კუდიანთ წუხრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუდიანთ წუხრა(ხევს.) „კუდიანთა საღამო“. იყვნენ დედა და მისი ქალიშვილი ორივე კუდიანები. ქალი გათხოვილი იყო და კუდიანთა საღამოს თავისი ქმრით მოსულა მამისახლში. ღამით ყველა კუდიანი ვალდებული ყოფილა, რომ ვინმე გამოეღვიძლა, უფრო თავისი ნათესავი, და სხვა კუდიანებისთვის მიეტანა მისი ღვიძლი. ღვიძლს შეუმჩნევლად ამოაცლიდა და უცაბედად მოკვდებოდა გამოღვიძლული ადამიანი. იმ ღამეს სიძემ და ცოლის ძმამ წაიქეიფეს და, დასაძინებლად რომ წავიდნენ, სიძემ ღილები გაიხსნა და პირჯვარიც გადაიწერა. ცოლის ძმა კი ნასვამი ყოფილა და დავიწყებია ეს წესები. ცოლის ძმას დაეძინა, სიძეს კი ისევ ეღვიძა, როცა ცოლს და სიდედრს, თავად კუდიანებს, კუდიანები მოუვიდნენ და მოსთხოვეს ადამიანის ღვიძლი. მაშინ დედამ უთხრა თავის ქალიშვილს: ადი ჭერხოში, ან შენი ძმა გამოღვიძლე, ან შენი ქმარი და ღვიძლი მოიტანეო. ქალი დაემორჩილა, ავიდა ჭერხოში, ნახა, რომ მის ქმარს ღილიც გახსნილი აქვს და პირჯვარიც გადაწერილი. მის ძმას კი არც ერთი წესი არ ჰქონდა შესრულებული, მაგრამ ქალს ძმა დაენანა და ვერ გაბედა მისი გამოღვიძვლა, ჩამოვიდა და დედას უთხრა: ჩემს ძმას არც პირჯვარი გადაუწერია და არც ღილი გაუხსნია. ქმარი რომ ყოფილიყო, გამოვღვიძლავდი და ძმის გამოღვიძვლა ვერ გავბედეო.

დედა გაუწყრა: რა ძმა და ქმარი, წადი და ჩქარა გამოღვიძლეო. ქალი დაღონდა, მაგრამ დედამ საშველი არ მისცა და გამოაღვიძვლინა ძმა და თავისი შვილი. ამ დედა-შვილის მოქმედებას სიძე ყურს უგდებდა და, ცოლის ძმა რომ გამოღვიძლეს და კვდომა დაიწყო, სიძემ ამოიღო ხანჯალი და ცოლსა და სიდედრს თავზე დაადგა: ორივეს დაგხოცავთ, თუ არ გატყდით და ეს ცოლისძმა არ გამიცოცხლეთო. კუდიანი დედა-შვილი შეშინებულან. დედას უთქვამს შვილისათვის: მიდი, თხა გამოღვიძლე და შენს ძმას მისი ღვიძლი ჩაუდევიო. გამოუღვიძლავს თხა, თხა იმავ წამს მომკვდარა, ღვიძლი თავის ძმისთვის ჩაუდვია და მორჩენილა. მერე გატეხილან და ბევრი რამ უამბნიათ კუდიანებზე. კუდიანი თუ გატყდებოდა, ჩვეულებრივ ადამიანად იქცეოდა და კუდიანობის წესებისა აღარაფერი ეცოდინებოდა. გატეხა ის იყო, რომ იტყოდა: მე კუდიანი ვარ, გავტეხილვარო. ამის თქმის შემდეგ მოშორდებოდა კუდიანური სული და დარჩებოდა სუფთა ადამიანი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები