ელტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:00, 26 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელტურა

ელტურა – სოფელია შიდა ქართლში (სამაჩაბლო), ერედვის მუნიციპალიტეტში, ბელოთის თემში. მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში,

სახელწოდბა

სახელწოდება ელტურა ქართული საისტორიო წყაროებისათვის უცნობია; იგი ფიქსირებული არ არის არც ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს აღწერაში“ და არც იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერაში“. მაშასადამე, ელტურა გვიანდელი ხანის წარმონაქმნი ერთეულია. მაგრამ ეს ფორმა თავდაპირველი არ არის, იგი მნიშვნელოვანი ფონეტიკური ცვლილების გზით მიგვიღია. საქმე ისაა, რომ ცნობილ გერმანელ მოგზაურს იოჰან გიულდენშტედტს (1745-1781) საქართველოში, კერძოდ, ლიახვის ხეობაში, მოგზაურობის დროს (1770-1773 წლები) ჩაუწერია სოფლის სახელი Ертула, რომლისაგანაც მეტათეზისის ანუ ბგერათა ადგილშენაცვლების გზით Ертура მიგვიღია. მაგრამ საკითხავია, რას უნდა ნიშნავდეს თვით ტოპონიმი ერტულა? ვფიქრობთ, იგი დამახინჯებული სახეა იმავე ხეობაში მდებარე ისტორიული სოფლის სახელწოდებისა შერთულა, რომელიც გერმანელ მოგზაურს მცდარი ფორმით (Ертула) ჩაუწერია. ადგილობრივი ტოპონიმების არასწორი ჩაწერის შემთხვევები ი. გიულდენშტედტის მასალაში სხვაც არაერთია: Гриа – ღვრია, Ахмедши – ახმაჯი, Чрасма – ცხრაძმა, Дшедшо – ჯეჯორა და მისთ.


ტოპონიმ შერთულს ვახუშტი სწორედ ამ რეგიონში, პატარა ლიახვით მრწყველ სოფლებში, ძევერასა და ტყვიავს შორის ასახელებს. შერთული ნიშნავს: ორი მდინარის (ხევის) შესართავთან მდებარე სოფელი, იგივე ხერთვისი. უთუოდ მრავლისმთქმელია ის ფაქტი, რომ ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში, როცა სამხრეთ-ოსეთის მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტში შექმნილმა სპეციალურმა „ტერმინოლოგიურმა კომისიამ“ სცადა ტოპონიმ შერთულის გაუქმება, მის ნაცვლად რეკომენდაცია მისცა ოსურ ადაგჯინ- ფორმას, რაც „ხევებიან ადგილს“ ნიშნავს. საბედნიეროდ, ისტორიული შერთული, როგორც სოფლის სახელი, არ დაკარგულა (სოფელია მოსაზღვრე გორის რაიონში). მიზანშეწონილი იქნებოდა, თუკი ხელოვნურად (შეცდომით) შექმნილ ელტურას თავისი ძველისძველი სახელი შერთულა დაუბრუნდებოდა.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები