პაპანწყვილის ტბა
პაპანწყვილის ტბა, (პაპანწყურეს (პაპაშწყურე) ტბა) − მდებარეობს საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეთში, ზღვის დონიდან 65 მეტრზე. იგი კარსტული ტბაა. წყლის ზედაპირის ფართობია 0,62 ჰა, მაქსიმალური სიღრმე კი – 7 მ. ტბა გამდინარეა და საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.
ლეგენდა
პაპანწყურე მეგრულიდან დაახლოებით ასე ითარგმნება – „მღვდელი ჩაძირულა“. ლეგენდის თანახმად, აქ ერთი მღვდელი ცხოვრობდა. მუშები ჰყავდა დაქირავებული და სამუშაოს მერე, საღამოს მათ ძაღლის ხორცი აჭამა. მის ცოლს ჭამის წინ ფანდურზე დაუმღერია მეგრულად: „ხორცი თეში ვაჭკომათი, დუდ დო ბორკი ვაძირათ“, ესე იგი ხორცი ისე არ ჭამოთ, რომ თავფეხი არ ნახოთო. მუშების წასვლის შემდეგ სახლი ამ ცოდვის გამო მღვდლიანად ჩაძირულა და იმ ადგილზე გაჩენილა ტბა. ამდენად „პაპანწყვილი“ მეგრულად „ჩაძირულ მამაოს“ ნიშნავს.
სინამდვილეში ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ ეს წმინდა ტბაა, სადაც ხალხს ნათლავდნენ. იქვე, მაღლა, ურთის მთაზე ჯეგეთას მონასტერია, სწორედ იქაური ბერები ჩამოდიოდნენ ამ წმინდა ტბაზე და ნათლავდნენ ადამიანებს. მისი ნამდვილი ისტორიული სახელია არა „პაპანწყურე“ („მღვდელი ჩაძირულა“), არამედ „პაპაშწყურე“ ანუ „მღვდლის წყარო“.