ფერაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმ. მოწამე გრიგოლ ფერაძე - მამა გრიგოლი დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა). 1913 წელს მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.

საკათალიკოსო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა 1921 წლის ნოემბრის დამდეგს სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად არტურ ლაისტის დახმარებით გრიგოლი ბერლინში გააგზავნეს. 1922-25 წლებში გრიგოლი ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს. აქ საბოლოოდ დაეუფლა 13 ენას. 1925 წელს გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და ამოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის - სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“.

ამის შემდეგ კითხულობდა ლექციებს ძველ ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე ბონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში.

1931 წელს გრიგოლი ბერად აღიკვეცა, მღვდელმონაზვნის ხარისხიც მიიღო, დააარსა პარიზის ქართული ეკლესია წმ ნინოს სახელზე და დაინიშნა ამ ტაძრის მოძღვრად. სადაც წარმოთქვა პირველი ქადაგება ქართულ მართლმადიდებლურ წირვაზე.

1932 წლიდან მის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო - აირჩიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად ვარშავაში.

წმ. გრიგოლ ფერაძეს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ორი გამორჩეული თვისება ახასიათებდა - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა.

1942 წლის მაისში გრიგოლ ფერაძე ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. მის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძველი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.

დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ ებრაელებს თუ სხვა ეროვნების პიროვნებებს.

1942 წლის ნოემბრის დამდეგს გააგზავნეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად, გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა.

როგორც ირკვევა, არქიმნდრიტმა თავს იდო სხვისი დანაშაული, კერძოდ, მან ფაშისტებისაგან ფარულად აგილი გაუცვალა 5 შვილის პატრონ ებრაელს და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში.

მღვდელ-მოწამე გრიგოლი წმიდანად იქნა შერაცხილი 1995 წ. 19 სექტემბერს და მისი ხსენების დღედ დადგინდა 13 სექტემბერი (ახ.სტილით).



წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები