კანცონა
კანცონა - (იტალ. canzone – სიმღერა), შუა საუკუნის ლირიკული ლექსი რაინდულ სიყვარულზე. თავდაპირველად წარმოიქმნა პროვანსში, შემდეგ გავრცელდა მთელ საფრანგეთსა და იტალიაში (XIII-XVII სს.). კანცონას ფორმა სტროფულია (5-7 სტროფი). მისი კლასიკური ნიმუშები შექმნეს დანტემ და პეტრარკამ. კანცონა თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკასთან. XVI-XVII სს. იტალიაში გაჩნდა საკრავიერი კანცონები. კანცონებს წერდნენ კომპოზიტორები: ა. გაბრიელი, ჯ. ფრესკობალდი, ი. ს. ბახი და სხვ. კანცონას განვითარებამ გამოიწვია საანსამბლო ჟანრის – კონჩერტო გროსოს – წარმოშობა. კლავიშიანი საკრავების კანცონებისგან თანდათანობით შეიქმნა ფუგა, ხოლო თანმხლებიანი სოლო საკრავის კანცონამ განაპირობა სონატის წარმოშობა. XVIII-XIX სს-ში სახელწოდება „კ“ იხმარება ვოკალური და საკრავიერი ლირიკული მუსიკალური პიესების აღსანიშნავად.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")