მანკაბერდელი სადუნ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სადუნ მანკაბერდელიათაბაგი და ამირსპასალარი 1272-1281/1282 წწ-ში; გასომხებული ქურთი, პოლიტიკური კარიერა დაიწყო ავაგ მხარგრძელის ასულის ეჯიბობით (1272 წ-დე). მონღოლთა სამსახურში დაწინაურებული და მათივე რკომენდაციით ათბაგის თანამდებობამდე აღზევებული. ჭკვიანი მედროვე, დიდი სიმდიდრისა და გავლენის პატრონი.

თავდაპირველად სადუნი ავაგ მხარგრძელის სახლში ავაგის ასულ ხვაშაქის ეჯიბად მსახურობდა. პატრონის სამსახურში სადუნმა თავი გამოიჩინა და მრავალი წყალობა მიიღო ხვაშაქის მეუღლის, მონღოლთა დიდმოხელის საჰიბ-დივნისაგან. მისი მხარდაჭერით სადუნი მალე დაწინაურდა ილხანთა კარზე. ჟამთააღმწერლის ცნობით, სადუნი თარჯიმნის რანგში ესწრებოდა ულო ყაენთან დავით ულუსა და სარგის ჯაყელის გასამართლებას და „კეთილად უთარგმნიდა“ ყაენს სარგის ჯაყელის სიტყვას. ამით სადუნმა ყაენის რისხვაც დააცხრო და დავით მეფის ნდობაც დაიმსახურა. შემდგომში, როდესაც ილხანთა კარზე ჩასულ დემეტრე II-ს აბაღა ყაენმა მეფობა დაუმტკიცა, უკან დაბრუნებულს სადუნი გამოაყოლა, რომელსაც დემეტრემ ათაბაგობა და, როგორც ჩანს, ამირსპასალარობაც უბოძა. იგი ათბაგად და ამირსპასალარად იხსენიება ქობაირის 1279 წლის ქართულ სააღმშენებლო წარწერაში, საიდანაც ჩანს, რომ სადუნის ასული ვანენი შანშე (I) მანდატურთუხუცესის ძის, მხარგრძელის თანამეცხედრე ყოფილა.

სულ მალე სადუნმა ქართველ მთავრებს გადააჭარბა ძალითა და გავლენით. მისი მმართველობის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მონღოლთა სადამსჯელო ექსპედიციები შეწყდა, რითაც ხალხს შედარებით მშვიდობიანი ცხოვრების პირობები შეექმნა და ქვეყანამ მოშენება დაიწყო. მემატიანე სადუნს ბრძენ და გონიერ მმართველად მოიხსენიებს. მის განსაკუთრებულ დამსახურებად მიიჩნევს გარეჯის უდაბნოებისათვის მონღოლური ყალანისა და მალის ამოკვეთას. ამავე პერიოდში სადუნმა დიდი ქონება დააგროვა და პირად განდიდებასაც მიაღწია. მან მეფეს გამოსთხოვა თელავი, ბელაქანი და სხვა მრავალი მიწა-წყალი. ეს არ იკმარა და დმანისის მიღებაც მოინდომა. რადგან მეფე დმანისზე თავს იკავებდა, სადუნმა გამოიყენა თავისი გავლენა მონღოლთა კარზე და ურდოში ჩასული მეფისათვის მონღოლებს უზომოდ დიდი გადასახადი მოათხოვინა. ამის შემდეგ სადუნმა მეფეს თვითონ შესთავაზა გადასახადის დაფარვა, თუკი დმანისს უბოძებდა. დემეტრე იძულებული გახდა დათანხმებულიყო დმანისის გაცემაზე. სადუნმა მეფისაგან კარიც მიიღო, სადაც რეზიდენცია ჰქონდა. ამრიგად, სადუნის ხელში უზარმაზარმა სიმდიდრემ მოიყარა თავი. ქონებას და გავლენას სადუნი ქორწინებებითაც ზრდიდა. მას სამი ცოლი ჰყავდა, მათგან ერთ-ერთი იყო ახალციხელთა ასული, რომლის წყალობით მოიხვეჭა ახალციხელთაგან კარის მიმდებარე მიწა-წყალი. შემდეგ აბაღა ყაენისაგან იყიდა დემეტრეს და თამარი, რომელიც მანამდე მონღოლი მოხელის ცოლი იყო. ცნობილია სადუნის ორი ძე, ხუტლუბუღა და მანგასარი. ათაბაგი სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა 1282 წ.


წყაროები და ლიტერატურა

ჟამთააღმწერელი 1959: 248, 257, 268-269, 272, 276; მურადიანი 1977: 177; მესხია 1979: 316-317;



წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები