ტირესიასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოდისევსი ესაუბრება ტირესიასის აჩრდილს.
კრატერის ფერწერა (ძვ.წ. IV ს. დასაწყისი), პარიზი, ეროვნული ბიბლიოთეკა

ტირესიასი(ბერძნ.) სახელოვანი ბრმა მისანი.

ტირესიასის მამა ევერესი ერთ-ერთი სპარტოსის, უდაიოსის, შთამომავალი იყო, დედად კი ნიმფა ქარიკლოს ასახელებენ მითები. შვიდი წლის ყოფილა ტირესიასი, როდესაც კილენეს მთის ფერდობებზე თამაშისას ერთმანეთზე გადაჭდობილი გველები უხილავს. ყმაწვილს ხელჯოხით მოუკლავს ერთი მათგანი, რომელიც მდედრი ყოფილა და ტირესიასიც უმალ მდედრად გარდასახულა. შვიდი წლის შემდეგ იმავე ადგილას ტირესიასი ისევ გადაჰყრია გველებს, ისევ მოუკლავს ერთ-ერთი, რომელიც მამრი აღმოჩენილა და ტირესიასს კვლავ მამრის სახე მიუღია. ასე შეუცვნია მას ქალთა და კაცთა ბუნება. ეს კარგად იცოდა ზევსმა და ერთხელ, როდესაც ჰერა ღალატს საყვედურობდა, თავის გასამართლებლად ტირესიასი იხმო და ჰკითხა: სიყვარული ვის უფრო დიდ სიამეს ჰგვრის, კაცსა თუ ქალსო. ტირესიასმა ასე მიუგო:

„სასიყვარულო სიამეთა ათი წლიდან
ქალს სამგზის სამი, ხოლო კაცს კი ერთი ერგება“.

გამარჯვებული ღიმილი რომ დალანდა ჰერამ ზევსის სახეზე, ისე განრისხდა, რომ დააბრმავა ტირესიასი. მაგრამ ღმერთთა და კაცთა მეუფემ სამაგიეროდ მას შინაგანი ჭვრეტის ნიჭი უბოძა და სიცოცხლე შვიდი თაობით გაუხანგრძლივა.

სხვა მითოსის თანახმად კი, ტირესიასი დააბრმავა ათენამ, რომელსაც შემთხვევით ჰკიდა თვალი შიშველ ჰიპოკრენეს, ტალღებში რომ ნებივრობდა. დედა ქარიკლომ დიდებულ ქალღმერთს პატიება სთხოვა შვილისათვის. საყვარელი ნიმფა რომ იხილა დამწუხრებული, შეწუხდა ათენა, მაგრამ ტირესიასს თვალის ჩინს ვეღარ დაუბრუნებდა. სამაგიეროდ თავისი ეგისიდან ჩამოხსნილ გველს ყმაწვილის ყურები გამოალოკვინა. ამის შემდეგ ტირესიასს ბუნების ენა ესმოდა. მართალია, იგი ბრმა იყო, მაგრამ ნათელმხილველი გახდა. დიდმა ქალღმერთმა გზისმკვლევად მას შინდის კვერთხიც უბოძა.

ბერძნულ სამყაროში ტირესიასის სახელი მჭიდროდ დაუკავშირდა თებეს მითოსს. იგი კადმოსის მიერ თებეს დაარსებასაც მოესწრო და მის დანგრევასაც, რადგანაც ამ ქალაქმა მხოლოდ შვიდი თაობა იარსება. თებეს დამხობის შემდეგ ტირესიასი დელფოს ორაკულისკენ გაეშურა, მაგრამ ვერ მიაღწია ნათელმხილველი აპოლონის ტაძრამდე. გზად მიმავალმა ტილფოსას წმინდა წყაროს წყალი დალია და სული განუტევა.

ტირესიასმა, პერსეფონეს წყალობით, გარდაცვალების შემდეგაც შეინარჩუნა ნათელი გონება. სწორედ მან უწინასწარმეტყველა ჰადესში ჩასულ ოდისევსს, რომ ზღვაში კი არა ზღვიდან ისწრაფებდა სიკვდილი მისკენ (მისნობა ახდა: ტელეგონოსი).

ტირესიასის სახე ხშირად გვხვდება ბერძნულ ლიტერატურასა (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონოსში“, „ანტიგონე“. ევრიპიდეს „ბაკქი ქალები“. კალიმაქოსის ჰიმნები და სხვა) და ხელოვნებაში.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები