღწევდა, წარმოებული პროდუქცია შესანიშნავი გახლდათ, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდებოდა. კინობიზნესის საქმიანობაში ჩართული ძმები ხშირად ვალებში იყვნენ ჩაფლულნი. სწორედ იმ მომენტში, როდესაც მათ ეგონათ, რომ შექმნილი პროდუქცია ჰიტი (ყველაზე პოპულარული) იქნებოდა, მათ ჰპარავდნენ იდეას. შემოსავალი ხარჯებს ვერ ფარავდა და მათი საქმე კრახის წინაშე იდგა. შემდეგ გასაოცარი გზით ახალი იდეა კვლავ იბადებოდა და სტუდია კვლავ აყვავების გზას ადგებოდა. სწორედ ამ დროს დისნეის მოკლემეტრაჟიან მულტფილმებში გამოჩნდა ხმა და ფერი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მათი მხატვრული ღირებულება და ფასი. მიუხედავად იმისა, რომ „დისნეი პროდაქშენზ“-ის სახელი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, კომპანია კვლავ სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, დისნეი არ ჩერდება. ამოუწურავია მხატვრის ფანტაზია. იგი დაუღალავად ქმნის ახალ-ახალ სახეებს, ფაქიზად ძერწავს მათ ხასიათებს, ზნე-ჩვეულებებსა და ბილიკ-ბილიკ დაატარებს ფათერაკებით სავსე სამყაროში.

მალე დისნეიმ ყველა დაჩრდილა. იგი მულტიპლიკაციის მსოფლიო ხელოვნებაში პირველ ადგილს იკავებს და ფრიად პოპულარული ხდება. 1935 წელს ერთა ლიგამ მისი ნაწარმოები შეაფასა, როგორც საერთაშორისო კეთილი ნების სიმბოლო და განსაკუთრებული მედლით დააჯილდოვა.

ფიფქია და შვიდი ჯუჯა

„უნდა გადავიღო სრულმეტრაჟიანი ნახატი ფილმი“ – აეკვიატა ფიქრი, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა დისნეის. მართლაც, მან ყურადღება შეაჩერა პეროს საყოველთაოდ ცნობილ ზღაპარზე “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდება კეთილი და ბოროტი, მშვენიერი და მახინჯი, ამაღლებული და სასაცილო. ამ ფილმზე მუშაობისას მან ორი მილიონი დოლარი დახარჯა, თუმცა დიდი მოგებაც ნახა და 8 მილიონი დოლარი ჩაიჩხრიალა ჯიბეში. ნიადაგ ჯიბეცარიელი უოლტი უეცრად მილიონერი გახდა, მაგრამ ქონება მოულოდნელად როდი ჩავარდნია ხელში. თავისი დღე და მოსწრება წელებზე ფეხს იდგამდა და სწამდა, ადრე თუ გვიან ფონს გავიდოდა. ფიფქიამ კი ერთბაშად აუსრულა წადილი.

„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“-ს პრემიერა 1937 წელს შედგა. მულტფილმის წარმოების ბიუჯეტი ოცჯერ აღემატებოდა „ცოცხალი“ ფილმის გადაღებისთვის საჭირო ბიუჯეტს და წარუმატებლობის შემთხვევაში კომპანია უცილობლად გაკოტრდებოდა. „ფიფქიამ“ დისნეი შემოქმედების მწვერვალზე აიყვანა და მიიყვანა იმ მიჯნასთან, სადაც ხდება განვლილი გზის შეჯამება და მომავლის არჩევა. მან მალე ააშენა დიდი ხნის ნანატრი სტუდია, რომელიც სამი მილიონი დოლარი დაუჯდა. ამავე დროს მუშაობდა ერთდროულად ოთხ ფილმზე: „პინოქიო“, „დამბო“, „ბემბი“, „ფანტაზია“.

ახალი ფილმები ბიუჯეტის დიდი გადაჭარბების ხარჯზე გადაიღეს და ამერიკის ბაზარზე თავიდან არ სარგებლობდნენ დიდი წარმატებით. მულტფილმების ეკრანზე გამოჩენა დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას, რამაც დაანგრია შემოსავლიანი ევროპის ბაზარი. მზარდი დავალიანებიდან თავის დაღწევის ფინანსურ ალტერნატივად იქცა ღია აქციონერულ საზოგადოებად გარდაქმნა – აქციების გაყიდვა. გაყიდულ იქნა 775 ათასი აქცია, რის შედეგად კომპანიამ 8 მილიონი დოლარის კაპიტალი მიიღო და ის კვლავ გადარჩა. თუმცა ეს „დისნეი პროდაქშენზ“-ს საბოლოოდ ვერ იხსნიდა გაკოტრებისგან.

უოლტი კომპანიას მართავდა მეწარმისთვის დამახასიათებელი ტიპური მეთოდებით, აკონტროლებდა ყველაფერს, ყურადღების გარეშე არ ტოვებდა წვრილმანებსაც კი - არ უყვარდა თავისი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების აქციონერთა მხრებზე გადატანა.

დისნეილენდი, აშშ, ფლორიდა
დისნეილენდი

უოლტს შვილები შთააგონებდნენ ახალ სახეთა შექმნას. არ ეშვებოდნენ მამას, სანამ თამაშით გულს არ იჯერებდნენ, მერე კი მამის მიერ ქალიშვილების თავშესაქცევად მოგონილი ოინები ეკრანზე გადადიოდა. ზღაპრული სამყაროს შექმნის აზრი უოლტს მოსვენებას არ აძლევდა და მან გადაწყვიტა თავისი ქვეყანა, დისნეილენდი, აეშენებინა. ყოველივე ამას დასაბამი მიეცა 1955 წელს. სამხრეთ ჰოლივუდიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მანძილზე, ანაჰეიმსი აშენდა „დისნეილენდი“ (Disney-Land – დისნეის ქვეყანა), ატრაქციონების პარკი, რომელიც შეუძლებელია შეადარო რომელიმე დასვენებისა და კულტურის პარკს. თუმცა, ამ იდეის განხორციელებაში არ ამოუდგა მხარში თავისი ძმა. მან დაარწმუნა დირექტორთა საბჭო უარი ეთქვათ უოლტის დაფინანსებაზე, ვინაიდან როი ამ საქმეში მოგებას ვერ ხედავდა. ამ შემთხვევაში დისნეიმ დაფინანსების ახალ წყაროს, ტელევიზიას, მიმართა. გართობათა სფეროში ტელევიზია უკანასკნელ ადგილზე იდგა, დისნეის სამარცხვინოდაც მიაჩნდა იქ მუშაობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაფინანსების ყველა სხვა წყარო მისთვის მიუწვდომელი გახდა, ის დათანხმდა “ეი-ბი-სი”-სთან (ABC) ერთობლივი კომპანიის შექმნას. 5 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსების სანაცვლოდ დისნეი დათანხმდა ტელევიზიაში „მიკი მაუსის“ დადგმას. ამიერიდან ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-სთვის, აგრეთვე „დისნეი პროდაქშენზ“-ისა”და ამერიკის მაყურებლისთვის ახალი ეპოქა დაიწყო.

დღეისთვის კი, ამერიკის გარდა, ბავშვთა ჯადოსნური ქალაქი ამშვენებს მექსიკას, ჩინეთს, იტალიას, გერმანიას, იაპონიას, მაროკოს, საფრანგეთს, ინგლისს, კანადას...

როგორც დისნეის მაგალითიდან ჩანს, მეწარმისთვის ერთ-ერთ კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს საწარმოს დაფინანსება. მართალია, ეს პრობლემა თან ახლავს საწარმოს არსებობის მთელ პერიოდს, მაგრამ მეწარმე ამას ყველაზე მწვავედ საქმის დასაწყისში გრძნობს. მეწარმის თვალთახედვიდან გამომდინარე, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში იარსებებს საწარმო გარე დაფინანსების გარეშე, მით უფრო ნაკლები ხარჯი ექნება მას პროცენტების გადახდისა თუ კომპანიის აქციათა უმრავლესობის დათმობის სახით. პოტენციურ საინვესტიციო შესაძლებლობას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რისკი/მოგების კოეფიციენტი. დიდი მოგება მოსალოდნელია იქ, სადაც ადგილი აქვს დიდ რისკს.


წყარო

ქარჩავა, ლოიდ, გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან : ბიზნესის გარშემო : [7 წიგნად / რედ.: ლეო ჩიქავა]. - [თბ.] : ლოი, 2006. - 20 სმ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები