არაბული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაბული ენა – ჩრდილოარაბული, ცნობილი საკუთრივ არაბული ენების სახელწოდებით. სამხრეთარაბულ და ეთიოპურთან ერთად შეადგენს სემიტურ ენათა სამხრეთ-დასავლურ შტოს. გავრცელებულია დასავლეთ აზიაში, აფრიკის დიდ ნაწილსა და მალტაზე. ადრე გავრცელებული იყო პირენეს ნახევარკუნძულზე, სიცილიაზე, ბალეარის კუნძულებზე, პანტელერიაზე. არაბულად მოსაუბრე მოსახლეობა გვხვდება კვიპროსზე და შუა აზიაში (უზბეკეთი).

სამწერლობო არაბულ ენას დიდი ტრადიცია აქვს. უძველესი არაბული დამოწმებულია ეპიგრაფიკული ძეგლებით (სირია, სამხრეთ პალესტინა, იორდანია, სინას ნახევარკუნძული, ეგვიპტე). მათი დიდი ნაწილი უთარიღოა. ვარაუდობენ, რომ ისინი შექმნილია რამდენიმე საუკუნით ადრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე და მას შემდეგ ცნობილია ნაბატეური ანბანით (არამეული დამწერლობის ერთ-ერთი განშტოება) შესრულებული ძეგლები (ალ-ჰიჯრა, 267, ალ-ნამარა, 328).

არაბული ეპიგრაფიკული ძეგლების რიცხვი მცირეა. ისინი მეტად ღარიბ ინფორმაციას გვაწვდიან. ამ ხარვეზს ავსებს პოეზია, რომლის ნიმუშები ცნობილია V საუკუნიდან. თავდაპირველად ისინი ზეპირი გზით ვრცელდებოდნენ, ხოლო VII საუკუნიდან იწყება მათი ჩაწერა და თავმოყრა დივანებსა და კრებულებში. პოეზიის ენა გამოირჩევა მდიდარი ლექსიკითა და დახვეწილი სტილით. იგი გავრცელებული იყო დიდ ტერიტორიაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მასში არ ჩანს დიალექტური განსხვავებანი, მაშინ როდესაც არაბული სამყაროსათვის მისი ისტორიის მთელ მანძილზე და დღესაც დამახასიათებელია ბილინგვიზმი: საერთო სალიტისტური ენა და ადგილი სასაუბრო დიალექტები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

VII ს-ში (610-32) იქმნება პირეელი სალიტერატურო ძეგლი – საღეთო წიგნი, ყურანი, რომელიც ენობრივად ისლამამდელ პოეზიას უკავშირდება. მისი ძვ. სურები დაწერილია გარითმული პროზით, შემდგომი – ჩვეულებრივი პროზით, ბოლოში კი – თავისუფალი რითმით. ყურანისა და პოეზიის ენა საფუძვლად დაედო სალიტერატურო არაბულს. სალიტერატურო ენა, რომელიც საუკუნეების მანძილზე აერთიანებს მთელ არაბულ სამყაროს, არსებითად არ შეცვლილა (ნაწილობრივ შეიცვალა სინტაქსი და ძირითადად – ლექსიკა).

VII–VIII სს-ში სახალიფოს შექმნასთან დაკავშირებით არაბული ენა გავრცელდა ახლო და შუა აღმოსავლეთში, ფეხი მოიკიდა ჩრდილოეთ აფრიკისა და პირენეს ნახევარკუნძულზე. XVI საუკუნიდან იგი გზას იკვლევს ინდოეთში, ცენტრალურ აფრიკაში, მალაიაში. XIII- XX ს. 30-იან წლებამდე სამწერლობო ენა ჩრდილოეთ კავკასიაში არაბული იყო.

არაბული ენა ფლექსიურ ენათა ტიპს განეკუთვნება. არაბული ფონემური სისტემა ხასიათდება თანხმოვანთა სიმდიდრით (28 თანხმოვანი ფონემა) და ხმოვანთა სისტემის შედარებითი სიღარიბით (მოკლე და გრძელი 6 ხმოვანი ფონემა a, u, i,Aui.JPG); ბრუნვა სამია, სქესი – ორი: მამრობითი და მდედრობითი. წარმოდგენილია სამი რიცხვი: მხოლოობითი, ორობითი და მრავლობითი – წესიერი და მსხერეული: სახელები შეიძლება იყოს განსაზღვრული და განუსაზღვრელი: ზმნის (და ნაზმნარი სახელების) ძირი შედგენილია სამი (იშვიათად, ორი ან ოთხი) თანხმოვნისაგან, რომელთანაც დაკავშირებულია ლექსიკური მნიშვნელობა. რაც შეეხება ძირთა გახმოვანებასა და აფიქსებს, ისინი ასუსტებენ მნიშვნელობას ან გადმოსცემენ გრამატიკულ კატეგორიებს (შდრ.: kataba „წერდა“.kutiba „დაწერილია“,katib, „მწერალი“, kitab „წერილი, წიგნი“ და ა.შ.).

აღსანიშნავია არაბული ენის გავლენა მრავალ ენაზე, როგორიცაა სპარსული, ავღანური, თურქული, ურდული, ბერბერული და სხვ. ნაწილი სიტყვებისა შესულია საერთაშორისო ტერმინოლოგიაში, მაგ.: აზიმუტი, ალკოჰოლი, ალგებრა, ადმირალი და სხვ.

ქართულში არაბული ლექსიკა შემოსულია სხვა გზებითაც: საკმაოდ დიდი ნაწილი გავრცელებულია უშუალო კონტაქტით არაბების ბატონობის დროს, რაც მეტ-ნაკლები სიძლიერით VII ს. შუაწლებიდან XI ს. შუაწლებამდე გრძელდებოდა; გარკვეული ნაწილი არაბული ლექსიკისა შემოსულია სპარსული ენის მეშვეობით; არაბულ-ქართული ენობრივი ურთიერთობისათვის გასათვალისწინებელია აგრეთვე მთარგმნელობითი საქმიანობა, კერძოდ, ქრისტ.-არაბ. ძეგლების თარგმნა ქართულად.

არაბული წარმოშობის სიტყვები დასტურდება ყეელა დონეზე, დაწყებული შორისდებულებით, მაგ.: ბარაქალა (არაბ. ბარაქ – აკურთხა), არიქა (არაბ. ჰარიქა – მოძრაობა, მოქმედება. შდრ.: არაქათი, არაქათწართმეული), მახლას (არაბ. მახლას – ხსნა, გადარჩენა). ნასესხებია მრავალი არსებითი სახელი თუ საწყისი, რომელთაგან ნაწარმოებია ნასახელარი ზმნები, ზედსართავები, მიმღეობები. მაგ.: ფიქრი (არაბ. ფიქარ – იმავე მნიშენელობით) > ფიქრობს, დაფიქრებული, ფიქრიანი, ფიქრმიცემული და სხვ; ხასიათი (არაბ. ხასიათ – დამახასიათებელი თვისება) > ახასიათებს, სახასიათო, ხასიათწამხდარი და ა. შ. გვხედება ქართული ენის საკუთრებად ქცეული, ქართულ ნიადაგზე შექმნილი კომპოზიტები, როგორიცაა მაგ. საღ-სალამათი (არაბ. საჰ – საღი, სწორი და სალამათ – უვნებლობა): ხათაბალა (არაბ. ხატა – შეცდომა, ბალა – უბედურება), დავიდარიბა (არაბ. დავი – ხმაური, დარაბა – ცემა). აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი კომპოზიტები თვით არაბულისთვისაც უცხოა. ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპოზიტის მხოლოდ ერთი ნაწილია არაბული წარმოშობისა: არაქათწართმეული, ალყაშემორტყმული (არაბ. ჰალკა – წრე), მოკლევადიანი (არაბ. ვად – პირობა, დაპირება). დასტურდება აგრეთვე ამავე ტიპის შესიტყვებები, მაგ., აინუნში არ მოსდის (არაბ. აჲნ – თვალი); კარგი დახლი დაუდგა (არაბ. დახლ – შემოსავალი) და ა. შ. მაგრამ ბუნებრივია, რომ ნასესხებ მასალას არავითარი გავლენა არ მოუხდენია ქართული ენის სტრუქტურაზე.

მ. ნედოსპასოვა



ლიტერატურა

  • წერეთელი გ., არაბელ-ქართული ლექსიკონი, თბ., 1951;
  • ლეკიშვილი ა., არაბული ენა, I. ფონეტიკა, სიტყვაწარმოება და მორფოლოგია, თბ., 1977;
  • იოვანე ოქროპირის ცხოვრების ძველი ქართული თარგმანი და მისი თავისებურებანი 968 წლის ხელნაწერის მიხედეით. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკელევა და ლექსიკონი დაურთო რ. გვარამიამ. თბ., 1986.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები