ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება 1438-39

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:28, 22 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება 1438-39 – საეკლესიო კრება, რომლის მოწვევის ოფიციალურ მიზნად დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა გაერთიანების პრობლემის მოგვარება იქნა განცხადებული.

XV საუკუნისას I ნახევარში თურქ-ოსმალთა მხრიდან აშკარა საშიშროების გამო ბიზანტიის ხელისუფლება დასავლეთის მიმართ პოლიტიკურ-დოგმატური კაპიტულაციისა და დახმარების იმედით კათოლიკურ ეკლესიასთან გაერთიანებაზე მიდის. 1436 ბიზანტიის იმპერატორმა იოანე VIII-მ მართლმადიდებლურ ქვეყნებში მოციქულები გაგზავნა ამ საეკლესიო კრებაზე თავიანთ წარმომადგენელთა გასაგზავნად. ასეთი მისიით, საქართველოსა და ტრაპიზონში ბიზანტიის ელჩი ანდრონიკე იაგარისი (იაგრინი) იმყოფებოდა. ალექსანდრე I დიდის სამეფო კარმა იმ იმედით რომ, იქნებ, მართლაც მეღოთ გარკვეული დახმარება, უშუალოდ ენახათ, დასავლეთში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, თავად შეეფასებინათ საეკლესიო კრებაზე გაბატონებული სიტუაცია და განესაზღვრათ, ჰქონოდათ თუ არა დასავლეთის მხარდაჭერის იმედი, მიიღო გადაწყვეტილება ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე თავისი დელეგაციის გაგზავნის შესახებ.

მსოფლიო საეკლესიო კრება 1438 წლის 5 თებერვალს გაიხსნა იტალიის ქ. ფერარაში, უნიის საკითხის განხილვა შემდეგ ფლორენციაში გაგრძელდა, ამიტომ იგი ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების სახელწოდებითაა ცნობილი. ეს კრება, მსოფლიო პოლიტიკის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ფორუმად უნდა ქცეულიყო და ოსმალთა წინააღმდეგ ძალთა გაერთიანება მოეხდინა. პაპმა ერთ-ერთი მთავარი პირობა – დასავლეთის ხელისუფალთა კრებაზე დასწრება – ვერ უზრუნველყო, რამაც მას ყოველგვარის აზრი დაუკარგა.

რომის პაპი სარგებლობს აღმოსავლეთის ხელისუფალთა მძიმე მდგომარეობით და პაპის მეთაურობით დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა გაერთიანებას ცდილობს. 1439 წლის ივლისში მართლმადიდებლურ სახელმწიფოთა და მათი ეკლესიების წარმომადგენელთა უმრავლესობამ უნიას ხელი მოაწერა.

საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ – მისი ხელმძღვანელები გრიგოლ და იოანე მანგლელ-თბილელი ეპისკოპოსები, საქართველოს მეფის სპეციალური ელჩი (საერო პირი) და მისი „განსაკუთრებული მოხსენიებულნი სენატორები“. საქართველოს ეს დიპლომატიური მისია დასავლეთ ევროპაში დიდი პატივით მიუღიათ, დელეგაციის ხელმძღვანელი საეკლესიო კრების მონაწილეთა წინა რიგში იჯდა, მისი სხვა წევრებიც. კრების მონაწილეთა შორის გამორჩეული პატივით სარგებლობდნენ – საქართველოს და მის ეკლესიას საპატიო მეხუთე ადგილი უკავია, რაც მის მაღალ საერთაშორისო ავტორიტეტზე, პრესტიჟსა და გავლენაზე ლაპარაკობს. საინტერესოა, რომ მხოლოდ შემდეგ არიან რუსეთის, მოლდოვ-ვლახეთისა და სხვა მიტროპოლიტები.

საქართველოს დელეგაციის წევრებს კრების მსვლელობისას ინტენსიური შეხვედრები ჰქონდათ, მათ შორის გამორჩეულია რომის პაპისა და ქართველი ელჩის პირადი შეხვედრა და საუბრის ნიუანსები. ქართველი დიპლომატი რომის პაპს საკმაოდ თამამად, მაგრამ დიპლომატიურად ეკამათა: „იბერმა პაპს ურჩია, ხელი არ ეხლო ბარბაროსულ ენებზე არსებული დოგმებისათვის, რომელთა ძალით წართმევა და მათ ნაცვლად თავისი დანერგვა სურს. პაპმა პასუხი ფარული სიმწარით მოისმინა და განცვიფრებული გაჩუმდა“. საეკლესიო კრების მსვლელობაში ქართული დელეგაცია დარწმუნდა, რომ პაპისაგან საქართველო რეალურ დახმარებას ვერ მიიღებდა. არსებული სიტუაციის აღარც შეცვლის იმედი არსებობდა. ამიტომ ხელმძღვანელებმა – გრიგოლ და იოანე ეპისკოპოსებმა, ასევე საერო პირმა – მეფის ელჩმა და ელჩობის სხვა წევრებმა კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანების აქტს ხელი არ მოაწერეს.

საეკლესიო კრების პირველსავე დღეებში თავისებური ფრაქცია შეიქმნა. იგი უარყოფითად უყურებს უნიის იდეას, იმ მეთოდებს, როლებსაც საპირისპირო აზრის მქონეთა მიმართ იყენებდნენ. პირველ ეტაპზე, ამ ფრაქციის ლიდერი გრიგოლ ივერიელი ეპისკოპოსია. საბოლოოდ, ქართულმა დელეგაციამ ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება ისე მიატოვა. რომ აქტზე ხელი არ მოუწერია.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები