საკონსულო დაწესებულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:57, 25 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკონსულო დაწესებულება – საგარეო ურთიერთობების მუდმივი სახელმწიფო ორგანო, რომელიც იქმნება ორ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსხვავებით დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან, ფუნქციონირებს არა მთელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მასშტაბით, არამედ ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრულ რომელიმე საკონსულო ოლქში.

თანამედროვე პერიოდში საკონსულო პრაქტიკაში ცნობილია საკონსულო დაწესებულების ორი სახე: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო განყოფილება და ბ) დამოუკიდებელი საკონსულო დაწესებულება. დამოუკიდებელი საკონსულო დაწესებულება იყოფა შემდეგ კლასებად: ა) გენერალური საკონსულო; ბ) საკონსულო; გ) ვიცე-საკონსულო და დ) საკონსულო სააგენტო. საკონსულო დაწესებულების შტატი შედგება საკონსულოს თანამდებობის პირების, ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალისაგან.

საკონსულო დაწესებულების ძირითადი ფუნქციაა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გამგზავნი ქვეყნის ინტერესების, მისი მოქალაქეების და ორგანიზაციების ინტერესების დაცვა. მეგობრული ურთიერთობების განვითარება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, მეცნიერება და ტექნიკა. ვაჭრობა, განათლება, კულტურა და ა.შ. გარდა ამისა, იგი ასრულებს უშუალოდ საკონსულო ფუნქციებს, რაც ითვალისწინებს პასპორტების, ვიზებისა და სხვა დოკუმენტების გაცემას, განახლებასა და ანულირებას, საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე მყოფ თანამემამულეთა აღრიცხვას, საკონსულო ლეგალიზაციას, ნოტარიუსის ფუნქციათა შესრულებას და ა.შ. ფუნქციათა ჩამონათვალს შეიცავს ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობათა შესახებ 1963, ასევე ორმხრივი საკონსულო კონვენციები.

საკონსულო დაწესებულება და მისი თანამდებობის პირები სარგებლობენ საკონსულო პრივილეგიებით და იმუნიტეტებით. მისი შენობა, მეთაურის რეზიდენციის ჩათვლით, ხელშეუხებელია, თუმცა ვენის კონვენციის თანახმად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების შემთხვევაში შეუძლიათ შევიდნენ საკონსულო დაწესებულების შენობაში. ხელშეუხებელია არქივი, დოკუმენტები და ოფიციალური მიმოწერა. საკონსულოს უფლება აქვს თავისუფლად დაუკავშირდეს თავისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, სხვა საკონსულოებს. იგი თავისუფლდება ყოველგვარი საბაჟო გადასახადებისგან კონკრეტული მომსახურების სფეროების გარდა. საკონსულო დაწესებულების შენობაზე გამოფენილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დროშა და ემბლემა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები