ჩვეულებრივი ხურმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:56, 20 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი ხურმა - Diospyros lotus L.

ჩვეულებრივი ხურმა - (Diospyros lotus L.); ოჯახი: აბანოზისებრნი (Ebenaceae).

მეგრულად – ხვიმა, ხვიმრა, ხვირმა, ხომა.

25 მ-მდე სიმაღლის ხეებია, ფოთლები რიგ-რიგად არის განთავსებული, დიდი ზომისაა, მოკლეყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებური ან ელიფსური, კიდემთლიანი, კიდეებზე წამწამებით, ფოთლის ფირფიტა ქვედა მხარეზე მოლეგო მწვანეა, მცირედ შებუსული. ყვავილები მოკლეყუნწიანია, მოყვითალო-წითელი ფერის, მარტოული ან ჯგუფად განლაგებული ფოთლის იღლიებში. ყვ. V; ნაყ. IX-X. კახეთში ეს მცენარე კახეთის კავკასიონის ტყის ზოლშია გავრცელებული, მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში. სავარაუდოდ, გაველურებულია. მისი ნახვა შესაძლებელია საქართველოს თითქმის ყველა ხეობაში.

ნაყოფი შეიცავს შაქრებს, ვაშლის მჟავას და ვიტამინებს. მოუმწიფებელი ნაყოფები ტანიდების დიდი რაოდენობის შემცველობის გამო მწკლარტეა და საჭმელად უვარგისი, მაგრამ გვიან შემოდგომაზე, პირველი ყინვების შემდეგ ამ თვისებას კარგავს და საჭმელად სასიამოვნო ხდება. ნოყიერებით არ ჩამოუვარდება ფინიკურ ხურმას. ნაყოფი გამოიყენება აგრეთვე სიროფების, არყისა და ხილფაფას დასამზადებლად. საუკეთესო საძირეს წარმოადგენს იაპონური ხურმისთვის. მერქანი დიდი გამძლეობით ხასიათდება, გამოიყენება სადურგლო და სახარატო საქმეში.

ხალხურ მედიცინაში ნაყოფებს იყენებენ კუჭის სხვადასხვა სახის დაავადებებისას. ნედლი ნაყოფის წვენი, კონსერვირებული სპირტით, რეკომენდირებულია თვალის ფუნქციის ნორმალიზაციისა და ორგანიზმის მდგრადობისათვის ინფექციური დაავადებების მიმართ, ასევე მსუბუქი და საშუალო ფორმის ტირეოტოქსიკოზის სამკურნალოდ. შედედებული წვენი, რომელსაც ღებულობენ ნაყოფების გამოწურვისა და წვენის აორთქლების გზით, იხმარება სისხლნაკლებობის, ძალის დაკარგვის და ჰიპოვიტამინოზის დროს. ნაყოფები არ არის რეკომენდირებული შაქრიანი დიაბეტით დავავადებულთათვის და იმ პირების მიმართ, რომლებსაც აწუხებს ყაბზობა და ბუასილი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები