ქარიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:45, 29 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქარიტები
(ძვ.წ. III ს.), კირენეს მუზეუმი

ქარიტები(ბერძნ.) მშვენიერების, სიხარულის, ქალური მომხიბლაობის ქალღმერთები. ზევსისა და ევრონომეს (სხვა ვერსიით, ჰელიოსისა და ეგლეს) ქალიშვილები.

სამყაროსეულ ყველა სიკეთეს და სილამაზეს ქარიტების დამსახურებად მიიჩნევდნენ ძველი ბერძნები. ახალგაზრდული მშვენიერება მათი მადლია. წყაროები რომ კამკამებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქარიტებმა განიბანეს მათში ოდესღაც. ისინი აწყობენ მხიარულ წვეულებებს ოლიმპოსზეც და ადამიანთა სამყოფელშიც. სადაც არ უნდა იკრიბებოდეს ხალხი გასართობად, უხილავი ქარიტებიც იქვე არიან და თავიანთი სიხარულის მადლით ავსებენ ირგვლივ მიდამოს. მათ უყვართ ღვინის ღვთაება დიონისე, უყვართ მუზები, რომლებიც წამისუმალ გარს ერტყმიან ხოლმე აპოლონს, როგორც კი იგი თავის ღვთაებრივ ხელს ჩამოჰკრავს კითარის სიმებს. ისინი ემსახურებიან აფროდიტეს. ყოველ ცისმარე განბანილ ქალღმერთს სხეულს უზელენ ნელსაცხებლებით, უმზადებენ სურნელოვან სამოსსა და ყვავილწნულებით ამკობენ.

ქარიტების უძველესი კულტი არსებობდა ორქომენოსში. მრავალი საუკუნის განმავლობაში ზუსტად არავინ იცოდა, როგორ გამოიმზირებოდნენ ისინი და ამიტომ მათ სახელზე თაყვანს სცემდნენ ქვებს, რომლებიც, ბერძენთა რწმენით, ოდესღაც ციდან ჩამოვარდნენ. ამ კეთილ ღვთაებათა პატივსადებ ზეიმებს ქარიტესიები ეწოდებოდა. ყველაზე ხშირად სამ ქარისს (ქარიტას) ახსენებენ: ევფროსინეს, თალიასა და აგლაიას. უძველეს ხანად მათ ლამაზი სამოსით წარმოსახავდნენ, მოგვიანებით – შიშვლად. ათენში, აკროპოლისის შესასვლელში იდგა ქარიტთა დასის ქანდაკება, რომელიც სახელოვან ფილოსოფოსს, სოკრატეს შეუქმნია ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მამის სახელოსნოში მოღვაწეობდა.

ქარიტების ატრიბუტები იყო ვარდები, მირტები, მუსიკალური საკრავები, ვაშლი ანდა სურნელოვანი ზეთის ფლაკონი, ზოგჯერ თავთავი და ყაყაჩოც.

გადატანითი მნიშვნელობით ქარიტებს უმშვენიერეს ქალწულებზე იტყვიან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები